ჯუზეპე კონტე: „ბარები, რესტორნები, მაღაზიები დაიკეტება, ტრანსპორტი იმოძრავებს“

0
914

11 მარტს, დღის ბოლოს კომისარმა ანჯელო ბორელიმ კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით იტალიაში ახალი სტატისტიკა გაასაჯაროვა. მისი ინფორმაციით, გასულ 24 საათში იტალიაში ახალი კორონავირუსით 2000 ადამიანი დაინფიცირდა (1489 – ლომბარდიაში), 196 ადამიანი დაიღუპა (149 – ლომბარდიაში), 41 – გამოჯანმრთელდა, შესაბამისად, საერთო ჯამში, იტალიაში ვირუსის გავრცელებიდან დღემდე კორონავირუსით დაინფიცირდა 12462 ადამიანი, გარდაცვლილთა რიცხვი 827-ს შეადგენს, გამოჯანმრთელდა 1045 პაციენტი.

იტალიის ხელისუფლება შეზღუდვების ახალ ზომებს აცხადებს კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ. პრემიერ-მინისტრმა ჯუზეპე კონტემ მიიღო გადაწყვეტილება, დროებით შეაჩეროს სავაჭრო ობიექტების მუშაობა, პროდუქტების მაღაზიებისა და აფთიაქების გამოკლებით. ამის შესახებ კონტემ თავის ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

იტალიის მთავრობის მეთაურმა განკარგულება გასცა, დაიკეტოს ყველა ბარი  და რესტორანი. მუშაობას განაგრძობს საზოგადოებრივი ტრანსპორტი და ის ორგანიზაციები, რომლებიც ძირითად მომსახურებას, მათ შორის, საფინანსოს, სთავაზობენ მოქალაქეებს. პროდუქტების სახლში მიტანა გამოძახებით დაშვებულია. კონტეს განცხადებით, გადაწყდა, გაგრძელდეს ფაბრიკების მუშაობაც, მხოლოდ უსაფრთხოების ყველა ნორმის დაცვით.

იმისათვის, რომ მიღებულმა ზომებმა შედეგი მოიტანოს, გარკვეული დროა საჭირო – კონტეს თქმით, შედეგების გამოჩენას ერთი-ორი კვირა დასჭირდება.

დღეს COVID-19 ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ პანდემიად გამოაცხადა. 

„ძლიერ შეშფოთებულნი ვართ როგორც ვირუსის გავრცელების საგანგაშო მაჩვენებლებით და სერიოზულობით, ისე უმოქმედობის დონით… უახლოეს დღეებსა და კვირებში ველოდებით დაავადების, სიკვდილის შემთხვევების და ვირუსის გავრცელების ქვეყნების რიცხვის ზრდას“, – განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის თავმჯდომარემ ტედროს ადანომ გებრეისესუსმა.

მან დადებითად შეაფასა იტალიის მთავრობის ქმედებები: „იმედს გვაძლევს იტალიის მიერ მიღებული აგრესიული ზომები და ვფიქრობთ, რომ მათი შედეგი უახლოეს რამდენიმე დღეში გმოჩნდება“, – განაცხადა გებრეიესუსმა ჟენევაში კორონავირუსთან დაკავშირებით გამართულ პრესკონფერეციაზე. წყარო ნოსტალგ.გე