დეკანოზი ილია ჭიღლაძე მიიჩნევს რომ აუცილებლად ხელშესაწყობია ქართულ დიასპორებში კულტურის და ენის ცენტრების შექმნა

0
1933

,, საკითხი რაც აუცილებლად საჭიროებს ხელშეწყობას, ესაა დიასპორისათვის ქართული კულტურის და ენის ცენტრების შექმნა. სამწუხარო რეალობაა და ამაზე თითქმის არავინ საუბრობს საჯაროდ: აქ დაბადებული, ან გაზრდილი ქართველი ბავშვების სრული უმეტესობა ვერ, ან არასრულყოფილად ფლობს ქართულ ენას, არ იციან ქართული წერა-კითხვა. მიმდინარეობს მათი სრული ასიმილაცია. რაოდენ სამწუხაროა, რომ ემიგრაციაში გაზრდილ პირველივე თაობას უკვე ასიმილაციის პრობლემა აქვს, მაშინ როდესაც გაერთიანებული სამეფოში სხვა ეროვნული უმცირესობების აქ დაბადებული მეოთხე-მეხუთე თაობებიც შესანიშნავად ფლობენ თავიანთ მშობლიურ ენებს და მყარად არიან თავიანთ ეთნიკურ იდენტობაში. შარშან ამ საკითხზე დავწერე ღია წერილი სოციალურ ქსელში, მახსოვს ზოგიერთი ადამიანი გამინაწყენდა სამრევლოებიდან, მაგრამ სიმართლეს თვალი უნდა გავუსწოროთ, ეგოიზმის და ამპარტავნების ნაცვლად დავინახოთ საკუთარი შეცდომები, რეალობა და ვიფიქროთ მდგომარეობის გამოსწორებაზე. ეროვნული იდენტობის მთავარი ნიშანი არის მშობლიური ენა, რომლის გარეშეც ადამიანი მოწყვეტილი იქნება თავის სამშობლოს, მის ისტორიას და კულტურას. მშობლების ხელშია, მათი შვილები შეინარჩუნებენ თუ დაკარგავენ ქართველობას. ბილინგვურობა, ანუ ორენოვანება არის სავსებით შესაძლებებელი და ჩვეულებრივი მოვლენა, მაგრამ როდესაც თავად მშობელი ელაპარაკება შვილს ინგლისურად, ასეთი შვილი განწირულია ეთნიკური ასიმილაციისათვის და საქართველო, მისი მშობლების სამშობლო მისთვის იქნება სრულიად უცხო სამყარო, ენის გარეშე ეროვნული კუთვნილება ფიქტიურია. გაოცებული ვარ როგორ ინარჩუნებენენ სხვა ეთნიკური უმცირესობები მრავალი თაობის მანძილზე იდენტობას, და როგორ ჰკარგავენ ამას ათი-თხუთმეტი წლის წინ ჩამოსული ქართველების შვილები. განგაშის ზარს ვრეკავ იმიტომ, რომ ჯერ კიდევ შესაძლებელია ბავშვებთან და მოზარდებთან კომუნიკაცია და მუშაობა, თორემ 20 წლის ადამიანი უკვე ჩამოყალიბებული და იდენტიფიცირებული იქნება ბოლომდე და მისი ენობრივი და ეთნიკური კორექტირება შეუძლებელი იქნება. ამას რატომღაც ძალიან ბევრი ქართველი მშობელი ვერ იაზრებდა აქამდე. გაერთიანებულ სამეფოში, ისევე როგორც მთელს ევროპაში დაიცვა და შეინარჩუნო შენი ეთნიკური იდენტობა სავსებით ჩვეულებრივი და კანონზომიერი მოვლენაა, საჭიროა მხოლოდ პირადი ნება და სათანადო მუშაობა ამ მხრივ” – განაცხადა DIASPORA.GE- სთან საუბრისას საქართველოს საპატრიარქოს, დიდი ბრიტანეთის და ირლანდიის ეპარქიის, ბირმინგემის, მანჩესტერის, გლაზგოს და სანდერლენდის ქართული სამრევლოების წინამძღვარმა დეკანოზმა ილია ჭიღლაძემ.