კრებული “ROMA E I GEORGIANI”

0
1214

2017 წლის 30 ნოემბერს წმინდა საყდართან საქართველოს საელჩომ საზოგადოებას წარუდგინა წიგნი, რომელიც წმინდა საყდარსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების 25 წელს მიეძღვნა. სტატიების კრებული გამოიცა იტალიურ ენაზე, რომში.

იხილეთ წიგნის წინათქმა და შესავალი ქართულ ენაზე:

წინათქმა

კრებული “რომი და ქართველები” ეძღვნება წმინდა საყდრისა და საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობის 25 წელს.

კრებულში წარმოდგენილი მასალა ნათელს ჰფენს რომსა და ქართველებს შორის ურთიერთობის ხანგრძლივ, თუმცა არაერთგვაროვანსა და არათანმიმდევრულ ისტორიას, სულ ცოტა ძველი წელთაღრიცხვის მეორე საუკუნიდან დღემდე.

ქართველური წარმოშობის ეთნოსებმა სახელმწიფოებრიობის გრძელი გზა გაიარეს :  ცალკეული სამეფოებიდან გაერთიანებულ საქართველომდე, შემდეგ კვლავ  სამეფოებად დანაწევრებული, შემდეგ ანექსირებული იმპერიისა თუ წითელი არმიის მიერ, ამ ორ უკანასკნელ ანექსიებს შორის მოკლე ვადით რესპუბლიკად გამოცხადებული, და ბოლოს დამოუკიდებლობა მოპოვებული 1991 წელს.

ისტორიულად რომი ქართველი ხალხის ჰორიზონტზე სხვადასხვა კუთხით გამოჩნდება. კრებული მოიცავს რომსა და ქართველ ხალხს შორის მრავალსაუკუნოვანი ურთიერთობის ამსახველ ფრაგმენტებს, რომლებიც რომის უნიკალურ ისტორიას ორ ჭრილში განიხილავს: რომის იმპერია და რომის კათედრა, როგორც დასავლური ცივილიზაციის რელიგიურ-კულტურული შემაკავშირებელი. კრებულის მიზანია, ფართო საზოგადოებასთან მიიტანოს ცალკეული თემები, რომლებიც რომის იმპერიასა თუ რომის კათედრასა და ქართველებს შორის ურთიერთობაში საუკუნეების მანძილზე გამოიკვეთა.

ეს კრებული კიდევ ერთხელ ადასტურებს ისტორიულ მეცნიერებათა მნიშვნელობას თანამედროვე პროცესების გააზრებაში. ზოგადი მოდელი, თუ როგორ მოქმედებენ ექსპანსიის გამტარებლები და მათი მსხვერპლები, უცვლელია. ის ხრიკები, რომელსაც დამპყრობლები დაპყრობილის იდენტობის წაშლის მიზნით იყენებენ, როგორც ჩანს, შეუცვლელია მანამდე, ვიდრე კაცობრიობა თავად არ იტყვის უარს მცირეთა და სუსტთა დაპყრობა-დაჩაგვრაზე.

კრებულში წარმოდგენილი ავტორები სოციალურ მეცნიერებათა სხვადასხვა დარგის მეცნიერები არიან. ავტორთა უმეტესობა, ორიოდე გამონაკლისის გარდა, საქართველოში მოღვაწეობს. კრებულში წარმოდგენილ მასალას არ გააჩნია სამეცნიერო ლიტერატურაში ‘ახალი სიტყვის’  პრეტენზია. ავტორებმა მასალა სპეციალურად ამ კრებულისთვის მოამზადეს იმ ნაშრომების მიხედვით, რომლითაც მათ იცნობს ქართული თუ ევროპული სამეცნიერო საზოგადოება.

სხვადასხვა დროისა და კულტურული ფენოტიპის ამსახველი მასალის მეთოდოლოგიური ერთგვაროვნებით გამართვა, ცხადია, კრებულის ყველაზე დიდი გამოწვევაა, რაც მხოლოდ რედაქტორის პასუხისმგებლობაა და შენიშვნები, ამ მხრივ, ავტორებზე არ ვრცელდება.

კრებული განსაზღვრულია მათთვის, ვისაც საქართველო-იტალიის, საქართველოსა და რომის კათედრის ურთიერთობები დააინტერესებს. მისი სამეცნიერო-პოპულარული თუ საგანმანათლებლო დატვირთვა დააკმაყოფილებს მათ, ვინც ამ ურთიერთობებით დაინტერესებულია და უფრო მეტის გაგება სურს, ვიდრე ტურისტულმა გზამკვლევმა შეიძლება ამცნოს. აგრეთვე, როგორც კრებულის რედაქტორი, თავს უფლებას ვაძლევ, მკითხველი დავარწმუნო სტატიების აკადემიურ სანდოობაში იმ მასალისა და მეთოდოლოგიური საფუძვლის გათვალისწინებით, რომელიც სხვადასხვა  თაობისა და განათლების მეცნიერებს შეიძლება ჰქონდეთ საქართველოსა და ევროპაში.

აქ წარმოდგენილი მასალა იხილავს რომის იმპერიის გავლენებსა და კვალს ქართველების ისტორიაში. საქართველოს ტერიტორიაზე მოპოვებული არქეოლოგიური მასალა მოწმობს რომაული პროდუქციის იმპორტს ძვ. წ.-ის მეორე საუკუნიდან (თემურ ბიბილური), რომაული მონეტების გავრცელებას საქართველოს ტერიტორიაზე ძვ. წ.-ის მეორე საუკუნიდან (თედო დუნდუა), რომაელი იმპერატორების ექსპანსიას კავკასიაში, აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოში (გრანი ქავთარია), ქართველების არსებობას რომაულ კარტოგრაფიაში (პატრიცია ლიჩინი), რომის იმპერიული იდეის მიბაძვის მცდელობას შუასაუკუნეების საქართველოში (ბეჟან ჯავახია). კრებულში წარმოდგენილ სტატიებში, ასევე, განხილულია ქრისტიანულ რომთან ქართველების ურთიერთობის მაგალითები, როგორიცაა მომლოცველობა (ეკა ჭყოიძე), ქართველებისა და რომაელი ბერების ურთიერთობა ათონის მთაზე (მიშელ ვან პარესი), რომიდან მოსული მისიონერების საქმიანობა აღმოსავლეთსა და დასავლეთ საქართველოში (გაგა შურღაია), ქართველი მონარქებისა და დიდებულების მიმოწერა რომის კათედრასთან (ზურაბ კიკნაძე), რომაელი პატრიცია პიეტრო დელა ვალე (მურმან პაპაშვილი), რუსეთის ანექსიის პირობებში კათოლიკეთა დევნა, მეფის რუსეთის უმართებულო საეკლესიო პოლიტიკა და მასთან ბრძოლა (ნინო დობორჯგინიძე, მერაბ ღაღანიძე), კათოლიკე ეკლესია საბჭოთა კავშირის პირობებში (ნუგზარ ბარდაველიძე). კრებულს წინ უძღვის საქართველოსა და წმინდა საყდარს შორის არსებული ორმხრივი ურთიერთობების მიმოხილვა.

კრებული ერთგვარი ხიდია რომის ‘მარადიულობასა’ და ქართველების ‘მარდიულობას’ შორის. ქალაქ რომის მარადიულობა, უტყუარი ფაქტია, რომი დღემდე რჩება განუმეორებელ და ულამაზეს ქალაქად. ქართველების ‘მარადიულობა’ იმითაა აღსანიშნავი, რომ ამდენი საუკუნის მანძილზე ინარჩუნებენ სიცოცხლის მუხტს, მიუხედავად იმ სირთუელეებისა, რაც მათ, შინ თუ გარეთ, არასდროს მოკლებიათ.

კრებულის იდეა მერაბ ღაღანიძესა და გაგა შურღაიასთან საუბრებმა მოიტანა, 2015 წლის 23 ნოემბერს, რომში, პაპის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტში გამართული კონფერენციის შემდეგ, რომელიც ქართველ კათოლიკე მღვდელსა და მოღვაწეს პეტრე ხარისჭირაშვილს მიეძღვნა. ორივე თანარედაქტორად მყავს მოაზრებული, კრებული ვერ შეიკვრებოდა და ვერ გამოიცემოდა მათი უანგარო დახმარების გარეშე, ამიტომ  მათ უდიდეს მადლობას ვუხდი თანადგომისა და რჩევისთვის.

კრებულის გამოსაცემად მომზადებაში უდიდესი წვლილი მიუძღვით ქართულიდან იტალიურ ენაზე მთრგმნელებს ქეთევან ანდღულაძესა და რუსუდან ჟოჟოლიანს, რომელთაც ერთი მშობლიური ენიდან მეორე ‘მშობლიურ’ ენაზე თარგმნის საოცარი ნიჭი გამოვლინეს. დიდი მადლობა ქეთევანსა და რუსუდანს.

რედაქტორის მადლობა ეკუთვნის კიდევ იმ ადამიანებს, რომლებმაც საკუთარი დრო და ენერგია არ დაიშურეს, რათა  სხვადასხვა სახის დახმარება გაეწიათ ამ კრებულის შექმნისთვის. განსაკუთრებით მსურს აღვნიშნო დარეჯან კიკოლიაშვილის თანადგომა და მადლობა ვუთხრა მას.

წმინდა საყდართან საქართველოს საელჩოს თანამშრომლები, რასაკვირველია, აქტიურად იყვნენ ჩართულები კრებულის გამოცემის პროცესში. მადლობა საელჩოს მრჩეველს, ირაკლი ვეკუას და რეფერენტს, ირინა სანაშვილს.

ყველაზე დიდი მადლობა კი ავტორებს, რომელთა მონდომების გარეშე ეს კრებული ვერ შეიქმნებოდა.

საქართველო და წმინდა საყდარიორმხრივი ურთიერთობები

25 წელია, რაც საქართველოს სახელმწიფოსა და წმინდა საყდარს შორის დიპლომატიური ურთიერთობა არსებობს. ეს ფაქტი ბევრის მთქმელია. საქართველო, ტრადიციულად მართლმადიდებელი ქვეყანა[1], დამოუკიდებელ დემოკრატიულ რესპუბლიკად გამოცხადებიდან სულ მალე, დიპლომატიურ კავშირს ამყარებს წმინდა საყდართან, კათოლიკე ქრისტიანების მრავალრიცხოვანი მრევლის გამაერთიანებელ სახელმწიფოსთან, რომელიც საერთაშორისო თანამეგობრობაში თავის სახელმწიფოებრივ პასუხისმგებლობას აცნობიერებს როგორც ადამიანის ღირსებისა და რელიგიური  თავისუფლების დამცველი.

წმინდა საყდარი – რომის კათედრა – ქრისტიანობის დასავლურ ტრადიციაზეა აღმოცენებული და ევროპული ცივილიზაციის იმ ფასეულობების გამზიარებელია, 60 წლის წინ ერთიანი ევროპის იდეას რომ დაედო საფუძვლად. ამდენად, საქართველოს ახლადშობილი რესპუბლიკისთვის წმინდა საყდართან პარტნიორობა თავიდანვე მნიშვნელოვანი იყო.

შინაარსობრივად, წმინდა საყდრის ქრისტიანული არსი, ამ სახელმწიფოს განსაკუთრებულ, შეიძლება ითქვას, განუმეორებელ ადგილს მიუჩენს საერთაშორისო თანამეგობრობაში. მიუხედავად თავისი სპეციფიკისა, წმინდა საყდარს სრულფასოვანი დიპლომატიური ურთიერთობები აკავშირებს მსოფლიოს 184 სახელმწიფოსთან.  დღეისათვის წმიდა საყდართან აკრედიტებული 88 მისიაა რეზიდენციით რომში, მაგრამ ეს რიცხვი ყოველწლიურად იზრდება. ცხადია, რომ ადამიანის ღირსეული ცხოვრების უფლების დაცვა წმინდა საყდარს სასურველ მეგობარ სახელმწიფოდ მოიაზრებს მათთვის, ვისთვისაც ადამიანის სიცოცხლე და მისი სრულფასოვანი განვითარება სახელმწიფოებრივად ფასეულია.

როგორ მოიაზრებს წმინდა საყდარი დიპლომატიის საშუალებით ადამიანის ღირსებისა და თავისუფლების დაცვას და რატომაა ეს მნიშვნელოვანი საქართველოსთვის?

მისი უწმინდესობა ფრანცისკე, წინამორბედების მსგავსად, წმინდა საყდრის მთავარ გზავნილად მშვიდობას ასახელებს. მშვიდობა, ურთიერთპატივისცემა, ურთიერთსიყვარული, როგორც ინდივიდებს, ასევე ქვეყნებს შორის, ქრისტიანული აღმსარებლობის ნებისმიერ კონტექსტში, ქრისტიანული მოძღვრების საფუძველში დევს. თუმცა, დედამიწის მოსახლეობა „მშვიდობის“ სახელით ჩადენილი უსამართლობის მოწმეც ბევრჯერ გამხდარა. ამიტომაც, წმინდა საყდრის პოზიცია მსოფლიოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით საინტერესო და ყურადსაღებია, მიუხედავად გამოხატვის ფრთხილი და მოზომილი ფორმისა, რაც იმით აიხსნება, რომ წმინდა საყდრისთვის ამოსავალია დედამიწაზე ყოველი ადამიანის მშვიდობიანი და ღირსეული ცხოვრება.

დიპლომატიურ კორპუსთან ტრადიციულ შეხვედრაზე 2017 წლის დასაწყისში, პაპმა ფრანცისკემ თქვა: «მშვიდობა ნიჭი, გამოწვევა და ვალდებულებაა. ნიჭია, რადგან უშუალოდ ღვთის გულიდან მოედინება; გამოწვევაა, რადგან იმგვარი სიკეთეა, უპირობოდ რომ ვერ მიიღებ, მუდმივი მოპოვების საგანია; ვალდებულებაა, რადგან მის მოსაპოვებლად და ასაშენებლად ყველა კეთილგანწყობილ ადამიანს დიდი ძალისხმევა მოეთხოვება. ჭეშმარიტი მშვიდობა მხოლოდ იმ ხედვაზეა აღმოცენებული, რომლის მიხედვით საკუთარი ტრანსენდენტური ღირსებისთვის პატივის მიმგები ადამიანები ხელს უწყობენ ინტეგრირებულ განვითარებას.” [2]

წმინდა საყდარი საკუთარი მაგალითით, იმ საკითხებზე ყურადღების გამახვილებით, რაც სამშვიდობო პოლიტიკისთვის აუცილებელია, ამოწმებს, რომ შეუძლებელია მშვიდობაზე საუბარი სამყაროს დღევანდელი გამოწვევების მიმართ ერთიანი ხედვის გარეშე. დღეს, წმინდა საყდარი,  ჩვენი პლანეტის დამცველთა ავანგარდშია. კლიმატური ცვლილებების, მიგრაციის, ადამიანის ტრეფიკინგის პრობლემების გაუთვალისწინებლად შეუძლებელია სამშვიდობო პოლიტიკის განხორციელება, ამბობს პაპი.

დღევანდელი გამოწვევების ურთიერთკავშირისა და პლანეტის გადარჩენისთვის ძალების გაერთიანებისკენ მიმართული წმინდა საყდრის გზავნილები უყურადღებოდ არ დარჩენილა: „კლიმატისტებსა“ და “ანტიკლიმატისტებს“ შორის დაპირისპირებას წმინდა საყდრის დღევანდელმა პოზიციამ კიდევ ერთხელ მისცა გამოვლენის საშუალება. თუმცა, ამ დაპირისპირებაში, ხშირად,  ასახული არაა ის მთავარი გამაერთიანებელი ხაზი, რომელიც წმინდა საყდრის პოზიციას განსაკუთრებულ ადგილს მიუჩენს – ღვთის მიერ ადამიანისთვის მინიჭებული უპირატესობა, რომლის თანახმად, ღვთის ხატად და მსგავსად შექმნილი ადამიანი გარემოს არა მხოლოდ მომხმარებელი.  არამედ  მასზე პასუხისმგებელიცაა.

აქვე, ალბათ, უნდა აღინიშნოს წმიდა საყდრისთვის ის მნიშვნელოვანი გარემოებაც, რომ ქრისტეს მიერ „დატოვებული“ მშვიდობა (იოანე 14:27) არ შეიძლება გაიგივდეს ნებისმიერი მოტივით განხორციელებულ „სამშვიდობო პოლიტიკასთან“.  „მიეცით ღვთისა ღმერთს და კეისრისა კეისარს“ (მარკოზ 12:17) – ამ მრავალგზის ციტირებული სახარებისეული მოწოდების ერთ-ერთი ინტერპრეტაცია ისიცაა, რომ ღმერთის მიერ შექმნილი არსებითად განსხვავდება შემქნელისგან, თუმცა შექმნილისთვის ორიენტირია ღვთის სიტყვა და ქრისტესთან მსგავსებისკენ ლტოლვა.

ყოველივე ზემოთქმული იმას ემსახურება, რომ გამოიკვეთოს წმინდა საყდრის საერთაშორისო თანამეგობრობაში ჩართულობის სპეციფიკა, რაც დედამიწის მოსახლეობის უმეტესობისთვის გარკვეულწილად მნიშვნელოვანია. ყოველ შემთხვევაში, ვერცერთი სახელმწიფო სამდივნო ვერ „დაიკვეხნის“ სახელმწიფოსა და მთავრობის მეთაურების, მონარქებისა და მსხვილი კორპორაციების ხელმძღვანელების იმდენი ოფიციალური ვიზიტით, რაც აქ ხორციელდება. იმედი ვიქონიოთ, რომ ოფიციალური სტუმრები წმინდა საყდრის გზავნილებს არა მხოლოდ ისმენენ, არამედ შეისმენენ კიდეც, ნაწილობრივ მაინც.

აი, ის ძირითადი ხაზი, რომელიც წმინდა საყდართან დიპლომატიურ ურთიერთობას საინტერესოს ხდის ქართველი ხალხისთვის, უძველესი ქრისტიანული სახელმწიფოებრივი ტრადიციისა და შედარებით ახალგაზრდა დემოკრატიული რესპუბლიკის ფონზე. (ამ მხრივ, 1918-1921 წლების გამოცდილებაც გასათვალისწინებელია, როდესაც საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაზე  ვსაუბრობთ. იხილეთ შესაბამისი ინფორმაცია კრებულში.)

წმინდა საყდარს თავადაც, როგორც ნებისმიერ სახელმწიფოს, თავისი გამოწვევები აქვს, როგორიცაა, მაგალითად დემარკაციის ხაზების გავლება პოლიტიკურ, სოციალურ და პასტორალურ მიმართულებებს შორის. მიუხედავად ამისა, წმინდა საყდრის დიპლომატია, ხშირად, წარმატებით ართმევს თავს რთულ გამოწვევებს.

ცოტაოდენი ისტორიიდან

ისტორიულად პაპის წარგზავნილები ევროპის მონარქებთან და დიდებულებთან მეთერთმეტე საუკუნიდან არსებობდენ, მაგრამ ელჩებად არ მოიაზრებოდნენ. დიპლომატიური წარმომადგენლების გაცვლა პაპსა და ქვეყნებს  შორის სისტემურ ხასიათს იღებს მეთხუთმეტე საუკუნიდან.

საქართველოს რომის კათედრასთან ურთიერთობის თვალსაზრისით დღესაც აქტუალურია მღვდელ მიქელ თამარაშვილის მიერ გამოცემული „ისტორია კათოლიკობისა ქართველთა შორის, ნამდვილის საბუთების შემოტანითა და განმარტებით, XIII საუკუნიდგან ვიდრე XX საუკუნემდე’, ტფილისი, 1902“.   წინასიტყვაობაში ავტორი ორ მნიშვნელოვან გარემოებაზე ამახვილებს ყურადღებას, ქართველთა შორის კათოლიკეთა არსებობის ეჭვის ქვეშ დაყენებასა (კერძოდ, XIX საუკუნეში) და ქართველი კათოლიკეების შესახებ მოპოვებული მასალის სიმწირეზე. პირველ საკითხთან დაკავშირებით მიქაელ თამარაშვილი აქვეყნებს ქართველ მეფეთა და რომის კათედრას შორის მიმოწერის ტექსტებს (ცხადია, 1801 წელს რუსეთის მიერ ქართლ-კახეთის სამეფოს ანექსიამდე. იხილეთ ზურაბ კიკნაძის, გაგა შურღაიას სტატიები), რომლებიც, იმდროინდელი ისტორიული სინამდვილის გათვალისწინებით, ცხოველ ურთიერთობას ასახავს. ხოლო საქართველოში კათოლიკეთა ეთნიკური წარმოშობის საკითხმა მძაფრი ხასიათი მიიღო რუსეთის იმპერიის მიერ საქართველოს ანექსიის (1801 წლიდან) პირობებში (იხილეთ ნინო დობორჯგინიძისა და მერაბ ღაღანიძის სტატიები).

რაც შეეხება მიქელ თამარაშვილის გულისტკივილს ისტორიული  დოკუმენტების სიმწირის გამო, სავსებით შესაძლებელია, რომ დროთა განმავლობაში ვატიკანის არქივებში მუშაობით ახალი მასალა გამოვლინდეს, როგორც ეს უკვე მოხდა რამდენიმე წლის წინ (იხილეთ ნინო დობორჯგინიძის სტატია, სქოლიო 4).[3]

1054 წლის 16 ივლისს უკვე გარდაცვლილი პაპის ლეონ მეცხრის (1049-1054 წლის 19 აპრილი) ლეგატმა კარდინალმა ჰუმბერტმა (გარდ. 1061წ.), კონსტანტინოპოლის პატრიარქ მიხაილ I კერულარიოსთან  (1043-1059) პირადი უთანხმოებით ინსპირირებული გაყოფის ბულა დატოვა წმინდა სოფიის ტაძარში, თუმცა ამ გაყოფის რეცეფციას აღმოსავლეთში გარკვეული დრო დასჭირდა.[4] რეცეფციის პროცესი იმდენად გაგრძელდა, რომ მეთორმეტე და, ნაწილობრივ, მეცამეტე საუკუნეების საქართველოს სიგელ-გურჯებში რომის კათედრა ჩვეულებრივი პენტარქიის ფარგლებშია მოხსენიებული.[5] რუსუდან დედოფლის (გარდ. 1245 წ.) წერილის პასუხად, სადაც ქართველთა მონარქი კათოლიკე ეკლესიის „ურჯულო თათრებისგან“ დაცვას ითხოვს,  პაპი გრიგოლ IX (გარდ. 1241 წ.), რომელმაც  „მწვალებელთა“ წინაამდეგ „ინკვიზიციის“ დეკრეტი გამოსცა, მკაფიოდ აყალიბებს თავის პოზიციას რომის კათედრის პირველობასთან დაკავშირებით და ნათლად მოითხოვს ქართველებისგან «ქრისტეს მონაცვლე და წმინდა პეტრეს მოსაყდრე» რომის პაპის როგორც მამისა და მწყემსის აღიარებას, ხოლო დახმარებას ვერ აღუთქვამს მიუხედავად იმისა, რომ ქართველი ჯვაროსნები წმინდა ადგილების გამოსახსნელად სხვებთან ერთად იბრძვიან.

საინტერესო იქნება იმის დადგენა, თუ რა მოტივით ხდება მეთორმეტე-მეცამეტე საუკუნეებში ეკლესიის „კათოლიკეობის“ ხაზგასმა, რაც ქართველ მეფეებსა და რომის კათედრას შორის გაცვლილ კორესპონდენციაში დასტურდება. იყო ეს მცდელობა, რომ მრწამსის მუხლი – «ერთი, წმინდა, კათოლიკე და სამოციქულო ეკლესია»  – ქართველებს დიპლომატიურად გამოეყენებინათ, რათა „გაყრილობა“ არ ეღიარებინათ? თუ „გაყრილობის“ აღიარებისათვის, როგორც თამარაშვილი ფიქრობს, საკმარისი არგუმენტი არ არსებობდა და ამდენად დასავლეთისა და აღმოსავლეთის ეკლესიების “გაყრილობის“ თემა მხოლოდ პოლიტიკური ხასიათისა იყო? შესაძლოა, ორივე ერთდროულად. (ამავე საკითზე იხილეთ ზურაბ კიკნაძისა და მერაბ ღაღანიძის სტატიები)

მიქელ თამარაშვილის წიგნში «ისტორია კათოლიკობისა ქართველთა შორის» განხილულია ქართველ მეფეებსა, თუ დიდებულებს და პაპებს შორის მიმოწერა მეცამეტე-მეთვრამეტე საუკუნეებში. საქართველოდან გაგზავნილი წერილების ადრესატები თუ რესპონდენტები იყვნენ შემდეგი პაპები: ონორე მესამე (1216-1227), გრიგოლ მეცხრე (1227-1241), ინოჩენტე მეოთხე (1243-1254), ალექსანდრე მეოთხე (1254-1261), ნიკოლოზ მეოთხე (1288-1292), იოანე ოცდამეორე (1316-1334), კლემენტე მეექვსე (1342-1352), ინოჩენტე მეექვსე (1352-1362), ურბანო მეექვსე (1378-1389), მარტინე მეხუთე (1417-1431), კალიქსტე მესამე (1455-1458), პიუს მეორე (1458-1464), ალექსანდრე მეექვსე (1492-1503), პავლე მესამე (1534-1549), გრიგოლ მეთხუთმეტე (1621-1623), ურბანო მერვე (1623-1644), კლემენტი მეთერტმეტე (1700-1721), ბენედიქტე მეთოთხმეტე (1740-1758), კლემენტე მეცამეტე (1758-1769).

ქართულ-რომაულ დიპლომატიურ ურთიერთობებზე დღეისთვის მოპოვებული წყაროებისა, თუ კვლევითი მასალის საფუძველზე, განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს ცნობილი ქართველი მწერლისა და მწიგნობრის სულხან საბა ორბელიანის პიროვნება (1658-1725). ქართველებისთვის სულხან საბა ერთ-ერთი ყველაზე ძვირფასი მოღვაწეა. მან შეადგინა ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონი, რომელიც დღესაც სანიმუშოა როგორც სხარტი, ზუსტი და მოქნილი განმარტებების ნუსხა. მას ეკუთვნის კლასიკურ თარგზე მოჭრილი იგავ-არაკების კრებული „სიბრძნე^სიცრუისა.“.

ნიჭითა და განათლებით გამორჩეული მწერალი დიპლომატიური მისიით იქნა გაგზავნილი ევროპაში: იგი სტუმრობდა საფრანგეთის მეფე ლუდოვიკო მეთოთხმეტეს (გარდ. 1715) და რომის პაპ კლემენტი მეთერთმეტეს (1700-1721). თავის მოგზაურობას (1714-1715) სულხან საბა ორბელიანი პირად დღიურში აღწერდა, სადაც მოხსენიებულია ყველა მნიშვნელოვანი პოლიტიკური და რელიგიური ფიგურა, ვისაც იგი შეხვდა, რათა თავისი ქვეყნის გასაჭირი ემცნო და დახმარება მოეძია. იქვე არაერთგზისაა გამოხატული აღფრთოვანება ევროპის ქალაქებისა და ტაძრების სილამაზის თაობაზე. საინტერესოა, რომ მოწიფულ ასაკში სულხან საბამ კათოლიკობა მიიღო, სავარაუდოდ, ევროპაში მოგზაურობის დროს. უნდა ითქვას, რომ მისმა დიპლომატიურმა სვლებმა შედეგი ვერ გამოიღო.

სულხან საბას ევროპაში დიპლომატიური მისია, რომის პაპთან და სხვა კათოლიკე იერარქებთან შეხვედრა საქართველოს ისტორიის მნიშვნელოვანი ფურცელია, რომელიც ისევე, როგორც ვატიკანის არქივებში დაცული ინფორმაცია რომიდან საქართველოში გაგზავნილი პადრეებისა და ეპისკოპოსების შესახებ, ან პაპების და ქართველი მონარქებისა თუ დიდებულების მიმოწერა, კომპლექსურ შესწავლას მოელის. ახალი დოკუმენტების მოძიების გარდა, ძველებიც თავიდანაა წასაკითხი და გასააზრებელი ყველა სხვა ისტორიულ მონაცემებთან მიმართებაში. სავარაუდოა, რომ მსგავსო კომპლექსური კვლევა ბევრ რამეს შეცვლის რომსა თუ საზოგადოდ ქართველთა ევროპასთან მიმართების ისტორიაში. ეს ახლო მომავლის საქმეა.

უკანასკნელი 25 წელირომი თბილისში

წმინდა საყდარსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობა დამყარდა 1992 წლის 24 მაისს. 1993 წლის მიწურულს საქართველოში მოვლენილია რომის პაპის ნუნციუსი, წმინდა საყდრის მუდმივი დიპლომატიური წარმომადგენელი და მისიის ხელმძღვანელი რეზიდენციით თბილისში, დაფარვის ქვეყნებზე პასუხისმგებლობით სომხეთსა და აზერაბიჯანში. ეს იყო ეროვნებით ფრანგი მონსინიორი ჟან-პოლ გობელი.  სადესპანო წმინდა საყდრის დიპლომატიური წარმომადგენლობაა, რომლის დაქვემდებარებაში არ შედის ადგილობრივი კათოლიკეების სამოძღვრო ფუნქცია. ოთხი წლის შემდეგ მას შეენაცვლა ეროვნებით შვეიცარიელი პიტერ ცურბრიგენი (01. 1998 – 07. 2001). მომდევნო ნუნციუსი, იტალიელი კლაუდიო გუჯეროტი ათი წლის მანძილზე იყო ამ პოზიციაზე (12. 2001 – 07. 2011), ხოლო შემდეგ, 2017 წლის გაზაფხულამდე ნუნციუსად მოვლენილი იყო პოლონელი მონსინიორი მარეკ სოლჩინსკი. აღსანიშნავია, რომ დღეს საქართველოში, როგორც ზოგიერთ სხვა სახელმწიფოში, მაგრამ უფრო მეტად კათოლიკური ტრადიციის ქვეყნებში, ნუნციუსი დიპლომატიური კორპუსის დუაიენია.

1996 წლიდან კათოლიკე მრევლს საქართველოში უძღვება კავკასიის სამოციქულო ადმინისტრატორი, იტალიელი ჯუზეპე პაზოტო (ეპისკოპოსად ხელდასხმული 2000 წელს). საქართველოში კათოლიკეები სამი სხვადასხვა წესის (რიტის) მიმდევრები არიან, ლათინურის, სომხურისა და ასირიულ-ქალდეურის.

საინტერესოა, რომ საქართველოს კათოლიკეებს რომის კურიაში აღმოსავლეთის ეკლესიების კონგრეგაცია მეთვალყურეობს. დღევანდელი Congregatio pro Ecclesiis Orientalibus 1862 წლიდან Propaganda Fide-ში (1622 წელს დაარსდა პაპი გრიგოლ მეთხუთმეტის მითითებით) არსებობდა, აღმოსავლური წესის[6]  ეკლესიებთან საურთიერთოდ, ხოლო პაპი ბენედიქტე მეთხუთმეტის მიერ, 1917 წელს, დამოუკიდებელ ერთეულად იქნა გამოცხადებული; 1967 წელს კი, პაპი პავლე მეექვსეს თაოსნობით, იგი ხდება კონგრეგაცია აღმოსავლური ეკლესიებისთვის. კონგრეგაციის მანდატია აღმოსავლური წესის კათოლიკე ეკლესიის დაცვა, მის განვითარებაზე და მთლიანობაზე  ზრუნვა, მიუხედავად იმ განსხვავებული ლიტურგიკული, სულიერი და დისციპლინარული ტრადიციისა, რომელსაც ისინი მისდევენ. შემდგომ პერიოდში, (ნაწილობრივ პაპი პავლე მეექვსის Regimini Ecclesiae Universae) და პაპი იოანე-პავლე მეორის თაოსნობით (Pastor Bonus), კონგრეგაციის როლმა მეტი სიცხადე შეიძინა, მისი ავტორიტეტი ლათინური წესის ეკლესიებზეც გავრცელდა ექსკლუზიური უფლებებით ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა ეგვიპტე და სინას მთა, ერითრეა და ჩრდილოეთ ეთიოპია, სამხრეთ ალბანეთი და ბულგარეთი, კვიპროსი, საბერძნეთი, ირანი, ერაყი, ლიბანი, პალესტინა, იორდანია, თურქეთი, სომხეთი და საქართველო.

უკანასკნელი 25 წელითბილისი რომში

რას საქმიანობს საქართველოს საელჩო წმინდა საყდართან დღიდან დაარსებისა? იმის გათვალისწინებით, რომ პირველი ელჩები  წმინდა საყდარს ჟენევიდან ფარავდნენ, სადაც ისინი იყვნენ  საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩები შვეიცარიის კონფედერაციაში, ჟენევაში გაერო-ს განყოფილებასთან და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლები, დასაწყისში დინამიკა განსხვავდება იმ წლებისგან, როდესაც წმინდა საყდარში საქართველოს რეზიდენტი ელჩი ეყოლება. [7]ამირან კავაძემ, თავისი ელჩობის მოკლე პერიოდში  (2001 წლის 6 დეკემბერს გადასცა მის უწმინდესობა იოანე პავლე მეორეს რწმუნებათა სიგელები,  ხოლო გაიწვიეს 2003 წლის მაისში), მისთვის ჩვეული პროფესიონალიზმით შეასრულა მოვალეობა, რწმუნებათა სიგელების გადაცემისთანავე  წმინდა საყდრის სახელმწიფო სამდივანოში შეხვედრები გამართა სახელმწიფო მდივან კარდინალ სოდანოსთან, სახელმწიფო მდივნის შემცვლელთან (il Sostituto) მთავარეპისკოპოს სანდრისთან, პაპის ქრისტიანთა ერთობის საბჭოს თავმჯდომარე კარდინალ კასპერთან, საქველმოქმედო ორგანიზაცია „Caritas Internationalis” -ის ხელმძღვანელობასთან. სულ მალე, 2002 წლის იანვარში პაპმა იოანე-პავლე მეორემ კავკასიაში ნუნციუსად მიავლინა მთავარეპისკოპოსი კლაუდიო გუჯეროტი. ამრიგად, ახალი ეპოქა დაიწყო წმინდა საყდრისა და საქართვლოს ურთიერთობებში. ორივე სახელმწიფოს ჰყავდა თავისი წარგზავნილი დიპლომატი. საქართველოს მხრივ აქტიურობა მალევე გამოჩნდა, წმინდა საყდართან სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია პარლამენტის თავმჯდომარის ხელმძღვანელობით. საპარლამენტო დელეგაციამ ორმხრივი შეხვედრები გამართა სახელმწიფო სამდივნოსთან, ქრისტიანთა ერთობის საბჭოსთან, ინტერ-რელიგიური საკითხების, კულტურის, სამართლიანობისა და მშვიდობის საბჭოებთან, საქველმოქმედო ორგანიზაცია „Caritas Internationalis”-თან. ამ შეხვედრების დროს ორივე მხარე გამოთქვამდა კმაყოფილებას დიპლომატიური ურთიერთობის გააქტიურების შესახებ და იქვე, უმეტეს შემთხვევაში, საქართველოში კათოლიკეთა საკითხსაც წამოჭრიდა.

2003 წლის 15 მაისს მის უწმინდესობა იოანე პავლე მეორეს რწმუნებათა სიგელები გადასცა საქართველოს მეორე ელჩმა, ბატონმა ალექსანდრე ჩიკვაიძემ (გარდ. 2012წ.)[8], რომელიც, თავისი წინამორბედის მსგავსად, წმინდა საყდარს ჟენევიდან ფარავდა. ალექსანდრე ჩიკვაიძის  ხანმოკლე ელჩობის დასაწყისში (გაიწვიეს 2004 წლის 1 ოქტომბერს), მან შეხვედრები გამართა სახელმწიფო მდივნის შემცვლელ (il Sostituto) მთავარეპისკოპოს სანდრისთან, სხვა სახელმწიფოებთან ურთიერთობის მდივან მთავარეპისკოპოს ტორანთან, რომელიც იმ დროს საქართველოში ვიზიტს გეგმავდა.

2003 წლის ნოემბერში „ვარდების რევოლუციით“ დასრულდა პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის მმართველობა  საქართველოში

2004 წლის შემოდგომაზე ინიშნება პირველი რეზიდენტი ელჩი წმინდა საყდართან – ქალბატონი ქეთევან ბაგრატიონ-მუხრანბატონი. ისტორიისთვის ცნობილია წმინდა საყდართან ელჩებად სამეფო და წარჩინებული არისტოკრატიის  ოჯახებიდან ელჩების გაგზავნა, მით უფრო, რომ იტალიაში მცხოვრები ქეთევან ბაგრატიონ-მუხრანბატონი და მისი ოჯახი (მეუღლე რაიმონდო ორსინი) საქართველოში საქველმოქმედო საქმიანობას ეწეოდა. ელჩობამდე, 1999 წელს, პაპ იოანე პავლე მეორის საქართველოში ვიზიტის განხორციელებაში, ქეთევან ბაგრატიონ-მუხრანბატონმა საკვანძო როლი ითამაშა. პირველი რეზიდენტი ელჩის პირობებში (2004 წლის 1 ნოემბერი – 2014 წლის 1 ივნისი) წმინდა საყდარსა და საქართველოს დიპლომატიურმა ურთიერთობამ კიდევ უფრო მეტი სიცხადე შეიძინა. საქართველოდან წმინდა საყდარში  ვიზიტით იმყოფებოდა საგარეო საქმეთა მინისტრი (2009), საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი (2010), საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრი (2011), საგარეო საქმეთა მინისტრის ორი მოადგილე (2012 წლის აპრილი, ივნისი), ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი (2013). ამ პერიოდისთვის განსაკუთრებით ნიშანდობლივია წმინდა საყდრის მიერ თანადგომის გამჟღავნება 2008 წლის აგვისტოს რუსული აგრესიის შემდგომ.  მას აქეთ წმინდა საყდართან, როგორც ზოგადად საქართველოს დიპლომატიურ ურთიერთობებში, წამყვანი თემაა აფხზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან  იძულებით გადაადგილებული პირების ღირსეული დაბრუნება თავიანთ სახლებში და ქვეყნის დეოკუპაცია.

პაპი ბენედიქტე მეთექვსმეტე რამდენჯერმე გამოეხმაურა საქართველოში რუსეთის აგრესიას.[9]  2008 წლის 17 აგვისტოს კასტელ-განდოლფოს სამოციქულო სასახლეში, საკვირაო წირვის შემდგომ  „ანჯელუსის“ ქადაგებაში პაპი ბენედიქტე მეთექვსმეტე (2005-2013) იტყვის:

„დიდი ყურადღებით ვადევნებ თვალს სიტუაციას საქართველოში და კონფლიქტის მსხვერპლებთან განსაკუთრებულ სიახლოვეს ვგრძნობ. დაღუპულთა სულებისთვის ლოცვასთან ერთად, გულითადად ვუთანაგრძნობ მგლოვიარეთ და მოგიწოდებთ დიდსულოვნებისკენ ლტოლვილთა უკიდურესი მდგომარეობის შესამსუბუქებლად, განსაკუთრებით ქალების და ბავშვების მიმართ, რომელთაც, ზოგიერთ შემთხვევაში, საარსებო მინიმუმიც არ გააჩნიათ. მოგიწოდებთ, რომ დაუყოვნებლივ გაიხსნას ჰუმანიტარული დერეფანი   სამხრეთ ოსეთის რეგიონსა და დანარჩენ საქართველოს შორის, რათა მიტოვებული გვამები ღირსეულად დაიმარხონ, დაშავებულთ სათანადო მკურნალობა აღმოუჩინონ, ხოლო სხვები ახლობლებს შეუერთდნენ. ამას გარდა, გარანტირებული იყოს ამ კონფლიქტში ჩართული ეთნიკური უმცირესობების უსაფრთხოება, ხოლო მათი ფუნდამენტური უფლებები აღარასოდეს შეიბღალოს. ასევე, ვფიქრობ, რომ  უნდა შენარჩუნდეს ზავი, რომლის მიღწევაც ევროკავშირის მონაწილეობით გახდა შესაძლებელი <ე.წ. 12 აგვისტოს შეთანხმება, თ.გ.>, განმტკიცდეს და  განგრძობითი ხასიათი მიეცეს მშვიდობას, ამასთანავე, საერთაშორისო თანამეგობრობას მოვუწოდებ, რომ გააგრძელოს მხარდაჭერა, რათა დიალოგითა და საერთო სიკეთით გამოსავალი მოინახოს“.[10]

ცხინვალის რეგიონში ამ საომარი აგრესიის პარალელურად, რუსეთის საოკუპაციო ჯარმა განახორციელა სრული კონტროლი აფხაზეთის რეგიონზე.  2008 წლის აგვისტოს ბოლოს რუსეთის სახელმწიფო დუმამ აღიარა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ე.წ. დამოუკიდებლობა.  საერთაშორისო თანამეგობრობა კი, მათ შორის, წმინდა საყდარი, არ აღიარებს ამ ორი ოკუპირებული რეგიონის  დამოუკიდებლობას და აქტიურად უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას.

2009 წლის საახალწლო შეხვედრაზე დიპლომატიურ კორპუსთან პაპი ბენედიქტე მეთექვსმეტე საქართველოზე კვლავ საუბრობს. მისი სიტყვებით, საქართველოში რეგიონალური კონფლიქტი ვერ მოგვარდება საომარი მოქმედებებით და იმედს გამოთქვამს, რომ 2008 წლის 12 აგვისტოს ევროკავშირის დიპლომატიური ჩარევით მიღწეული საზავო  ხელშეკრულება დროულად განხორციელდება, რათა იძულებით გადაადგილებული პირები საკუთარ სახლებს დაუბრუნდნენ.[11]

რუსეთის გავლენა და კონტროლი აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში დღეს, შეიძლება ითქვას, ასპროცენტიანია, ხოლო ოკუპაციამ თანდათან ბორდერიზაციის ხასიათი მიიღო.

საელჩო რეზიდენციით რომში

2005 წლიდან 2014 წლის ივნისამდე საქართველოს საელჩოს ინიციატივით,  ჩატარდა რამდენიმე საქველმოქმედო კონცერტი და გამოფენა, კონფერენცია საქართველოს ევროპული იდენტურობის შესახებ, ასევე კონფერენცია მაქსიმე აღმსარებლის ღვთისმეტყველების გამაერთიანებელ ძალაზე აღმოსავლეთისა და დასავლეთის ქრისტიანებისთვის, საქართველოს არქიტექტურაზე,  საქართველოში ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებული დემოკრატიული პროცესების თემაზე. საელჩოს თაოსნობით, რომის წმინდა ეგნატეს ეკლესიაში კონცერტი გამართა  გუნდმა „ქართული ხმები“.  ამ პერიოდში, საელჩოს მხარდაჭერით განხორციელებული ერთ-ერთი ღირშესანიშნავი აქტივობა გახლდათ საქართველოდან ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ექსპერტების ჯგუფის მუშაობა ვატიკანის არქივებში დაცულ ქართულ ხელნაწერებზე. (ამის შესახებ უფრო დაწვრილებით იხილეთ ნინო დობორჯგინიძის სტატია)

პაპ ფრანცისკეს რწმუნებათა სიგელები მე გადავეცი 2014 წლის 6 სექტემბერს.[12]

უკანასკნელი სამი წლის მანძილზე საქართველოში ვიზიტით იმყოფებოდა წმინდა საყდრის  სახელმწიფოებთან ურთიერთობის მდივანი მთავარეპისკოპოსი (აწ კარდინალი) დომენიკ მამბერტი, პაპის ქრისტიანთა ერთობის საბჭოს თავმჯდომარე კარდინალი კურტ კოხი და, რაც მთავარია, კავკასიაში  საქართველოს სტუმრობდა პაპი ფრანცისკე.

2014-2017 წლებში საქართველოდან წმინდა საყდარში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა საქართველოს პრეზიდენტი ბატონი გიორგი მარგველაშვილი (2015). ასევე, ქართული მხრიდან ვიზიტები გამართეს პარლამენტის თავმჯდომარემ (2014 წლის ოქტომბერი), საქართველოს კინოცენტრის დირექტორმა და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა (2015), საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ (2016), საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ, სახელმწიფო მინისტრმა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში (2017).

გასული სამი წლის მანძილზე საქართველოს საელჩომ რამდენიმე კონფერენციაც ითავა: ქართველი კათოლიკე სასულიერო და საზოგადო მოღვაწის პეტრე ხარისჭირაშვილის მოღვაწეობასთან დაკავშირებული (2015), მართლმადიდებელი ავტოკეფალური ეკლესიების წმიდა და დიდი კრების წინ (კრეტა, 2016 წლის ივნისი) რუმენითის საელჩოსთან და რომის Centro Pro Unione-სთან ერთად კონფერენცია წმინდა და დიდი კრების მოსამზადებელი დოკუმენტების შესახებ (2016 წლის ივნისი), საქართველოს ავტოკეფალიის აღდგენის 100 წლისთავის აღსანიშნავად (2107 წლის ნოემბერი).

კულტურული ღონისძიებებიდან განსაკუთრებით აღსანიშნავია პაპის კულტურის საბჭოს თავმჯდომარის კარდინალ ჯანფრანკო რავაზის მოწვევით ანსამბლ „რუსთავის“ ორი კონცერტი –  ველაბროს წმინდა გიორგის  და წმინდა ავგუსტინეს ეკლესიებში (2015), ასევე, იტალიაში ესტონეთის საელჩოსთან ერთად  „ოსკარის“საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის ჯილდოზე ნომინირებული „მანდარინების“ ჩვენება (ქართულ-ესტონური ერთობლივი პროდუქცია), რომელსაც წინ უსწრებდა პრეს-კონფერენცია რეჟისორისა და პროდიუსერის მონაწილეობით (2016).

უკანასკნელი ათი წლის მანძილზე საქართველოს საელჩოს მიერ განხორციელებული აქტივობები ხელს უწყობს  საქართველოს ცნობადობის ზრდას, რადგან წმინდა საყდართან დიპლომატიური ურთიერთობა, ჩემი აზრით, უფრო მეტია, ვიდრე ჩვეულებრივი ორმხრივი ურთიერთობა. ამას განაპირობებს რომის კათედრის ავტორიტეტი, რომელიც მილიარდზე მეტ მოსახლეზე ვრცელდება მსოფლიოს თითქმის ყველა კუთხეში.

პაპი იოანე პავლე მეორე და პაპი ფრანცისკე საქართველოში

დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შემდეგ 1992 წელს, საქართველოში ორი პაპის ვიზიტი განხორციელდა, აწ წმინდანად შერაცხული იოანე პავლე მეორე თბილისში იმყოფებოდა 1999 წლის 8-9 ნოემბერს, ხოლო პაპი ფრანცისკე საქართველოს სტუმრობდა 2016 წლის 30 სექტებრიდან 2 ოქტომბრამდე.

ნიშანდობლივია, პაპმა იოანე პავლე მეორემ თბილისში ღამე გაათია „საქართველოს კარიტასის“ მიერ დაარსებულ უსახლკაროთა თავშესაფარში, რომელიც მისი ვიზიტის დროს საზეიმოდ გაიხსნა. ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში ღვთისმსახურებაზე ქადაგების გარდა, პაპი რამდენჯერმე მიესალმა საქართველოს მოსახლეობას: თბილისის აეროპორტში, საქართველოს საპატრიარქოში, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში (მცხეთა), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიაში, წმინდა პეტრესა და პავლეს კათოლიკე ეკლესიაში.

პაპმა თავის გამოსვლებში არაერთხელ გადაუხადა გულითადი მადლობა პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძეს საქართველოში მოწვევისთვის, ხოლო საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის კათოლიკოს-პატრიარქს ვიზიტის მხარდაჭერისთვის. ახალფეხადგმულ დემოკრატიულ სახელმწიფოს, მესამე ათასწლეულის მიჯნაზე, პაპმა ახალი ხიდების გადება უსურვა. [13]

“უდიდესი წინგადადგმული ნაბიჯი გახლდათ საქართველოს მიერ  დამოუკიდებლობის მოპოვება 1991 წელს. დღევანდელი დღის ამოცანა კი რეგიონში მშვიდობის დამყარება, თანხმობისა და თანამშრომლობის განმტკიცება, იმის გარანტიაა, რომ თავისუფლება ხელს შეუწყობს კულტურის ხელახლა აყვავებას, რომელიც ძალას მოიკრებს თქვენი ქრისტიანული წარსულიდან და ამ კეთილშობილი ქვეყნის შესაფერის საზოგადოებას ააშენებს.”[14]

წარმოშობით პოლონელ პაპს საბჭოთა კავშირის სივრციდან გამოსული ქვეყნების რეალობა ძალიან კარგად ესმოდა, ამიტომ მოუწოდებდა სვეტიცხოვლის ტაძარში, წარსულის განმანათლებლებზე არანაკლები მგზნებარებითა და დარწმუნებით ვუქადაგოთ ქრისტეს მოძღვრება დღევანდელ ადამიანებსო.[15] მეცნიერებისა და კულტურის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე ისაუბრა დიალოგის მნიშვნელობაზე მშვიდობისა და თანაცხოვრებისთვის:

“ჩვენი ცხოვრების ერთ-ერთი რთული გამოწვევა ტრადიციასა და  თანამედროვეობას შორის ძევს. ძველსა და ახალს შორის ეს დიალოგი დიდად განაპირობებს ახალგაზრდა თაობის მომავალს და, ამდენად, ერის მომავალსაც. ეს დიალოგი ღრმა გააზრებასა და განსჯას, ბრძნულ გაწონასწორებას მოითხოვს, რადგან ყველაფერს ბედის სასწორზე აგდებს.” [16] ეს კი, პაპის მხრივ, ახალი ათასწლეულის მიჯნაზე მდგარი დამოუკიდებელი საქართველოსთვის, ჭეშმარიტად, დროული შეგონება იყო, რომელსაც ყავლი დღესაც არ გასვლია.

პაპი ფრანცისკეს ვიზიტისას საქართველო არსებითად სხვა ქვეყანაა, რომელმაც, ქვეყნის მოდერნიზაციის გზაზე, ბევრი წინააღმდეგობა დაძლია, მაგრამ ჩრდილოეთის საზღვრებიდან მომდინარე საომარ აგრესიას თავი ვერ აარიდა. 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომმა საქართველოს განვითარება მარწუხებში მოაქცია: ტერიტორიის 20% ოკუპირებული, ხოლო მოსახლეობის 10% იძულებით გადაადგილებული დატოვა. მიუხედავად ამისა, ქვეყანა იბრძვის სუვერენიტეტის შენარჩუნებისა და დეოკუპაციისთვის. აი, ამ პოლიტიკურ ვითარებაში ეწვია პაპი ფრანცისკე საქართველოს, ხოლო მის ვიზიტს ძალიან დიდი მნიშვნელობა მიანიჭა ქართველმა ხალხმა, საქართველოს მთავრობამ და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღოლმა, უწმინდესმა ილია მეორემ.

თუ პაპი იოანე პავლე მეორე საქართველოს ეწვია საიუბილეო 2000 წლის დადგომისას, რომელიც წმინდა საყდარმა პატიების თემას დაუკავშირა, 2016 წელი, პაპი ფრანცისკეს მიერ, მოწყალების საიუბილეო წლად იყო გამოცხადებული. ეს გარემოება პაპს არ გამორჩენია და საგანგებოდაც აღნიშნა. პაპ იოანე პავლე მეორის მსგავსად, პაპმა ფრანცისკემაც აღნიშნა საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობა და სტრატეგიული პოტენციალი:

„თავისი გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე, საქართველო წარმოგვიდგება ევროპასა და აზიას შორის გადებულ ერთგვარ ბუნებრივ ხიდად, ხალხებს რომ აკავშირებს და ურთიერთობას უადვილებს. ხიდად, რომელმაც საუკუნეების მანძილზე შესაძლებელი გახადა განსხვავებულ სამყაროთა შორის როგორც სავაჭრო ურთიერთობები, ასევე დიალოგი და აზრთა თუ გამოცდილებათა გაცვლა-გამოცვლა.”[17]

2008 წლის აგვისტოს ომიდან რვა წლის შემდეგ, პაპი ფრანცისკე მაღალ შეფასებას აძლევს საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების განმტკიცებას და იტყვის:

მნიშვნელოვანია „რეგიონის ერებსა და სახელმწიფოებს შორის მშვიდობიანი თანაარსებობა. საამისოდ კი აუცილებელია მათ შორის ურთიერთპატივისცემის განმტკიცდება, რაც უცილობლად გულისხმობს თითოეული მათგანის სუვერენული უფლებების პატივისცემას და მათთვის ანგარიშის გაწევას საერთაშორისო სამართლის ფარგლებში.” [18]

პაპის ვიზიტი, ორმხრივი ურთიერთობების ყველაზე ღირშესანიშნავი მოვლენაა. როგორც ითქვა, თითქმის ყველა სახელმწიფოსა, თუ მთავრობის მეთაური ილტვის რომის პაპთან შესახვედრად, მაგრამ მისი მასპინძლების სიაში ყველა ვერ ხვდება.

ოლოსიტყვა

საინტერესოა დღევანდელი გადასახედიდან პირველი დიპლომატიური ნაბიჯების შესახებ მასალის გაცნობა. 15 წლის წინ საქართველოში კათოლიკეთა ცხოვრებასთან დაფიქსირებული ზოგიერთი პრობლემა დღესაც აქტუალურია. ესაა, ძირითადად, რუსული იმპერიული ანექსიისა, თუ საბჭოთა პერიოდში დაკარგული კათოლიკური საკულტო ნაგებობების საკითხი, ჯერ ვერ მოხერხდა ამ საკითხზე სრული შეთანხმება. საკითხი, მართლაც, ძალიან რთულია: სხვადასხვა ისტორიული სინამდვილის გამო დაკარგული შენობების „დაბრუნება“ გაურკვეველ პირობებში განხორციელდა, ხოლო  ახლადფეხადგმული დემოკრატიული ინსტიტუტები საქართველოში, მცდელობის მიუხედავადაც, ვერ გადაწონიდნენ ქართველი ერის, ორსაუკუნოვანი სახელმწიფოებრივი დაქვემდებარებით გამოწვეულ, ფსიქოლოგიურ ტრავმას. დამოუკიდებლობამოპოვებული ერების მიერ ამ თავისუფლების მოპოვება-აღდგენა ამბივალენტურია. ის, რაც სხვაზე სახელმწიფოებრივი დამოკიდებულების პირობებში ერის გაერთიანების მამოძრავებელი ძალაა, დამოუკიდებლობის მოპოვების პირობებში, ხშირად, ერის გათიშულობისა და შიდა დაპირისპირების მიზეზი ხდება. ამის საუკეთესო მაგალითია ეროვნული თვითმყოფადობის საკითხი, რომლის უკიდურესი გამოვლინებაა ნაციონალიზმი. იდეოლოგიურმა და ეკონომიკურმა სინამდვილემ, რომელსაც ქვეყნის გეოგრაფიული მდებარეობაც ხელს უწყობდა (და დღესაც, გარკვეულად, კარჩაკეტილობის წისქვილზე წყალს ასხამს), საქართველო იზოლაციაში მოაქცია. ობიექტური მიზეზების მიუხედავად, დასანანია, რომ საქართველო ვერ აცდა ნაციონალიზმის დასაგმობ ტრენდებს, ხოლო ამ ვითარებაში მოაზრებულ ეროვნულ თვითშეგნებას გაუჭირდა დამოუკიდებლობის გზით შემოსული პლურალიზმი ისეთივე სიმშვიდით მიეღო, როგორც ამას უწინ ეთნიკური მრავალფეროვნების მიმართ იჩენდა. „სხვაზე დამოკიდებულების“ ეპოქაში თანასწორობის პრინციპის მიდევნება უფრო იოლი აღმოჩნდა.

ნაციონალიზმის არასასურველი მხარეების გამოვლენის მიუხედვად, 2002 წელთან შედარებით, საქართველოში კათოლიკეთა თემი ახალ სინამდვილეში ცხოვრობს. საქართველოს პარლამენტის მიერ 2011 წლის 5 ივლისს „რელიგიური გაერთიანებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირად რეგისტრაციის წესის შესახებ“ კანონის მიღებამ, ფაქტობრივად, ახალი დინამიკა შექმნა. შესაბამისად, წმინდა საყდარსა და საქართველოს შორის ორმხრივ შეხვედრებზე დღეს სხვა საკითხებზე უფრო ამახვილებენ ყურადღებას, იღვწიან თანამშრომლობის გაფართოებისთვის განათლებისა და სამეცნიერო-კულტურულ სფეროში.

ვიმედოვნოთ, რომ მომავალშიც, მრავალი 25 წელი, ასეთივე მზარდი დინამიკისა და ურთიერთპატივისცემის ნიშნით იქნება აღბეჭდილი.

საქართველო, დღეს,  აღმოსავლეთით ქრისტიანობის – ევროპის ერთ-ერთი ისტორიული მახასიათებლის –  ფორპოსტია. ამდენად, კულტურულ-საგანმანათლებლო მიმართულების გარდა, საქართველოს წმინდა საყდართან ურთიერთობა პოლიტიკურ ჭრილშიც მნიშვნელოვანია, რადგან რომის კათედრა, პონტიფექსი, გლობალურად მშვიდობის მქადაგებელია.

 

[1] საქართველოს მოსახლეობის უმეტესობა ქრისტიანია, ხოლო ქრისტიანთა შორის უმეტესობა მართლმადიდებელია. მესამე ათასწლეულის დასაწყისში კათოლიკეთა რაოდენობა ქვეყნის მოსახლეობის დაახლოებით 1%-ს შეადგენდა.
[2] https://w2.vatican.va/content/francesco/en/speeches/2017/january/documents/papa-francesco_20170109_corpo-diplomatico.html ბოლოდან მესამე აბზაცი.
[3] აქვე მინდა აღვნიშნო პროფ. ჯუანშერ ვათეიშვილის მონოგრაფია  საქართველო და ევროპის ქვეყნები: XIII-XIX სს. ურთიერთობათა ისტორიის ნარკვევები შვიდ ტომად, თბილისი: 2014-2017. დღეისთვის ჩემთვის მხოლოდ ორი ტომის არსებობაა ცნობილი.
[4] ცხადია, ავტორისთვის კარგადაა ცნობილი ის ძრითადი მოტივები, რაც აღმოსავლეთისა და დასავლეთის ეკლესიებს საფუძვლად დაედო, ფილიოკვე, ზიარება უსაფუარო პურით, თუმცა ამ თემებს ერთიანი ეკლესია მეთერთმეტე საუკუნემდეც იცნობდა. ჩემი აზრი ეკლესიის იმ ისტორიკოსებს და ღვთისმეტყველებს ერთვის, ვინც კულტურულ და პოლიტიკურ განსხვავებას დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის მეტ პასუხისმგებლობას ანიჭებს, ვიდრე აღნშნულ განსხვავებებს, რომელთა ცოდნის ფონზე, ეკლესია საუკუნეების მანძილზე ერთიანი იყო.
[5] თამარაშვილი, გვ.5 და 8
პენტარქია: ხუთი უძველესი საეპისკოპოსო კათედრის – რომი, კონსტანტინოპოლი, ალექსანდრია, ანტიოქია, იერუსალიმი – წამყვანი ავტორიტეტი ქრისტიანულ სამყაროში, დოკუმენტირებული მეექვსე საუკუნიდან (იმპერატორ იუსტინიანე პირველის, 527-565, ნოველა 131) დიდ სქიზმამდე – 1054. აღმოსავლეთ საქრისტიანოში, მართლმადიდებელი ეკლესიები დღემდე, ფორმალურად, ცნობენ ამ იერარქიას, ცხადია, რომის გამოკლებით.
[6] პონტიფექსის ავტორიტეტის მაღიარებელ აღმოსავლური წესის ეკლესიებს ვატიკანის მეორე კრებამ თავისი ადგილი განუმტკიცა. პაპი პავლე მეექვსეს დეკრეტი აღმოსავლურ ეკლესიებზე ამბობს: The Catholic Church holds in high esteem the institutions, liturgical rites, ecclesiastical traditions and the established standards of the Christian life of the Eastern Churches, for in them, distinguished as they are for their venerable antiquity, there remains conspicuous the tradition that has been handed down from the Apostles through the Fathers (1) and that forms part of the divinely revealed and undivided heritage of the universal Church.” ORIENTALIUM ECCLESIARUM
 http://www.vatican.va/archive/hist_councils/ii_vatican_council/documents/vat-ii_decree_19641121_orientalium-ecclesiarum_en.html
[7] ამირან კავაძე შვეიცარიის შემდეგ (1997-2003) იყო საქართველოს საგანგებო და სრულუფელბიანი ელჩი დიდ ბრიტანეთსა და ჩრდილოეთ ირლანდიაში (2004-2006) და შვედეთის სამეფოსა და ფინეთის რესპუბლიკაში (2005-2011).
[8] ალექსანდრე ჩიკვაიძე ერთ-ერთი პირველი საგარეო საქმეთა მინისტრი იყო საქართველოს მიერ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ (1992-1995), ხოლო საბჭოთა კავშირის დროს, სხვადასხვა დიპლომატიურ რანგში მუშაობასთან ერთად, იყო საბჭოთა კავშირის ელჩი კენიასა და ნიდერლანდების სამეფოში.
[9] პაპი ბენედიქტე მეთექვსმეტე 10 აგვისტოს გამოეხმაურა საქართველოში მიმდინარე ტრაგიკულ მოვლენებს, კერძოდ, სამხრეთ ოსეთის რეგიონში უდანაშაულო ადამიანების მსხვერპლისა და ძალიან დიდი რიცხვის ლტოლვილების გამო. „ვისურვებდი, რომ საომარი აქტივოა რაც შეიძლება მალე შეწყდეს, … დიალოგისა და ურთიერთობების განახლებით მოინახოს ღირსეული და კონსტრუქციული გზა, რომ ამ ძვირფასმა ადამიანებმა აიცილონ ახალი, გულის განმგმირავი ტანჯვა.“  https://w2.vatican.va/content/benedict-xvi/fr/angelus/2008/documents/hf_ben-xvi_ang_20080810.html
[10] http://w2.vatican.va/content/benedict-xvi/it/angelus/2008/documents/hf_ben-xvi_ang_20080817.html მეოთხე პარაგრაფი
[11] http://w2.vatican.va/content/benedict-xvi/en/speeches/2009/january/documents/hf_ben-xvi_spe_20090108_diplomatic-corps.html
[12] წმინდა საყდართან საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად დანიშვნამდე ვმუშაობდი ეკლესიათა მსოფლიო საბჭოში, რწმენისა და წყობის საღვთისმეტყველო კომისიის სამდივნოში როგორც მართლმადიდებელი ღვთისმეტყველი. Before being nominated Ambassador of Georgia to the Holy See I worked in Geneva at the Faith and Order Secretariat at World Council of Churches as orthodox theologian (2001-2013).
[13] სიტყვა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გამართული შეხვედრისას, 1999 წლის 8 ნოემბერი, „ეძღვნება რომის პაპის იოანე პავლე მეორეს, მისი აღსაყდრების 25-ე წლისთავთან დაკავშირებით“, თბილისი, 2004, თარგმანი იტალიურიდან გაგა შურღაიასი, გვ. 20;
[14] იქვე, გვ. 14;
[15] იქვე, გვ 30;
[16] იქვე, გვ. 16;
[17] იხილეთ ბროშურა „პაპი ფრანცისკე საქართველოში“, სიტყვა პრეზიდენტის სასახლეში
[18] იქვე