უკანონო მიგრაციის ხელშეწყობაზე სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაწესება იგეგმება

0
1743

საქართველოს მოქალაქის უცხო ქვეყანაში უკანონო მიგრაციის მიზნით შესაბამისი პირობების შექმნაზე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დაწესება იგეგმება.

სისხლის სამართლის კოდექსს შესაძლოა ახალი – სპეციალური მუხლი დაემატოს, რომლის მიხედვით, საქართველოს მოქალაქის უცხო ქვეყნის საზღვარზე უკანონოდ გადაყვანისთვის ან მისთვის უცხო ქვეყნაში უკანონოდ ყოფნისთვის შესაბამისი პირობების შექმნა, ხელის შეწყობა გამოიწვევს თავისუფლების აღკვეთას ვადით სამიდან ექვს წლამდე.

თავისუფლების აღკვეთას ვადით სამიდან ექვს წლამდე გამოიწვევს საქართველოს მოქალაქის მიერ უცხო ქვეყანაში თავშესაფრის მიღების უფლების ბოროტად გამოყენებისათვის შესაბამისი პირობების შექმნა.

კანონში დაგეგმილი ცვლილებებით, რომელიმე ქმედება ჩადენილი არაერთგზის, ორი ან მეტი პირის მიმართ ყალბი საბუთების გამოყენებით გამოიწვევს თავისუფლების აღკვეთას ვადით ხუთიდან რვა წლამდე; ჩადენილი ორგანიზებული ჯგუფის მიერ გამოიწვევს თავისუფლების აღკვეთას ვადით შვიდიდან ათ წლამდე.

ცვლილებების პროექტი, რომლის მიზანია, ხელი შეუშალოს საქართველოს მოქალაქეთა უცხო ქვეყნის საზღვარზე უკანონოდ გადაყვანას და უცხო ქვეყანაში მათ უკანონოდ ყოფნას, “ქართული ოცნების“ დეპუტატებმა: არჩილ თალაკვაძემ, ეკა ბესელიამ, მამუკა მდინარაძემ, გიორგი ვოლსკიმ, კახა კუჭავამ, ოთარ დანელიამ, გიორგი ხატიძემ და ზვიად კვაჭანტირაძემ მოამზადეს.

პროექტის ინიცირება ბიუროს უახლოეს სხდომაზე იგეგმება.

წყარო info.ge