დავით იაკობიძის აზრით ბანკების დაკვეთით შექმნილ რეკლამას რეგულაცია ჭირდება ვინაიდან კლიენტებს ატყუებენ

0
1329

ფინანსთა ყოფილი მინისტრი დავით იაკობიძე აცხადებს, რომ ეროვნული ბანკი ფულად-საკრედიტო პოლიტიკის ყველა ასპექტზე პასუხისმგებელია. ამიტომ რბილი ზეწოლის საშუალებით უნდა ჩამოყალიბდეს ამ პოლიტიკის ზოგადი ტენდენცია.

„ტელევიზორში ვუყურებ საშინელ რეკლამებს. მაგალითად, ვიღაც ქალი რეკლამაში ამბობს, რომ ახლა ავიღე კრედიტი და უნდა გადავფარო სხვა ბანკში კრედიტიო. ე.ი. ხალხს აჩვევენ და მათ ყურს ხედნიან იმისთვის, რომ ადამიანები სავახშო ვალდებულებებში ჩართონ და ამას ბანკის პიარსამსახური აკეთებს. ამიტომ ეროვნული ბანკის ხელმძღვანელმა ცოტა უფრო მკაცრადაც უნდა გამოხატოს პოზიცია და, როცა აფასებს ბანკის საქმიანობას, უნდა თქვას, რომ ბანკის მენეჯმენტი ცუდია. კონკრეტულად უნდა ამხილოს ის ბანკები, რომლებიც ასეთ ცუდ საქმეებს სჩადიან“, – აცხადებს დავით იაკობიძე.

მისი თქმით, ბანკები კლიენტებს ატყუებენ. ამიტომ მცირე პროცენტი იქნება, თუ მაღალი პროცენტი, მომხმარებელი ბანკის პირობებს აუცილებლად უნდა გაეცნოს და უნდა იცოდეს, თუ რა პირობით იღებს სესხს, შეუძლია თუ არა დაფაროს. მეტიც, მისი თქმით, თბილისში ვერ იპოვით ადამიანს, რომელიც ნებისმიერი ბანკის მომსახურებით სარგებლობდეს და ის კმაყოფილი იყოს.

დავით იაკობიძე აცხადებს, რომ ამ სფეროში საშინელი მდგომარეობაა. მაგალითად, მოქალაქემ ახალი პასპორტი უნდა აიღოს და ათი ლარი აქვს გადასახდელი, ამ დროს ბანკებში 11 ლარს ართმევენ ამ ათი ლარის გადარიცხვისთვის და ამ ადამიანისგან იღებენ 10%-ს. ამას მომხმარებელი არ უყურებს, რადგან მისთვის ერთი ლარის ზედმეტად გაღება არაფერს ნიშნავს.

„ასეთი თავხედობებია ყოველ ნაბიჯზე. ამათ ყაჩაღები არ ჰქვიათ, ამ საქციელის გამო მათ ძალიან კარგი სახელი ჰქვიათ ოდითგანვე – მევახშე და წურბელა. დარეჯანი როგორც შეაპარეს ლუარსაბს, თითქოს, ულამაზესი იყო, ასეა ბანკების ამბავიც. ვითომ დაბალპროცენტიანი სესხით ატყუებენ ხალხს. ამიტომ გულდასმით წასაკითხია ბანკთან დასადები კონტრაქტი, თუ როდის შედის ძალაში, პროცენტი როდის გერიცხებათ, პირდაპირი პროცენტია, რთული პროცენტია თუ მარტივი, გათვლები რის მიხედვით ხდება“ – აცხადებს დავით იაკობიძე.

(C) http://for.ge