პოლონეთიდან არალეგალების დეპორტაციების გასაგრძელებლად ტუსკმა პარლამენტის ლეგიტიმაცია მიიღო

0
442

მზად ვარ, ყველა ხელმისაწვდომი მეთოდი გამოვიყენო საერთაშორისო სამართლის შესაცვლელად, რომ უკანონო მიგრაციის რისკი მინიმუმამდე შევამციროთ, – ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა პარლამენტში მთავრობისთვის ნდობის საკითხზე კენჭისყრამდე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ტუსკის თქმით, საჭიროა უმრავლესობა, რათა შეიზღუდოს ან შეჩერდეს უვიზო მიმოსვლა, მათ შორის, საქართველოსთან.„კარგად ვიცი, რას ნიშნავს უკანონო მიგრაცია პოლონეთის, ევროპის მომავლისთვის, ჩვენი ცივილიზაციის მომავლისთვის. აბსოლუტურად მზად ვარ, გამოვიყენო ყველა ხელმისაწვდომი მეთოდი საერთაშორისო სამართლის შესაცვლელად, რომ უკანონო მიგრაციის რისკი, მიგრაციის ეს ტალღა მინიმუმამდე შევამციროთ.

ჩვენ თითქმის ყოველდღიურად ვახორციელებთ უცხოელების დეპორტაციას. ოთხი დღის წინ 50 ქართველი იქნა დეპორტირებული, რომლებიც ეჭვმიტანილი იყვნენ დანაშაულებრივ საქმიანობაში. საჭიროა უმრავლესობა, რათა შევზღუდოთ ან შევაჩეროთ უვიზო მიმოსვლა, მათ შორის, საქართველოსთანაც. დიახ, ეს ჩემი განზრახვაა -განაცხადა დონალდ ტუსკმა.

ტუსკის მოხსენების შემდგომ პოლონეთის სეიმმა დონალდ ტუსკის მთავრობას ნდობა გამოუცხადა. შესაბამის გადაწყვეტილებას 460-ადგილიანი სეიმის 243-მა წევრმა მისცა ხმა, წინააღმდეგი 210 კანონმდებელი იყო.

პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხზე კენჭისყრა პარლამენტში მას შემდეგ დანიშნა, რაც პირველ ივნისს გამართული პოლონეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მმართველი გუნდის კანდიდატი დამარცხდა. გამარჯვება კი კაროლ ნავროცკიმ მოიპოვა, რომელსაც ოპოზიციური მემარჯვენე-კონსერვატიული პარტია „კანონი და სამართლიანობა“ უჭერს მხარს. არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდეგ დონალდ ტუსკმა განაცხადა, რომ პოლონეთი ახალ რეალობაშია და მას ახალი დასაწყისი სჭირდება.