ვიზალიბერალიზაცია ერთადერთი სწორი გადაწყვეტილებაა – დირკ ვიზე

0
810

„ვიზალიბერალიზაცია გადახედვას არ ექვემდებარება, ის ერთადერთი სწორი გადაწყვეტილებაა, – განაცხადა გერმანიის მთავრობის კოორდინატორმა რუსეთის, ცენტრალური აზიისა და „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ქვეყნების საკითხებში, ბუნდესტაგის წევრმა დირკ ვიზემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „კვირის ინტერვიუ“ სტუმრობისას. „შემიძლია გითხრათ, როგორც გერმანიის ბუნდესტაგის წევრმა, როგორც ფედერალური მთავრობის წარმომადგენელმა. ბოროტად გამოყენების არაერთი ფაქტის მიუხედავად, ეს არის სწორი და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება.

ჩვენ ვაგრძელებთ თანამშრომლობას საქართველოს მთავრობასთან და სხვადასხვა კომპეტენტურ სტრუქტურასთან“, – განაცხადა ვიზემ. ეს განცხადება დირკ ვიზემ მაშინ გააკეთა, როცა გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა. გერმანიაში ქართული კრიმინალის გაზრდის და სიდუხჭირეს გაქცეული, თავშესაფრის მაძიებელი მოქალაქეების გამო, შესაძლებელია თუ არა საქართველოსთვის ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლის შეჩერება და რა დავალება უნდა შეასრულოს საქართველომ ვიზალიბერალიზაციის შესანარჩუნებლად. დირკ ვიზეს განცხადებით, ვიზალიბერალიზაცია ძალიან მნიშვნელოვანია, სწორი გადაწყვეტილებაა და ეს არის ევროკავშირისა და საქართველოს მთავრობის ერთობლივი მოქმედებების შედეგი.

„ვიზალიბერალიზაციის ამოქმედების შემდეგ, ძალიან მალე, გერმანიაში მისი ბოროტად გამოყენების ფაქტებს ჰქონდა ადგილი და ამან გარკვეულ დონეს მიაღწია. შემდეგ, ქართულმა და გერმანულმა მხარეებმა მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდომა გადაწყვიტეს და აღმოფხვრის შესაძლებლობებზე ისაუბრეს“, – განაცხადა დირკ ვიზემ. როგორც გერმანიის მთავრობის კოორდინატორმა აღნიშნა, გერმანია ზრუნავს, რომ საქართველო უსაფრთხო ქვეყნად გადაიქცეს. „გერმანიაში ეს არის ტექნიკური საკითხი. ჩვენ ამას აქტიურად ვუჭერთ მხარს, რადგან ეს იქნება ადმინისტრაციული გამარტივება, შემსუბუქება“, – განაცხადა დირკ ვიზემ.

 

ავტორი ჟანა მეგრელიშვილი