მამუკა მდინარაძის განცხადებით მარტივდება საქართველოში არალეგალურად მყოფი უცხოელების გაძევების პროცედურა

0
178

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, უმრავლესობის დღევანდელ სხდომაზე რამდენიმე საკითხი განიხილეს, მათ შორის საპარლამენტო უმრავლესობის ახალი ინიციატივა საერთაშორისო დაცვის შესახებ საკანონმდებლო პაკეტთან დაკავშირებით.

როგორც მამუკა მდინარაძემ ბრიფინგზე აღნიშნა, საკანონმდებლო ცვლილებათა პროექტით, იზრდება ჯარიმები უცხოელებისთვის, რომლებმაც საქართველოს ტერიტორიაზე ყოფნის წესი დაარღვიეს და მარტივდება არალეგალურად მყოფი უცხოელების გაძევების პროცედურა.

„პირველი არის საკითხი, რომელიც ჩვენს საზოგადოებას განსაკუთრებით ბოლო პერიოდის განმავლობაში გავრცელებული კადრებიდან თუ არსებული რეალობიდან გამომდინარე, ძალიან აწუხებს. ჩვენ ამ გამოწვევების ადეკვატურად, გვინდა, წარმოგიდგინოთ საქართველოს პარლამენტის, საპარლამენტო უმრავლესობის ახალი ინიციატივა, საერთაშორისო დაცვის შესახებ საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც გულისხმობს შემდეგს – სისხლის სამართლის კოდექსს ემატება სასჯელის ახალი სახე – უცხოელის საქართველოდან გაძევება და განსაზღვრული ვადით საქართველოში შემოსვლის აკრძალვა, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ჩაემატება ასევე ადმინისტრაციული სახდელის ახალი სახე, უცხოელის საქართველოდან გაძევება და უცხოელის საქართველოში შემოსვლის აკრძალვა. იზრდება მნიშვნელოვნად ჯარიმები იმ უცხოელებისთვის, რომლებმაც საქართველოს ტერიტორიაზე ყოფნის წესი დაარღვიეს და მნიშვნელოვნად მარტივდება ქვეყანაში არალეგალურად მყოფ უცხოელთა გაძევების პროცედურა“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ