მე მინდა, რომ ვიყო საქართველოში საფუძვლიანი ცვლილებების ნაწილი -ანა თავაძე

0
2505

რუბრიკა გაიცანი ქართველები ნიდერლანდების სამეფოში საქართველოს საელჩოს ინიცირებული პროექტია და გვაცნობს ამ ქვეყანაში მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებს, პროექტის მხარდაჭერის და თანამშრომლობის სურვილი ჩვენი პორტალის DIASPORA.GE-ს  რედ.კოლეგიას მისი გაცნობისთანავე გაგავიჩნდა, რასაც დადებითად შეხვდა ნიდერლანდებში საქართველოს საელჩოც , რისთვისაც დიდ მადლობას მოვახსენებთ საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ნიდერლანდების სამეფოში ბ-ნ კონსტანტინე სურგულაძეს. 

დღეს წარმოგიდგენთ ქართველ სტუდენტს ანა თავაძეს. ანამ ამსტერდამის უნივერსიტეტში სწავლისათვის და ბაკალავრის ხარისხის მისაღებად სრული დაფინანსება მოიპოვა.
საქართველოში მეგობრებთან ერთად დაარსა არასამთავრობო ორგანიზაცია „EduSpace“, რომლის მიზანიც საზოგადოებაში საგანმანათლებლო სისტემაზე დისკუსიის დაწყებაა.
იცნობდეთ, ანა თავაძე, გოგონა, რომლის სურვილიცაა, რომ  ადამიანები მივიღოთ ისეთად როგორიც არიან.

სახელი, გვარი: ანა თავაძე
ასაკი: 20 წლის
პროფესია: ეს ცოტა რთული ასახსნელია.
ამსტერდამის უნივერსიტეტის Liberal Art
კოლეჯში ვარ და ფაკულტეტს ჰქვა
Humanities. მე მივყვები კომუნიკაციებისა და
მედიის განხრას.

   ოჯახი:  დედით დავიწყებ. ყველაზე ახლო კავშირი და ურთიერთობა დედასთან მაქვს. ასევე მყავს მამა, ბებია და ორი პატარა ძმა. ძალიან რთულია ასე ცხოვრება. ჩემი პატარა ძმები სწრაფად იზრდებიან და ყოველთვის მინდა, რომ იქ ვიყო როცა ახალ სიტყვას იტყვიან… ოჯახი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. დიდი ხნის წინ დედამ ჩადო დიდი ინვესტიცია ჩემს განათლებაში, ფინანსურიც, ემოციურიც, ადამიანურიც… ყოველთვის მეუბნებოდა რომ განათლება არის ყველაზე მნიშვნელოვანი და ნებისმიერი პრობლემის მოგვარება შეიძლება კარგი განათლების მიღებით. ბავშვობიდან მასწავლიდა, რომ მე არ უნდა ვყოფილიყავი არავის მსგავსი. მასწავლიდა იმას რომ საკუთარი თავის განვითარებაზე უნდა ვყოფილიყავი ორიენტირებული და არა სხვებთან შეჯიბრზე. ასე ვაკეთებ ყველაფერს დღემდე.

საქმიანობის სფერო:  ყოველთვის ძალიან მაწუხებდა საგანმანათლებლო სისტემა საქართველოში. მინდოდა, რომ ჩემი ძალებით და რესურსებით რაიმე გამეკეთებინა. ნახევარი წლის წინ, როცა ჩავედი თბილისში, მეგობრებთან ერთად გადავწყვიტეთ გაგვეკეთებინა არასამთავრობო ორგანიზაცია „EduSpace“, რომლის მიზანიც არის რომ პირველ რიგში საზოგადოებაში დისკუსია დაიწყოს საგანმანათლებლო სისტემაზე და ერთად განვიხილოთ ამ პრობლემის გადაჭრის გზები. გვაქვს ორი რუბრიკა – საუბრები განათლებაზე და პერსონალური ისტორიები. კიდევ ბევრი პროექტის განხორციელებას ვგეგმავთ.

გზა საქართველოდან ნიდერლანდების სამეფომდე: მე მინდოდა რომ მესწავლა იმ ქვეყანაში, სადაც მაქსიმალური თავისუფლება მექნებოდა საკუთარი თავის განვითარების მხრივ, საშუალება მქონოდა რომ მრავალფეროვანი პროექტები მეკეთებინა და არ ვყოფილიყავი ერთ საკითხზე ფოკუსირებული. რაც მთავარია ყოველთვის მინდოდა ეთნიკურად, რელიგიურად, პოლიტიკურად, სექსუალური ორიენტაციისა თუ სხვადსხვა შეხედულების ადამიანების გარემოცვაში მეცხოვრა. განათლების ხარისხის გარდა ეს იყო ის კრიტერიუმები რასაც ვეძებდი და ამიტომ არჩევანი გავაკეთე ამსტერდამის უნივერსიტეტზე. ჩემი აზრით ყველაზე ლიბერალური, ყველაზე თავისუფალი და პერსონალურ განათლებაზე მორგებული განათლების სისტემა აქვს სწორედ ჰოლანდიას. ჩამოვედი ამსტერდამში, რომელიც ჩემი აზრით ერთ-ერთი ყველაზე ინტერნაციონალური ქალაქია.

რა თქმა უნდა თავიდან რომ ჩამოვედი ძალიან ბევრ რამეზე კულტურული შოკი მქონდა. პირველი ალბათ რაც შემიძლია ვთქვა ელემენტარულად სისუფთავე. აეროპორტიდან რომ გამოვედი და დავინახე სეგმენტირებული ნაგვის ურნა, მივხვდი სადაც აღმოვჩნდი. მერე ნელ-ნელა იკვეთება რაღაცეები, როგორიცაა ხალხის პატივისცემა, ის რომ აქ ყველას თავისი საქმე აქვს, ის რომ ადამიანები გიღებენ ისეთად, როგორიც ხარ, გაქვს საშუალება აკეთო რაც გინდა და როგორც გინდა.

მესამე წელია უკვე მე მაქვს სრული დაფინანსება. რა თქმა უნდა ადვილი არ იყო ამ სტიპენდიის მოპოვება. სტიპენდია მივიღე, ვინაიდან მე სკოლის გარდა ძალიან აქტიური ვიყავი. დავდიოდი სხვადასხვა წრეზე, პროექტის მოდელირებებზე, ხელოვნების წრეზე, მონაწილეობას ვიღებდი სხვადასხვა ღონისძიებაში. ამიტომ ძალიან მრავალფეროვანი ავტობიოგრაფია მქონდა, რამაც და ასევე კარგმა ნიშნებმა გამოიწვია ის რომ მომცეს დაფინანსება.

საქართველო არის: საქართველო ჩემთვის არის ის ადგილი რომელიც ყოველთვის მტკივა. სადაც არ უნდა ვიყო, რა ამბავიც არ უნდა გავიგო ყველაფერს ვაკავშირებ საქართველოსთან. ძალიან ბევრს ვფიქრობ იმაზე თუ რა ადგილი უკავია საქართველოს ჩემ ცხოვრებაში და ერთ რამეს მივხვდი, ახლა როცა დავბრუნდი საქართველოდან. 1 იანვარს გამოვდიოდი კლუბ „ბასიანიდან“ და უკვე იწყებოდა დინამოს სტადიონთან ბაზრის გაშლა. ჩემმა მეგობარმა მითხრა, რომ რა საოცარიაო რომ მსოფლიოში ცნობილი დიჯეი ახლა გამოვა  კლუბიდან და იქვე მოხუცი ბებია მწვანილს ყიდისო. იმდენად ჰიბრიდული კულტურა ვართ, რომ ყველაფერი შეგვიძლია ვიპოვოთ ჩვენ ქალაქში.

საქართველოში დავბრუნდები, როცა ან საქართველოში დავბრუნდებოდი, თ: ის გრძნობა რაც მე მაქვს საქართველოს მიმართ, რომ მინდა  შევცვალო ბევრი რამ ჩემ ქვეყანაში, ეს გრძნობა აქვს თითქმის ჩემი თაობის ყველა წარმომადგენელს. მე მართლა მგონია, რომ ჩვენ ვართ ის ძალა, ვისაც ძალიან ბევრი რამის შეცვლა შეუძლია და აი ეს განგვასხვავებს ჩვენ ჰოლანდიელი ახალგაზრდებისაგან. ჰოლანდიამ უკვე გაიარა ეს საფუძვლიანი ცვლილებები. მე მინდა, რომ ვიყო საქართველოში საფუძვლიანი ცვლილებების ნაწილი, აქედან გამომდინარე საქართველო ყოველთვის იქნება ჩემ გეგმებში და ამიტომ საქართველოში დავბრუნდები ყველა შემთხვევაში. ვერ წარმომიდგენია სიტუაცია რა უნდა მოხდეს, რომ არ დავბრუნდე.

საქართველო მინდა რომ იყოს:   საქართველო მინდა რომ იყოს უფრო მეტად თავისუფალი ყველანაირი გაგებით.

ბოლოს საქართველოში ვიყავი : იანვრის დასაწყისში.

მენატრება: დედა მენატრება ყველაზე მეტად. ესაა გულწრფელი პასუხი. ასევე ერთობის გრძნობა მენატრება, რასაც აქ ვერ ვგრძნობ. საქართველოში როცა სადმე ვარ, ლექციაზე, ღონისძიებაზე ვგრძნობ რომ ჩემს გვერდით ჩემნაირი ადამიანები დგანან და ჩვენ ერთისთვის ვიბრძვით. აქ ამას ვერ ვგრძნობ.

რას ვისურვებდი : ვისურვებდი, რომ ადამიანებმა გაიგონ რომ ყველაფერი უფრო კარგად იქნება თუ ერთმანეთს მივიღებთ ისეთებს როგორიც ვართ. არც ცუდ „იარლიყს“ არ მივაკრავთ ერთმანეთს და არც კარგს. ეს არ ეხება მხოლოდ საქართველოს. მესიჯი რომ მქონდეს გასაგზავნი კაცობრიობისთვის მაშინაც ამას ვიტყოდი, რომ ჩვენ უნდა მივიღოთ ადამიანები ისეთები როგორებიც არიან.