2025 წლის 4 მარტს თესალონიკში საქართველოს გენერალური კონსულის გელა ჯაფარიძის განცხადებით ნაყოფიერი შეხვედრა შედგა მაკედონია-თრაქიის დეცენტრალიზაციის ადმინისტრაციის გენერალურ მდივანთან იოანნის სავასთან და შედგა სიტყვიერი შეთანხმება ორი უწყების ხელმძღვანელ პირებს შორის მჭიდრო თანამშრომლობისა და პირდაპირი კომუნიკაციის შესახებ.
,,საინტერესო და ნაყოფიერი შეხვედრა გავმართე მაკედონია-თრაქიის დეცენტრალიზებული ადმინისტრაციის გენერალურ მდივანთან, რა დროსაც ხაზი გავუსვი გენერალურ საკონსულოსა და მაკედონია-თრაქიის დეცენტრალიზებულ ადმინისტრაციას შორის პირდაპირი კომუნიკაციის მნიშვნელობას – განაცხადა შეხვედრის შემდგომ თესალონიკში საქართველოს გენერალურმა კონსულმა გელა ჯაფარიძემ .
როგორც თესალონიკში საქართველოს გენერალური საკონსულოს სოციალურ გვერდზეა აღნიშნული , შეხვედრაზე საუბარი შეეხო საბერძნეთის რესპუბლიკაში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისთვის ბინადრობის ნებართვის გაცემის პროცედურებს და ამ კუთხით, ბიუროკრატიული ბარიერების შემცირებასთან დაკავშირებულ საკითხებს.
აღსანიშნავია რომ აღნიშნული შეხვედრა და შეხვედრაზე განხილული საკითხები, რომლებიც ბინადრობის ნებართვებს, მასთან დაკავშირებულ ბიუროკრატიულ პროცედურებს და პრობლემურ საკითხებს ეხება, საბერძნეთში ქართველი შრომითი მიგრანტების და დიასპორისთვის ძალიან მნიშვნელოვანია და გენერალური კონსულის მხრიდან მსგავსი ინიციატივა მნიშვნელოვან ნაბიჯს წარმოადგენს ქართველი ემიგრანტების მხარდაჭერის კუთხით.
წყარო : Diaspora.ge