როდის გამოქვეყნდება ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის სიები ცესკოს მიერ

0
1260

როგორც საზოგადოებისთვის არის ცნობილი არჩევნების მეორე ტური 3 705 საარჩევნო უბანზე 28 ნოემბერს ჩატარდება. მათ შორის 55 საარჩევნო უბანი საქართველოს ფარგლებს გარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის იმუშავებს. რაც შეეხება ავღანეთში დისლოცირებულ საქართველოს შეიარაღებულ ნაწილებში მოსამსახურე მოქალაქეებს, მათთვის ავღანეთში საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტური 2 საარჩევნო უბანზე 26 ნოემბერს გაიმართება.

„იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოს ფარგლებს გარეთ ვერ გავრცელდება საქართველოს კანონმდებლობა არჩევნების დღის უქმე დღედ გამოცხადებასთან დაკავშირებით, ცესკომ მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც საზღვარგარეთ მცხოვრებ ჩვენს თანამოქალაქეებს აძლევს მეტ შესაძლებლობას ისარგებლონ საკუთარი კონსტიტუციური უფლებით. კონკრეტულად, ცესკოს გადაწყვეტილებით, საზღვარგარეთ შექმნილი საუბნო საარჩევნო კომისიები იმუშავებენ დამატებითი დროით და ხმის მიცემის პროცედურები გაგრძელდება შესაბამისი ქვეყნის ადგილობრივი დროით არჩევნების დღის 24:00 საათამდე“, – ნათქვამია ცესკოს პრეს-სპიკერის მიერ გაკეთებულ განცხადებაში.

რაც შეეხება ცესკოს მიერ დამტკიცებულ გადაწყვეტილებას მოქალაქეთა საარჩევნო სიებთან დაკავშირებით ის  ცესკოს ვებგვერდზე გამოქვეყნდება არაუგვიანეს 23 ნოემბრისა და ცნობილი მოცემული იქნება  ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა საქართველოში და საქართველოს ყოველ საარჩევნო ოლქში (31-ე მუხლის მე-14 პუნქტის შესაბამისად)