არაქართველებისთვის მოქალაქეობის მიღება გამკაცრდება ?

0
1281

(ენ პი ეი) ეთნიკურად ქართველებისთვის საქართველოს მოქალაქეობის მიღება შესაძლოა გამარტივდეს, ხოლო უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის – გართულდეს. საკანონმდებლო ცვლილებაზე დღეს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი იმსჯელებს.

კანონპროექტის თანახმად, იცვლება უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის საქართველოს მოქალაქეობის მიღების 5-წლიანი ვადა (კანონიერ საფუძველზე უწყვეტად ცხოვრების) 10-წლიანი ვადით, ხოლო ემიგრანტი ეთნიკური ქართველებისთვის, რომლებიც ატარებენ ქართულ გვარს და თავს თვლიან ქართველებად, საქართველოს მოქალაქეობის მიღება მარტივდება. განმარტებით ბარათში ვკითხულობთ, რომ კანონპროექტის მიღების მიზანი დემოგრაფიული მდგომარეობის გამოსწორება და უცხოეთში მცხოვრები ქართველების სამშობლოში დაბრუნების ხელშეწყობაა.

“აუცილებელია მნიშვნელოვანი ცვლილებები კანონმდებლობაში, რათა საქართველოში ქართველები, არ ვიქცეთ უმცირესობად. ბოლო 25 წლის მანძილზე სხვადასხვა მიზეზთა გამო 2 მილიონამდე ჩვენმა თანამემამულემ დატოვა სამშობლო, მათმა უმრავლესობამ მიიღეს სხვა ქვეყნების მოქალაქეობა. ამას გარდა, საინგილოში, ფერეიდანსა და თურქეთის ტერიტორიაზე მრავლად ცხოვრობენ ეთნიკურად ქართველები. ყველა ქართველს აქვს უფლება გახდეს საქართველოს მოქალაქე”, – ნათქვამია განმარტებით ბარათში.

26 სექტემბერს, საქართველოს პარლამენტმა ახალი კონსტიტუცია მესამე მოსმენით მიიღო. ახალი კოსტიტუციით, საქართველოს მოქალაქისთვის სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მიღება აკრძალული აღარ არის.