რა ხდება საბერძნეთში თუ იცი? თქვენი ქალები რეებს სჩადიან? – კახი ქენქაძის მონათხრობი

0
18250

ჰარვარდის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი და საქართველოს ყოფილი დესპანი დიდ ბრიტანეთში კახი ქენქაძე აქვეყნებს ნაწყვეტს საკუტარი მოგონებებიდან:

 

მეორე დღეს ტირანას ეუთოს წამომადგენლობის სათავო ოფისის უსაფრთხოების განყოფილებაში დამიბარეს. მისი ხელმძღვანელი ინგლისელი სამხედრო პოლკოვნიკი, სახელად ფილი, იყო. მან ხელი ჩამომართვა და სკამისკენ მიმითითა.

– ბატონო ქენქაძე, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ალბანეთში. ალბათ იცით რა ტიპის ქვეყანაში მოგიწევთ მუშაობა. მე თქვენ ეხლა უსაფრთხოების ინსტრუქციას ჩაგიტარებთ და თხოვნა მექნება, ყველაფერი, რასაც გეტყვით ძალიან კარგად დაიმახსოვროთ და რაც მთავარია ალბანეთში ყოფნის მანძილზე გაითვალისწინოთ.

– კი, რა თქმა უნდა, ვიცი. წამოსვლის წინ ინტერენტში გავეცანი აქ შექმნილ მდგომარეობას მეტ-ნაკლებად.

– ხო, ეგ გასაგებია, მაგრამ ერთია პოლიტიკური სიტუაციის ცოდნა და მეორეა ამგვარი კრიმინალის მქონე ქვეყანაში შეძლო ფიზიკურად თავის გადარჩენა და შინ მშვიდობით დაბრუნება. საქმე ისაა, რომ აქ, ყოველ ფეხის ნაბიჯზე, დაყაჩაღების დიდი ალბათობაა. ამიტომ პირველი პრინციპი, რომელიც ყველაზე კარგად უნდა დაიმახსოვროთ, არის ის, რომ, თუ ასეთ სიტუაციაში მოხვდით და ვინმე იარაღით თავზე დაგადგათ, არ გაუწიოთ არანაირი წინააღმდეგობა. მე ვიცი როგორი ვაჟკაცური კულტურის მქონე ქვეყნიდან ხართ პირადად თქვენ, მაგრამ, დაიმახსოვრეთ, ჩვენ აქ გმირები არ გვჭირდება. ჩვენ პასუხისმგებელი ვართ თქვენს სიცოცხლეზე და მკვდარ ლომებს ცოცხალი ძაღლები გვირჩევნია.

35 წლის ისე გავხდი, ძაღლისთვის არავის შევუდარებივარ. თვალები დავქაჩე. ფილი მიხვდა, რომ მისმა მეტაფორმა მაინც და მაინც ვერ მომხიბლა, გამიღიმა და ინსტრუქტაჟი უფრო არაფორმალური, მეგობრული ტონით განაგრძო.

– ხოდა, თუ გაგაჩერეს და იარაღი დაგადეს, პირველი რაც არ უნდა გააკეთო არის ის, რომ თავმდასხმელს თვალებში არ უნდა შეხედო. ამოიღებ ჯიბიდან თანხას და გაუწვდით, თან განზე გაიხედები, რადგან ისიც ნერვიულობს და თქვენმა მზერამ შეიძლება გააღიზიანოს, დაძაბოს და ან გესროლოთ ანდა თავში რამე ჩაგარტყათ. ამისათვის ჯიბეში ყოველთვის უნდა გედოთ ერთი 50 დოლარიანი კუპიურა. თუ ცარიელ ჯიბეებს აჩვენებთ ეს მას კიდე უფრო გააბრაზებს და საფრთხის ქვეშ დადგებით. და კიდევ ერთი მთავარი მომენტი. თუ რაიმე უკიდურესი სახის აუცილებლობა არაა, არ ჩაიცვათ ძვირფასი კოსტიუმი, პერანგი, ჰალსტუხი და ფეხსაცმელი. ეს თქვენ უპირველს სამიზნედ გაგხდით ყაჩაღებისთვის. ჩაიცვით ძველი ტანსაცმელი, არ გაიპარსოთ წვერი და ეცადეთ რაც შეიძლება ნაკლებ შესამჩნევად გამოიყურებოდეთ.

რომ გითხრათ, რომ ფილის ინსტრუქტაჟმა ჩემში შიში გამოიწვია, მართალი არ ვიქნები. ახალგაზრდობას ერთი თვისება აქვს, შიში არ იცი რა არის. ბოლო 6 წელი უკვე იმდენს ვრისკავდი შეავარდნაძესთან მუშაობით, რომ ფილის მიერ დახატული საფრთხეებისთვის დიდი ყურადღება არ მიმიქცევია.
ინსტრუქტაჟის გავლის შემდეგ სასტუმროში დავბრუნდი. ივლისის თვე იყო, ცხელოდა და გადავწყვიტე აუზზე ჩავსულიყავი. იქ სტამბოლელი ბერძენი ბიზნესმენი, სახელად კოსტა, გავიცანი. მაღალი, ჩაფსკვნილი კაცი იყო როხ-როხა ხმით. ენტონი კვინის გმირს – ბერძენ მაგნატ ონასისს წააგავდა კენედის ქვრივი ჟაკლინი რომ მოიყვანა ცოლად. რომ გაიგო, ქართველი ვიყავი გახალისდა. მთელი დილა არ მომცილებია. ხან რაზე ვისაბრეთ, ხან რაზე. საკმაოდ კარგად იცნობდა საქართველოს და მეც სიამოვნებით შევედი მასთან კონტაქტში. ლანჩის დრო რომ მოახლოვდა, კოსტა მომიტრიალდა და ირონიული ღიმილით მეუბნება:

– კახი, ისე რაღაც მინდა გითხრა. რა არის ეს? რა ხდება? რა გჭირთ ქართველებს ამ ბოლო დროს?

– რას გულისხმობ, კოსტა?

– რას და მე ქართველ ქალების შესახებ ბავშვობაში მხოლოდ კარგი მსმენოდა, რომ მათზე წესიერი ოჯახის ქალები და დედები მსოფლიოში მეორე არსად იყო. ახლა კიდე რა ხდება საბერძნეთში თუ იცი? თქვენი ქალები რეებს სჩადიან? ფულზე იყიდებიან და იმ სახელგანთქმული კდემამოსილების ნიშან-წყალიც არ ეტყობათ.

გული მომივიდა. ჯერ ვიფიქრე, ხოა ახლა ღირსი რომ წიხლი ვკრა და აუზში გადავუძახო მეთქი. მერე, გადავიფიქრე, კოსტას თვალი თვალში გავუყარე და მშვიდად ვუთხარი:

– კოსტა, აბა ერთი კარგად მომისმინე. შენ თუ გაქვს ნანახი იტალიური ნეო რეალიზმის ფილმი შედევრი „ისინი ჯარისკაცებს მიჰყვებოდნენ“ მარი ლაფორეს მონაწილეობით?

– არა, გაკვირვება ჩაუდგა თვალებში კოსტას. ვერ მიხვდა საით მიმყავდა საუბარი.

– და შენ იცი ვინ ვის სად მიჰყვებოდა იმ ფილმის სიუჟეტის მიხედვით?

– არა, ხომ გითხარი არ მაქვს ნანახი და საიდან უნდა ვიცოდე, ხმაში გაღიზიანება დაეტყო ბერძენ მაგნატს. იფიქრა, რომ იტალიური კინოს ისტორიაში ვუწყობდი გამოცდას. მე კი სულ სხვა მაზოლზე ვაპირებდი მისთვის ფეხის დაჭერას. ზოგადად ბერძნები ჭირივით ვერ იტანენ იტალიელებს. ძალიან მძიმედ ახსოვთ იტალიის მიერ საბერძნეთის ოკუპაციის წლები მეორე მსოფლიო ომის დროს.

– ხოდა, ჩემო კოსტა, გირჩევ ნახო ეგ ფილმი და ბევრს რამეს გაიგებ. მეორე მსოფლიოს ომის დროს იტალიელების მიერ თქვენი ოკუპაციის შესახებაა გადაღებული. საბერძნეთში იმ წლებში ისეთი შიმშილი იყო, რომ ბერძენი ქალები ერთი თავი პურის გულისთვის იტალიელ ოკუპანტებს ფრონტის ხაზზე გაყოლაზე და იქ იტალიელ ჯარისკაცების სექსუალურ მომსახურებაზე თანხმდებოდნენ. საბერძნეთის სოფლებიდან სატვირთო მანქანებით გაჰყავდათ თქვენი ქალბატონები და სწორედ ერთი ასეთი ქალებით სავსე სატვირთო ავტომანქანის ისტორიაზეა გადაღებული ეს ფილმი. როგორ ფიქრობ, მე რა აზრის უნდა ვიყო ეხლა თქვენს ნაციაზე? დავიჯერო, მასობრივი პროსტიტუციის ქვეყანაა საბერძნეთი?

კოსტა გაშავდა. გაიფუყა. რაღაცის თქმა უნდოდა, მაგრამ გადაიფიქრა. მერე შეტრიალდა და უსიტყვოდ გაუჩინარდა.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge