ანტიდასავლური პროპაგანდისტი ქართული მედია საშუალებები,საზოგადოებრივი და პოლიტიკური ორგანიზაციები

0
1105

არასამთავრობო ორგანიზაცია „მედიის განვითარების ფონდმა” (MDF) 2017 წელს ჩატარებული მედიამონიტორინგის შედეგად, 1 967 ანტიდასავლური გზავნილი გამოავლინა, რომელთა უმეტესობა, ქვეყნის საგარეო პოლიტიკური ორიენტაციის საკითხებზე „პოლარიზაციის გაზრდას ისახავს მიზნად”.

ორგანიზაცია გასულ წელს 17 მედიასაშუალებას დააკვირდა და ექვსი ტელევიზიის, შვიდი ონლაინ და ოთხი ბეჭდვური მედიის ერთწლიანი მონიტორინგის ანგარიში 14 მაისს გამოაქვეყნა.

ანგარიშის მიხედვით, 2015-2016 წლებისგან განსხვავებით, 2017 წელს წინა პლანზე საგარეო პოლიტიკურმა თემატიკამ წამოიწია. შედეგად, თითქმის გასამმაგდა ანტიამერიკული გზავნილები (25,9%), რომელსაც ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსი (18,4%) და დასავლეთი (14,1%) მოსდევს. ამავე ანგარიშით, გაიზარდა რუსეთის დასავლეთის ალტერნატივად წარმოჩენისა და საბჭოთა კავშირის იდეალიზების შემთხვევებიც (7,2%).

ორგანიზაციის ინფორმაციით, მედიამონიტორინგის პროცესში, ის ოთხი მთავარი მიმართულებაც გამოიკვეთა, რომლის მიმართაც „კრემლისტური აქტორები” მოსახლეობაში შიშს თესავდნენ. ესენია: ომის, ბიოდივერსიის, ტერიტორიების და იდენტობის დაკარგვის საფრთხე.

ორგანიზაციის ცნობით, ანტიდასავლური გზავნილების მთავარი წყარო, წინა წლების მსგავსად, კვლავ მედია (827) იყო, რომელსაც პოლიტიკოსები (463) და საზოგადოება (411) მოსდევენ. შემდეგ კი, საზოგადოებრივი ორგანიზაციები (230) და სასულიერო პირები (37) არიან.

ანტიდასავლური გზავნილების მთავარ წყაროდ, ანგარიშში ოთხი ძირითადი მედიასაშუალებაა დასახელებული. ესენია: Geworld.ge, საქინფორმი, ტელეკომპანია ობიექტივი, ასავალ-დასავალი. პარტიებიდან კი: გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა (130), პატრიოტთა ალიანსი (91), ქართული დასი (44) და სოციალისტური საქართველო (40).

MDF-მა მედიამონიტორინგის შედეგად, საზოგადოებრივი ორგანიზაციების მიერ გახმოვანებული 33 ანტიდასავლური გზავნილიც გამოავლინა. ანგარიშის მიხედვით, მათგან ყველაზე აქტიური „ქართული მარში“, გაერთიანებულ დემოკრატიულ მოძრაობასთან დაკავშირებული „სახალხო კრება”, „ევრაზიული ინსტიტუტი”, „უფლებადამცველთა გაერთიანება”, „გლობალური კვლევების ცენტრი” და „სტალინი” იყო.