დამოუკიდებლობის დღე ესპანეთში

0
497

ესპანეთის სამეფოში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.

ღონისძიების ფარგლებში გაიმართა ესპანეთის სამეფოს დიპლომატიური აკადემიის (Academia de la Diplomacia) მიერ საქართველოს შესახებ ჟურნალის ექსკლუზიური გამოცემის პრეზენტაცია, რომელიც პირველად გამოიცა ესპანურ ენაზე და სრულად დაეთმო საქართველოს. ესპანეთის სამეფოს დიპლომატიური აკადემია ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი პლატფორმაა მსოფლიოს მასშტაბით დიპლომატიურ და ესპანურენოვან სამყაროში.

მიღების ფარგლებში, ასევე გაიმართა დაჯილდოების ცერემონია, რომლის ფარგლებშიც წარმატებული თანამშრომლობისთვის მადლობის სიგელები გადაეცათ ესპანეთის სამეფოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებსა და საპატიო სტუმრებს- სპორტსმენს, UFC-ის მსოფლიო ჩემპიონს ილია თოფურიასა და ცნობილ მომღერალ ალ ბანოს.

ღონისძიებაზე მოეწყო ესპანეთში მოღვაწე თანამედროვე ქართველი მხატვრების გამოფენა.

საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი, ოპერის მომღერალმა შალვა მუქერიამ შეასრულა.

ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ვლადიმერ კონსტანტინიდმა, რომელმაც ისაუბრა ქართველი ხალხისთვის ქვეყნის დამოუკიდებლობის მნიშვნელობაზე, ესპანეთსა და საქართველოს შორის არსებულ საერთო ღირებულებებსა და ისტორიულ კავშირებზე (ორი იბერიის ჭრილში) , ესპანეთის, როგორც მეგობარი და საიმედო პარტნიორი ქვეყნის მხარდაჭერასა და ხალხთაშორის კავშირების კიდევ უფრო გაღრმავების აუცილებლობაზე.

სტუმრებს სიტყვით ასევე მიმართა საქართველოს ელჩმა, ალექსანდრე ჭკუასელმა, რომელმაც ისაუბრა ესპანეთსა და საქართველოს შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებზე და სამომავლო თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობაზე. ელჩმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებსა და ევროპულ მისწრაფებებზე, ასევე რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გამოწვევებსა და ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მნიშვნელობაზე.

ღონისძიებას ესწრებოდნენ ესპანეთის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, მადრიდის მერიის, დიპლომატიური კორპუსის, კულტურის, ბიზნესისა და მედიის წარმომადგენლები. ასევე, საქართველოს პარლამენტის წევრები და ქართული დიასპორა. მიღებას ასევე დაესწრო ამერიკის შეერთებული შტატების რესპუბლიკელი კონგრესმენი დაზვერვისა და უსაფრთხოების საპარლამენტო ფორუმის დამფუძნებელი რობერტ პიტენჯერი.

მიღებაზე სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაეგემოვნებინათ ქართული სამზარეულო და სხვადასხვა სახეობის ქართული ღვინო.