დიასპორაში ჩვენ გვეკისრება ეროვნული ცნობიერების შენარჩუნებისათვის ზრუნვა- ინტერვიუ მამა ილიასთან

0
2181

საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის საპატრიარქო ისტორიულად  საქართველოში ყველაზე დიდი რელიგიური და სოციალური უმნიშვნელოვანესი ინსტიტუტია, რომელსაც დღესდღეობით ათასობით სასულიერო პირი წარმოადგენს, თუმცა მათ შორის განათლებული და ინტელექტუალური მღვდელმსახურების პოვნა არცთუ ადვილი მოსაძებნია. დღეს ჩვენი სტუმარი საქართველოს საპატრიარქოს დიდი ბრიტანეთის და ირლანდიის ეპარქიის, ბირმინგემის, მანჩესტერის, გლაზგოს და სანდერლენდის ქართული სამრევლოების წინამძღვარი დეკანოზი ილია ჭიღლაძეა , რომელიც  ჩვენი ეკლესიის სწორედ რომ გამორჩეული საეკლესიო მოღვაწეა თავისი მრავალმხმრივი მოღვაწეობით, შესანიშნავი საერო და საღვთისმეტყველო განათლებით, დახვეწილი ინტექტუალიზმით და  აქტიური მქადაგებლობით. დეკანოზი ილია 2016 წლის ნოემბრიდან სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის ლოცვა-კურთხევით დადგენილია საქართველოს საპატრიარქოს დიდი ბრიტანეთის და ირლანდიის ეპარქიის მღვდელმსახურად რომელსაც მისი მაღალყოვლადუსამღვდელოესობა, დმანისისა და აგარაკ- ტაშირის, დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის მთავარეპისკოპოსი მეუფე ზენონი (იარაჯული) წინამძღვრობს.

 

 – არ არის ადვილი უცხოეთში მსახურება, – მოგვითხრობს მამა ილია – დიდი ბრიტანეთის და ჩრ. ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში ქართული დიასპორა კონტინენტური ევროპის ქვეყნებთან შედარებით უფრო მცირერიცხოვანია, ხოლო ამ დიასპორის დიდი უმრავლესობა დედაქალაქ ლონდონსა და მის შემოგარენში ცხოვრობს. ჩვენი სამრევლო და სამოძღვრო არეალი კი ცენტრალურ და ჩრდილოეთ ინგლისს და შოტლანდიას მოიცავს, სადაც ქართული დიასპორა ძალიან მცირერიცხოვანია და რამდენიმე ათეულ ოჯახს ითვლის. მდგომარეობას ართულებს ისიც რომ სასულიერო პირებს სამშობლოდან არანაირი ფინანსური დოტაცია თუ სხვა სახის დახმარება არ გვაქვს, არ გაგვაჩნია საკუთარი ტაძრები. მთლიანად მრევლის ენთუზიასა და შესაძლებლობებზე ვართ დამოკიდებული, რაც მცირერიცხოვან დიასპორაში მეტ სირთულეს შეიცავს და ბევრ საჭირო საქმეს რომლის გაკეთების სურვილიც გვაქვს ხელი გვეშლება…

– მამა ილია თქვენი გამოცდილებით, რა არის მთავარი მისია , იმ სასულიერო პირებისთვის რომლებიც ქართულ დიასპორებში მოღვაწეობენ?

მღვდლის მთავარი ფუნქცია ქრისტეს სიტყვის, ანუ მართლმადიდებლობის ქადაგებაა, მეორე და მნიშვნელოვანი კი რაც დიასპორაში ჩვენ გვეკისრება არის ეროვნული ცნობიერების შენარჩუნებისათვის ზრუნვა. ამის გარეშე ჩვენი მოღვაწეობა იქნებოდა უშინაარსო და გაუმართლებელი. საქართველოს ეკლესია იყო და არის ქართული ეროვნული იდენტობის შენარჩუნების მთავარი ფაქტორი, რამდენადაც მდიდარი ქართული კულტურა და ტრადიციები არის ქრისტიანობის პროდუქტი. ასევე მნიშვნელოვანი ამოცანაა ემიგრაციაში ერთიანობის და ერთსულოვნების გაძლიერება, სამწუხაროდ ქართველებს გვიჭირს ერთსულოვნება და ერთიანობა.

– სასულიერო პირები რომლებიც უცხოეთში მოღვაწეობენ ქართულ სამრევლოებში , რა ტიპის მხარდაჭერას საჭიროებენ სამშობლოსაგან და როგორ ფიქრობთ, რა საფრთხეები არსებობს უცხოეთში მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებში სამშობლოსთან კავშირის კუთხით?

უპირველესად რაც გვჭირდება, ესაა ფინანსური რესურსები ტაძრების შესყიდვის, ან ქირაობისათვის. რა თქმა უნდა, ასევე მღვდლის საარსებოდ საჭიროა აუცილებელი საარსებო ხელფასი, რაც სამწუხაროდ არ არსებობს საქართველოს ეკლესიაში, განსხვავებით ყველა სხვა ნორმალურად ადმინისტრირებული ეკლესიისგან. საქართველოს საპატრიარქოს საზღვარგარეთ ხუთი მოქმედი ეპარქია აქვს და რამდენადაც მე ვიცი, აქედან მხოლოდ ერთი ეპარქიის სამღვდელოებას აქვს მინიმალური აუცილებელი ფინანსური დოტაცია. მეორე საკითხი რაც აუცილებლად საჭიროებს ხელშეწყობას, ესაა დიასპორისათვის ქართული კულტურის და ენის ცენტრების შექმნა. სამწუხარო რეალობაა და ამაზე თითქმის არავინ საუბრობს საჯაროდ: აქ დაბადებული, ან გაზრდილი ქართველი ბავშვების სრული უმეტესობა ვერ, ან არასრულყოფილად ფლობს ქართულ ენას, არ იციან ქართული წერა-კითხვა. მიმდინარეობს მათი სრული ასიმილაცია. რაოდენ სამწუხაროა, რომ ემიგრაციაში გაზრდილ პირველივე თაობას უკვე ასიმილაციის პრობლემა აქვს, მაშინ როდესაც გაერთიანებული სამეფოში სხვა ეროვნული უმცირესობების აქ დაბადებული მეოთხე-მეხუთე თაობებიც შესანიშნავად ფლობენ თავიანთ მშობლიურ ენებს და მყარად არიან თავიანთ ეთნიკურ იდენტობაში. შარშან ამ საკითხზე დავწერე ღია წერილი სოციალურ ქსელში, მახსოვს ზოგიერთი ადამიანი გამინაწყენდა სამრევლოებიდან, მაგრამ სიმართლეს თვალი უნდა გავუსწოროთ, ეგოიზმის და ამპარტავნების ნაცვლად დავინახოთ საკუთარი შეცდომები, რეალობა და ვიფიქროთ მდგომარეობის გამოსწორებაზე. ეროვნული იდენტობის მთავარი ნიშანი არის მშობლიური ენა, რომლის გარეშეც ადამიანი მოწყვეტილი იქნება თავის სამშობლოს, მის ისტორიას და კულტურას. მშობლების ხელშია, მათი შვილები შეინარჩუნებენ თუ დაკარგავენ ქართველობას. ბილინგვურობა, ანუ ორენოვანება არის სავსებით შესაძლებებელი და ჩვეულებრივი მოვლენა, მაგრამ როდესაც თავად მშობელი ელაპარაკება შვილს ინგლისურად, ასეთი შვილი განწირულია ეთნიკური ასიმილაციისათვის და საქართველო, მისი მშობლების სამშობლო მისთვის იქნება სრულიად უცხო სამყარო, ენის გარეშე ეროვნული კუთვნილება ფიქტიურია. გაოცებული ვარ როგორ ინარჩუნებენენ სხვა ეთნიკური უმცირესობები მრავალი თაობის მანძილზე იდენტობას, და როგორ ჰკარგავენ ამას ათი-თხუთმეტი წლის წინ ჩამოსული ქართველების შვილები. განგაშის ზარს ვრეკავ იმიტომ, რომ ჯერ კიდევ შესაძლებელია ბავშვებთან და მოზარდებთან კომუნიკაცია და მუშაობა, თორემ 20 წლის ადამიანი უკვე ჩამოყალიბებული და იდენტიფიცირებული იქნება ბოლომდე და მისი ენობრივი და ეთნიკური კორექტირება შეუძლებელი იქნება. ამას რატომღაც ძალიან ბევრი ქართველი მშობელი ვერ იაზრებდა აქამდე. გაერთიანებულ სამეფოში, ისევე როგორც მთელს ევროპაში დაიცვა და შეინარჩუნო შენი ეთნიკური იდენტობა სავსებით ჩვეულებრივი და კანონზომიერი მოვლენაა, საჭიროა მხოლოდ პირადი ნება და სათანადო მუშაობა ამ მხრივ.

– ფიქრობთ თუ არა რომ, ქართული დიასპორის უცხოეთის სხვადასხვა ქვეყნებში არსებობა ეხმარება ჩვენს ქვეყანას და რა კუთხით?

ნამდვილად ეხმარება ეს ჩვენს ქვეყანას. პირველ რიგში, ესაა ფინანსური სარგებელი, კარგად ვიცით რომ ემიგრანტების მიერ სამშობლოში გადარიცხული თანხები ყოველწლიურად მილიარდ დოლარზე მეტია, რაც სერიოზული შენატანია გაღატაკებული ჩვენი ქვეყნის ეკონომიკაში, სამშობლოში დარჩენილი ოჯახის წევრების და ახლობლების საზრდოობისა და გადარჩენისათვის. ემიგრაცია ასევე ახდენს ჩვენი ქვეყნის გაცნობას ევროპა-ამერიკაში, რადენადაც ბოლო პერიოდამდე დასავლეთის ქვეყნებში პრაქტიკულად არ არსებობდა ქართული ემიგრაცია (1921 წლის ემიგაცია უკიდურესად მცირერიცხოვანი იყო და ანგარიშში ჩასათვლელი არცაა) და ჩვენი ქვეყნის ცნობადობა დას. ევროპის და ამერიკის ხალხებში რამის ნულს უტოლდებოდა, ახლა ქართული ემიგრაციის ამ დიდი ნაკადების წყალობით საქართველო და ქართველი ერი თანდათან გაგვიცნეს. თუ ემიგრანტები თანდათანობით გახდებიან ადგილსამყოფელ ქვეყნებში წარმატებებული მოქალაქეები, მათ შეეძლებათ სერიოზული ლობისტობა გაუწიონ თავის სამშობლოს პოლიტიკურ, სოციალურ და სხვა საკითხებში, როგორც ეს მაგალითად ებრაულ, სომხურ და სხვა დიასპორების მიერ ხდება ისტორიულად.

– ხშირად ისმის- ,,წლები მიქრიან ‘’… წლების შემდგომ რითი გინდათ იყოთ ამაყი?

ექვსი წელია რაც მღვდელმსახური ვარ, ბრიტანეთში წამოსვლამდე ბოლნისსა და მარნეულში მომიწია საეკლესიო მსახურება, ურთულეს რეგიონებში, რაც ასევე ბევრ სირთულესთან და ნაკლებ თანადგომასთან იყო დაკავშირებული, თუმცა კმაყოფილი ვარ იმით, რომ არ დამიშურებია ცოდნა, ძალა და ენერგია იმისათვის, რათა ჩემი მსახურება ყოფილიყო კეთილი ნაყოფის მომტანი თითოელი ადმიანისათვის, ვისთანაც მქონდა შეხება და ურთიერთობა, ამ მეტად რთულ და დაბნეულ დროში, როდესაც რწმენა ხშირად მოჩვენებითია. მინდა ეს მღვდლობის უღელი რაც ვიტვირთე და რაც ჩემი ბავშვობის ოცნება იყო, პირნათლად და ნაყოფიერად ვატარო უკანასკნელ ამოსუნთქვამდე და ქრისტეს მიერ იყოს მიღებული როგორც კეთილი და კურთხეული ნაყოფი.

– ჩვენს სამშობლოს, საქართველოს რომ ესაუბრებოდეთ, რა გინდათ გითხათ მან და რას ეტყოდთ თქვენ მას?

ვუყურებ რა ჩვენს სამშობლოს, ჩვენს საქართველოს, ხშირად მეცოდება, და მიფიქრია: დღევანდელი ქართველები არ ვიმსახურებთ ამ საოცარ მთა-ბარს და მიწა-წყალს, ამ დიდ მატერიალურ და სულიერ კულტურას, რაც საუკუნეთა მანძილზე შეინახეს და გვიმემკვიდრეს ჩვენმა წინაპრებმა. მინდა ჩვენს ხალხს ჰქონდეს მეტი პატიოსნება, მეტი სიყვარული, მეტი გატანის და თანადგომის უნარები, მეტი განათლება და ნაკლები აგრესია. ქართველი ერი უკიდურესად დაიღალა ამდენი პოლიტიკური და ეკონომიკური წარუმატებლობებით, რაც დამოუკიდებლობის აღდგენიდან, 1991 წლიდან დღემდე სახეზეა. მორალური ხრწნა სახეზეა, რაც იწვევს ძალიან დიდი პრობლემებს ჩვენს ქვეყანაში. გამოსწორების ერთადერთი გზა კი ერში, მის ყველა სეგმენტში პატიოსნების, კვალიფიციურობის, კანონმორჩილების ამაღლებაა. ყველა შეიძლება ვერ იყოს მორწუნე, ეს პირადული საკითხია, მაგრამ ყველა უნდა იყოს თავისი სამშობლოს პატრიოტი, სხვანაირად ქვეყნის მშენებლობა წარმოუდგენელია, უფალი იესო ქრისტე კი არის მაცხოვარი და მხსნელი ყოველი ადამიანისა, თუ ადამიანს ექნება სათანადო ნება, გამოხატული რწმენასა და სიყვარულში.

-დიდი მადლობა მამა ილია თქვენი გულწრფელი და დასაფიქრებელი პასუხებისთვის …

ესაუბრა ავთანდილ გიუნაშვილი