შენგენის ზონაში გამგზავრებაზე უარი – ცვლილებები კანონში

0
2525

მოქალაქეების საქართველოდან გასვლისა და საქართველოში შემოსვლის წესების შესახებ კანონში ცვლილებები მომზადდა, რომლის მიღების მიზანია, იმ მოქალაქეთა ევროკავშირის/შენგენის სივრცის ქვეყნებში გადინების შემცირება, რომლებიც უვიზოდ მოგზაურობის შესაძლებლობას არაკეთილსინდისიერად გამოიყენებენ.

თუ საქართველოს სასაზღვრო გამტარ პუნქტზე დადგინდა, რომ საქართველოს მოქალაქე ევროკავშირის/შენგენის სივრცის იმ ქვეყანაში მიემგზავრება, რომელთანაც საქართველოს უვიზო მიმოსვლის რეჟიმი აქვს, მას შეიძლება საზღვრის გადაკვეთაზე უარი ეთქვას შემდეგ შემთხვევებში, თუ არ გააჩნია: ბიომეტრიული პასპორტი, რომელიც უკანასკნელი 10 წლის განმავლობაშია გაცემული და რომლის მოქმედების ვადაც საქართველოში დაბრუნების დღისათვის არანაკლებ 3 თვეა; უკან დასაბრუნებელი სამგზავრო ბილეთი; სასტუმროს/საცხოვრებელი ბინის მოქმედი ჯავშანი ან სხვა დამადასტურებელი დოკუმენტი და მისამართი ან ევროკავშირის/შენგენის სივრცის ქვეყნის ტერიტორიაზე ლეგალურად მცხოვრები მასპინძლის მისამართი; სამოგზაურო დაზღვევა; მოგზაურობის ფინანსური უზრუნველყოფის დამადასტურებელი დოკუმენტი.

კანონით, საქართველოს მოქალაქეს საზღვრის გადაკვეთაზე უარი იმ შემთხვევაში შეიძლება ეთქვას, თუ სამართალდამცავი ორგანოების მიერ იძებნება ან თუ ყალბ ან ძალის არმქონე საბუთებს წარადგენს.

პროექტი “ქართული ოცნების“ დეპუტატებმა: არჩილ თალაკვაძემ, ეკა ბესელიამ, მამუკა მდინარაძემ, გიორგი ვოლსკიმ, კახა კუჭავამ, ოთარ დანელიამ, გიორგი ხატიძემ და ზვიად კვაჭანტირაძემ მოამზადეს.

პროექტის ინიცირება ბიუროს უახლოეს სხდომაზე იგეგმება. წყარო info.ge