ქვეყნები საიდანაც საქართველოში ჩასვლის შემთხვევაში კარანტინში მოგათავსებენ

0
2618

კორონავირუსთან დაკავშირებით საქართველომ საზღვრებზე ზომები გაამკაცრა, ამჯერად საკარანტინო სივრცეებში მოათავსებენ იმ მოქალაქეებსაც, რომლებიც გერმანიიდან, საფრანგეთიდან, ესპანეთიდან და ავსტრიიდან ჩამოვლენ. დიდი ალბათობაა იმისა, რომ უამრავმა ადამიანმა, რომელსაც ბილეთები უკვე დაჯავშნული აქვს, კარანტინს თავი აარიდოს და მოგზაურობა გაურკვეველი დროით გადადოს, რამაც შესაძლოა ავიაკომპანიები დააზარალოს, ხოლო ქვეყანა კი თანდათან იზოლაციაში აღმოჩნდეს”, – წერს გაზეთი “რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, რომელი ქვეყნებიდან ჩამოსვლის შემთხვევაში მოგვათავსებენ კარანტინში.

“აღნიშნული განცხადება პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ გააჟღერა, აღსანიშნავია ის ფაქტიც რომ, ამ დადგენილი წესების თანახმად,საქართველოს ყველა მოქალაქე, ვინც ზემოთ აღნიშნულ ქვეყნებიდან დაბრუნდება, 14 დღიან საკარანტინო რეჟიმს გაივლის, უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა კი საზღვარზე კორონავირუსზე კვლევის ცნობა უნდა წარადგინონ, ან მათაც საკარანტო რეჟიმი გაიარონ. მკაცრდება საქართველოს საზღვარზე შემოსვლის, როგორც ჩვენი მოქალაქეების, ასევე უცხო ქვეყნის რეზიდენტების რეჟიმი. მოგეხსენებათ, რომ ჩვენ უკვე დაწყებული გვაქვს გარკვეული შეზღუდვები ჩინეთიდან, სამხრეთ კორეიდან და იტალიიდან. ამ რეჟიმს ემატება გერმანია, საფრანგეთი, ავსტრია და ესპანეთი, რაც ნიშნავს იმას, რომ საქართველოს ყველა მოქალაქე, ვინც ამ ქვეყნებიდან ბრუნდება საქართველოში, გაივლის 14 დღიან საკარანტინო რეჟიმს, ხოლო უცხო ქვეყნის ყველა მოქალაქე საზღვარზე წარადგენს ან შესაბამის სამედიცინო ცნობას, რომელიც ადასტურებს, რომ კორონავირუსზე მას აქვს ჩატარებული კვლევა ან ისიც გაივლის 14 დღიან საკარანტინო რეჟიმს. გარდა ამისა, საქართველოს თითოეულ მოქალაქეს ეძლევა რეკომენდაცია, თავი შევიკავოთ უცხო ქვეყნებში მოგზაურობისგან რამდენიმე თვით. ეს არის ძალზე მნიშვნელოვანი რეკომენდაცია და იმედი გვაქვს, რომ ჩვენი მოქალაქეები სამოქალაქო პასუხისმგებლობის პოზიციიდან გამომდინარე გაითვალისწინებენ ამ რეკომენდაციას” – განაცხადა გახარიამ”, – აღნიშნავს გამოცემა.

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი კი ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს სადაც ნათქვამია რომ : „კორონავირუსის COVID-19 საქართველოში გავრცელების პრევენციის მიზნით, საქართველოს საზღვარზე შემოსვლის შეზღუდული რეჟიმი ამ დროისთვის ვრცელდება შემდეგ ქვეყნებზე: გერმანია, საფრანგეთი, ავსტრია, ესპანეთი, იტალია, ჩინეთი, სამხრეთ კორეა და ირანი.

საქართველოს ყველა მოქალაქე, ვინც ამ ქვეყნებიდან დაბრუნდება, გაივლის 14 დღიან საკარანტინო რეჟიმს. ხოლო უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა საზღვარზე კორონავირუსის კვლევის ცნობა უნდა წარადგინონ ან გაიარონ საკარანტინო რეჟიმი.

დამატებითი კონსულტაციისთვის გთხოვთ, მიმართოთ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს,“-ნათქვამია განცხადებაში.