ნიკოლოზ გუგეშაშვილი გამორჩეული ქართველი უკრაინიდან

0
5171

 

ნიკოლოზ გუგეშაშვილი გამორჩეული ქართველია რომელიც რამდენიმე წლის წინ, ბიზნესის წარმოების და გაფართოების თვალსაზრისით უკრაინაში გადავიდა საცხოვრებლად და დღეს საქართველოს სახელს ამ ქვეყანაში ღირსეულად იცავს, მისი ინიციატივით ქართველი და უკრაინელი ხალხის მეგობრობა არაერთი გრანდიოზული და მნიშვნელოვანი პროექტითაც აღინიშნა, ეს მისთვის ისეთივე ბუნებრივ მოვლენად იქცა რომ შეიზლება ითქვას არც კი აღიარებს რომ ამ მხრივ გამორჩეულ საქმეს აკეთებს : ,,მიუხედავად ბევრი სირთულისა, უკრაინა მნიშვნელოვანი რესურსების მქონე უდიდესი ევროპული სახელმწიფოა და იგი ჩემს ინტერესებს ამ დროისთვის შეესაბამება, თუმცა მხოლოდ უკრაინაში საქმიანობით არ ვარ დაკავებული და სხვა ქვეყნებშიც ვცდილობ რეალიზებას. ეს არის ერთი მიმართულება, მეორე კი პირდაპირ დაკავშირებულია ქართულ-უკრაინულ ურთიერთობებთან, რომელსაც საკამოდ დიდ დროს ვუთმობ და სიამოვნებით ჩართული ვარ ორ ხალხს შორის კავშირის განმტკიცების საქმეში” -ამბობს ის. ნიკოლოზ გუგეშაშვლი რომელიც დღეს  უკრაინაში ქართული დიასპორის პრეზიდენტია ჩვენი რუბრიკის სტუმარია.

– მოგესალმებით ნიკოლოზ, მადლობა რომ გამონახე დროს და დაგვთანხმდი გვესაუბრა იმ ყველაფერზე რაც აუცილებლად უნდა იცოდეს ჩვენმა საზოგადოებამ …

მოგესალმებით, მადლობას გიხდით ინტერესის გამოხატვისთვის და მივესალმები თქვენს მრავალრიცხოვან ერთგულ მკითხველს, რომელთა დიდი ნაწილი ჩვენსავით, საკუთარი სამშობლოდან ემიგრაციაში მყოფი ქართველი ხალხია.

-სულ ახლახანს კიევში შეძელით და ჩაატარეთ გრანდიოზული ქართული საღამო როგორ ეს ყველაფერი და რას აპირებთ მომავალ წელს ამ მხრივ?

-მადლობა ასეთი შეფასებისთვის, დიახ, ეს ჩვენი დიასპორული ორგანიზაციის და უშუალოდ ჩემი ინიციატივაა, რომელსაც უკვე ტრადიციულად ვახორციელებთ და მომავალ წელს კიდევ უფრო მასშტაბურად გვაქვს მისი ორგანიზება დაგეგმილი. ნამდვილად არ იყო მარტივი, უკრაინაში, კიევის ცენტრში 2 დღის მანძილზე გაგვემართა ფართომასშტაბური ქართული ღონისძიება თავისი გამოფენებით და მუსიკალური გაფორმებით, მაგრამ როგორც იტყვიან, მთავარია მონდომება და გულწრფელი სურვილები, ჩვენ ეს შევძელით და ეს მე მეამაყება. ათეულობით ათასმა მოქალაქემ საკუთარი თვალით იხილა ქართული შემოქმედება, მუსიკა, სიმღერა, ცეკვები, მინდა გითხრათ, რომ ძალიან უყვარს უკრაინელ ხალხს ყველაფერი ქართული და სიამოვნებით ესწრებიან ხოლმე მსგავს შეხვედრებს, ჩვენ ამ ღონისძიების ფარგლებში ბევრ ქართველ მეწარმეს მივეცით შესაძლებლობა, წარმოედგინათ თავიანთი პროდუქტი და გაეკეთებიათ მისი პრეზენტაცია საჯაროდ. ინტერესები იზრდება, მომავალ წელს კიდევ უფრო მასშტაბურ ღონისძიებას გპირდებით.  ყველაზე მთავარი კი ის იყო, რომ უცხო ქვეყანაში, ჩვენ ამ ფორმით, დედაქალაქის შუა ცენტრში აღვნიშნეთ და ვიზეიმეთ ქართული სახელმწიფოს დამოუკიდებლობის და საქართველო-უკრაინის დიპლომატიური ურთიერთობის 100 წლის იუბილე. ეს უნდა ჩაგვეტარებინა და ჩავატარეთ კიდეც.

 
  სულ ახლახანს მიიღეთ უკრაინის პატრიარქის ჯილოდო  ამ დონის ჯილდო უცხო ქვეყანაში მიიღოს ემიგრანტმა ცოტა არ იყოს იშვიათი მოვლენაა …

ჩემთვის დიდი პატივია, რომ უკრაინის პატრიარქის ჯილდოს ვატარებ, კერძოდ წმინდა ნიკოლოზის სახელობის ორდენს. ეს გადაწყვეტილება თავად უკარინის პატრიარქს ეკუთვნის, რაზეც მადლიერებას გამოვხატავ მის მიმართ, ეს თავის მხრივ დიდი პასუხისმგებლობაა ჩემთვის და მეტი მოტივაცია, მეტი წვლილი შევიტანო ქართულ-უკრაინული ურთიერთობის გარღმავებასა და განმტკიცებაში.

-რას ფიქრობთ ღვაწლმოსილი ემიგრანტების, საქართველოს მხრიდან მათ დასაფასებლად დაწესდეს სპეციალური ჯილდო და წელიწადში ერთხელ მაინც დაჯილდოვდნენ ღირსეული თანამემამულეები?

დიახ, უკეთესი იქნება, თუ ჩვენი სახელმწიფო უფრო ახლო კომუნიკაციაში იქნება საკუთარ ხალხთან და აქტიური ურთიერთობა ექნება წარმატებულ დიასპორელებთანაც. როგორც ვიცი, ყოველწლიურად ტარდება წარმატებული ემიგრანტების დაჯილდოვების ცერემონიალი, თუმცა სიმართლე გითხრათ ვერ გეტყვით ვინ ატარებს, რა კრიტერიუმებზე დაყრდნობით ხდება ამ ადამიანების გამოვლენა, შეფასება და სხვა დეტალები, პირადად ჩემთვის, როგორც დიასპორული ორგანიზაციის ხელმძღვანელისთვის ჯერ არავის არ უკითხავს ვინ შეიძლება დავასახელოთ უკრაინის მასშტაბით წარმატებულ ქართველ ემიგრანტად.  სინამდვილეში ჩვენი ემიგრანტების დიდი ნაწილი და დიასპორის წარმომადგენლები, ხშირად დიდ საქმეს აკეთებენ ჩვენი ქვეყნისთვის და თუ მათ ამისთვის ვეტყვით მადლობას, თუნდაც ჯილდოს სახით, ეს კარგი იქნება, კიდევ უფრო მეტ სტიმულს მივცემთ ადამიანებს, იყვნენ აქტიური საკუთარი სამშობლოს ინტერესების გამოსახატად, მაგრამ მე მჯერა, არცერთი მათგანი ამას არ ელოდება, ყველა აკეთებს ამას გულით და სულით, ჯილდოებისა და მადლობის სიგელების გარეშეც.

როგორ მიგაჩიათ ქართული სათვისტომო ორგანიზაციების მისია რა არის უცხო ქვეყნებში? რა გამოწვევებს ხედავთ თქვენ და რა გსურთ მომავალში გაუკეთოთ თქვენი დიასპორის წევრებს ?

ეს მნიშვნელოვანი საკითხია, ცხადია, უდიდესი როლი აქვს სათვისტომოებს, ზოგადად დიასპორულ ორგანიზაციებს. ჩვენ წარმოვადგენთ ქართველ ხალხს, ქართულ სახელმწიფოს სხვადასხვა ქვეყანაში და ვზრუნავთ ერთმანეთზე, ვცდილობთ სწორედ აქ გამოვავლინოთ ჩვენი გულწრფელი და სახელმწიფოებრივი ხედვები საკუთარი ქვეყნის მიმართ. თუ დიასპორულ ორგანიზაციებთან სახელმწიფოს ექნება მეტი მჭიდრო კომუნიკაცია და ეს არ იქნება ზედაპირული, დარწმუნებული ვარ გაცილებით მეტ შედეგს დავდებთ, ვიდრე ცალკე აღებული საელჩოები, რომელიც უდაოდ მნიშვნელოვან მისიას ასრულებენ, თუმცა ამ მიმართულებითაც სავსებით სამართლიანად აქვს ჩვენს ხალხს პრეტენზიები ბევრ ქვეყანაში მოქმედ საელჩოსთან მიმართებით.

– საქართველოს დიასპორის სტრატეგიაში აღნიშნულია რომ მთავრობის მხრიდან უნდა ხდებოდეს დიასპორული ორგანიზაციების მატერიალურტექნიკური ბაზებით ხელშეწყობა, როგორ ფიქრობთ რამდენად სრულდება ეს მუხლი თუნდაც უკრაინის დიასპორის მაგალითზე და რა უნდა გაკეთდეს მეტი შედეგების მისაღწევად?

პირველ რიგში უნდა მოხდეს დიასპორული ორგანიზაციების გაცნობა და მათთან თანამშრომლობის დაწყება, ამის შემდეგ, თუ დიასპორული ორგანზიაცია ეფექტური საქმიანობისთვის საჭიროებს სამშობლოდან მატერიალურ და ტექნიკურ მხარდაჭრას, სახელმწიფომ უნდა იმოქმედოს სახელმწიფო ინტერესების გათვალისწინებით. მერწმუნეთ, ძალა ნამდვილად ერთობაშია, როგორც ეს ჩვენს სახელმწიფო გერბზეა წარმოდგენილი და თუ სახელმწიფო ინსტიტუციები ითანამშრომლებს დიასპორულ ორგანიზაციებთან, ბევრად უკეთეს შედეგებს მიიღებს ჩვენი ქვეყანა.  მე არასდროს არავინ არ შემიწუხებია იმისთვის, რასაც ვაკეთებ, მე ჩემს გასაკეთებელს ვაკეთებ ჩემი შესაძლებლობებით და ჩემი თანამოაზრეების მხარდაჭერით, ასე ვაპირებ ხვალაც, არავის არ ვთხოვ დამეხმაროს იმისთვის, რომ მე ჩემს საკუთარ სამშობლოს ვემსახურო, თუ იქეთ გაუჩნდებათ სურვილი, მე ვისაუბრებ რა და როგორ არის საჭირო მეტი პოზიტიური შედეგის დასადგომად.

– საქართველოს აღმასრულებელ რგოლში დიასპორის მაკოორდინირებელი ორგანო სამინისტროს სახით არსებობს, როგორ ფიქრობთ რამდენად დამაკმაყოფილებელია არსებული მოდელი და რას შეცვლიდით თქვენ რომ იღებდეთ გადაწყვეტილებას?

– მე ვფიქრობ, რომ დიასპორის სამინისტროს გაუქმება, იმ პირობებში, რომ ქვეყნიდან გასულია 1 700 000 -ზე მეტი თანამემამულე და მათი რიცხვი კვლავ იზრდება, არის დიდი შეცდომა. მესმის, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროში არსებობს დეპარტამენტი, თუმცა ეჭვი მაქვს ერთი დეპარტამენტის შემადგენლობა, მისი რესურსები საკმარისი იყოს ამ საქმისთვის. ახალი პრემიერ-მინისტრი გვყავს, ახალგაზრდა კაცია, მას აქვს შესაძლებლობა და შანსი მეტი ეფექტური და პროდუქტიული ნაბიჯი გადადგას ამ მიმართულებით და თუ იტყვის, რომ ამის სურვილი აქვს, ალბათ ყველა ჩვენგანი დავსხდებით და პირადად გავუზიარებთ საკუთარ აზრს და ხედვებს, თავად უნდა გადაწყვიტოს,  ეს მისი პასუხისმგებლობაა.

 დიასპორის წარმომადგენლებს ირჩევენ ევროპული ქვეყნების,მათ შორის იტალიის , საფრანგეთის, პორტუგალიის , ხორვატიის და ასე შემდგომ პარლამენტებში , როგორ ფიქრობთ საქართველოს პარლამენტში რატომ არ არის დიასპორის წარმოამადგენლები და რა უნდა გაკეთდეს რომ საპარლამენტო პოლიტიკის ფორმატში წარმოდგენილი იყოს ქართული დიასპორა?

საინტერესო საკითხია, მივესალმები ინიციატივას, თუ ჩვენს 1 700 000 -ზე მეტ თანამემამულეს  პარლამენტში ეყოლება წარმომადგენლები, როგორი ფორმით უნდა მოხდეს ეს, კანონმდებლების პრეროგატივაა და შეუძლიათ იხელმძღვანელონ ევროპული პრაქტიკით.

– საქართველოს პოლიტიკური პარტიების აბსოლიტურ უმრავლესობას საკუთარ პროგრამებში დიასპორის და მიგრაციის მიმართებით არაფერი უწერიათ რას უკავშირებთ ამას და რა უნდა გაკეთდეს თავად დიასპორის მხრიდან რომ პოლიტიკურად აქტუალური საკითხი იყოს ქართული დიასპორა და მის წინაშე მდგარი გამოწვევები?

-თავს ვარიდებ ნებისმიერ პოლიტიკურ შეკითხვას, ზოგადად ჩემი საქმე არ არის პოლიტიკა, მე მას შორიდან ვადევნებ თვალს თავისუფალ დროს, თუმცა გეთანხმებით, რომ ჩვენი პოლიტიკური სპექტრი ნაკლებად აქტიურია ამ მიმართულებით, რაც ჩემი შეფასებით შეცდომაა. ვერ გეტყვით, მათი გადასაწყვეტია რაზე გააკეთონ აქცენტი, ერთი კი დანამდვილებით ვიცი, რომ ყველა საინტერესო ინიციატივას მე მხარს დავუჭერ, მნიშვნელობა არ აქვს ვინ არის ინიციატორი, ხელისუფლებაში მყოფი პარტიები თუ ოპოზიცია, ეს არის ის საკითხი, რომელთა ირგვლივ ყველა უნდა იყოს ერთიანი და კონსოლიდირებული, ჩვენისთანა მცირერიცხოვანი ერისთვის ცოტა არ არის 1 700 000 -ზე მეტი ემიგრანტი საზღვარგარეთ.

– და ბოლოს როგორ საქართველოს ისურვებდით და რა მთავარი სათქმელი გაქვთ უცხოეთში მყოფი ქართველებისთვის ?

მეც ისეთი საქართველო მინდა, როგორც თქვენ და თითოეულ პატრიოტ ქართველს. მინდა ჩემი სამშობლოს უმთავრეს გამოწვევად მალე აღარ იყოს ქვეყნის დეოკუპაცია და მინდა დევნილი საზოგადოების სახლებში ღირსეული დაბრუნება, მინდა საქართველოში ვხედავდე სტაბილურობას და წესრიგს, ინსტიტუციების გამართულობას და მის რეფორმირებას, მინდა ვხედავდე მართლმსაჯულების სისტემის რეფორმას, რომელიც აქილევსის ქუსლია ჩვენი ქვეყნისთვის რაც უდიდეს ზიანს აყენებს საინტერესო პერსპექტივების მქონე ჩვენს სამშობლოს და ძალიან მინდა მატების ნაცვლად ყოველწლიურად მცირდებოდეს ჩვენი ემიგრანტების რიცხვი და ჩვენი ხალხი იმედით და რეალური პერსპექტივებით ბრუნდებოდეს სამშობლოში, თქვენ ძალიან კარგად გესმით, რამდენად რთულია ემიგრაციაში ყოფნა, განსაკუთრებით კი იმ ადამიანებისთვის, ვინც იძულებულია წლების მანძილზე უარი თქვას უკან დაბრუნებაზე, რადგან მიმღებ ქვეყანაში უკან დაბრუნება შემდეგ გადაუჭრელ პრობლემად იქცევა ხოლმე.

დიდი მადლობა საინტერესო საუბრისათვის .

ესაუბრა ავთანდილ გიუნაშვილი.