როგორ შეიძლება თურქეთიდან საქართველოში დაბრუნება ავტობუსით

0
948

„როგორ დავბრუნდეთ საქართველოში?“ – ეს არის შეკითხვა, რომელსაც ყველაზე ხშირად გვწერენ თურქეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები.

სტამბოლი, ანკარა, იზმირი – ეს არის სამი დიდი ქალაქი, სადაც  თავს იყრიან  თურქეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები, შემდეგ კი ავტობუსებით მათ საქართველოში აბრუნებენ. ინფორმაცია ამის შესახებ „ბათუმელებს“ გიორგი ჯანჯღავამ მოაწოდა, საქართველოს ელჩმა თურქეთის რესპუბლიკაში.

მოქალაქეების საქართველოში დაბრუნება ანკარაში – საქართველოს საელჩოს და სტამბოლში – საქართველოს საკონსულოს, ხოლო იზმირში საპატიო საკონსულოს  ოფისის მეშვეობით ხდება.

გიორგი ჯანჯღავას განმარტებით, მოქალაქემ, რომელსაც სურს დაბრუნება საქართველოში, აუცილებლად უნდა დარეკოს საელჩოს ან საკონსულოების ცხელ ხაზზე, აცნობოს საელჩოს/საკონსულოს საკუთარი ადგილმდებარეობა და გაიაროს დეტალური კონსულტაცია გადაადგილების შესახებ.

„იმისთვის, რომ მოქალაქე დაბრუნდეს საქართველოში, პირველ რიგში, უნდა დაუკავშირდეს საკონსულოს და მიიღოს ამომწურავი ინფორმაცია. მერე ჩვენი დახმარებით, ან თვითონ, დამოუკიდებლად  იღებენ გამომგზავრების  ნებართვას. ამის შემდეგ ჩვენ ვეუბნებით, რომელი ავტობუსი საიდან და რა დროს  გადის.

სტამბოლში ავტობუსი გამოდის ავტოსადგურიდან, ანკარაში დაკეტილია სადგური, ამიტომ მოქალაქეებს თავად ვაწვდით ინფორმაციას, სად უნდა მოვიდნენ. ნორმალურად ხდება კონცენტრაცია. ვავსებთ ავტობუსებს და ისე გადის ტრანსპორტი საქართველოსკენ.  ყველაფერი ხდება ჩვენი  სრული კონტროლით,“ – ამბობს გიორგი ჯანჯღავა.

თურქეთის 31 ქალაქი კარანტინშია მოქცეული და აკრძალულია გადაადგილება, მათ შორის ავტომანქანებითაც. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია თითოეულ მოქალაქეს ჰქონდეს გადაადგილების სპეციალური ნებართვა. ელჩის თქმით, საკონსულოების თანამშრომლები მოქალაქეებს ეხმარებიან მგზავრობის ნებართვის მისაღებად.

რა უნდა ქნან იმ მოქალაქეებმა, რომლებიც დიდი ქალაქებიდან მოშორებით ცხოვრობენ? ელჩი ამბობს, რომ ცდილობენ ყველა მათგანს გაუწიონ კონსულტაცია.

„არის პატარ-პატარა ქალაქები, სადაც არიან ქართველები. ჩვენ ვეხმარებით დისტანციურად, ვრეკავთ და ვუგვარებთ გამომგზავრების საკითხს, რომ როგორმე ჩამოაღწიონ ან ანკარაში, ან ტრაბზონში, ან სარფში.

თუმცა, თუ მოქალაქე, მაგალითად, დიარბაქირშია ჩარჩენილი, ჩვენ აქედან ვრეკავთ და იქ ტელეფონს არავინ არ იღებს, რა გავაკეთოთ? ინფორმაციას მაინც ვაძლევთ, როგორ მოიქცნენ,“ – ამბობს გიორგი ჯანჯღავა.

ელჩის თქმით, თურქეთის რესპუბლიკაში არსებული საქართველოს სამივე მისია მუშაობს 24-საათიან რეჟიმში. მოქალაქეებმა, თურქეთის ნებისმიერი ქალაქიდან გამომგზავრებამდე, უნდა დარეკონ ცხელ ხაზზე და დააზუსტონ მგზავრობის დეტალები.

საქართველოს საელჩო თურქეთში მოუწოდებს მოქალაქეებს, დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაუკავშირდნენ ცხელ ხაზს:

  • ანკარაში საქართველოს საელჩოს ცხელი ხაზი: +90 533 690 30 40; +905392208280
  • სტამბოლში საქართველოს გენერალური საკონსულოს ცხელი ხაზი: +90 541 818 44 00
  • ტრაპიზონში საქართველოს გენერალური საკონსულოს ცხელი ხაზი: +90 541 326 22 26