ნიქოზიაში საქართველოს საელჩოს მიერ ორგანიზებული მიღება კვიპროსულმა ტელეკომპანიამ “ANT1” გააშუქა.

0
1103

კვიპროსის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩომ დამოუკიდებლობის დღისა და საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების 100 წლისთავის აღსანიშნავად ქ. ნიქოზიაში საზეიმო მიღება გამართა. მიღებას ესწრებოდნენ კვიპროსის რესპუბლიკის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოების, ქ. ნიქოზიაში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, ქართული დიასპორის, არასამთავრობო სექტორის, ეკლესიის, მედიის, ბიზნესის, აკადემიური წრეების წარმომადგენლები. დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა საქართველოს ელჩმა რევაზ ლომინაძემ. კვიპროსის რესპუბლიკის მხრიდან, სიტყვით გამოვიდნენ პარლამენტის თავმჯდომარე დემეტრის სილურისი და თავდაცვის მინისტრი სავას ანგელიდისი.

   გამოსვლისას, რევაზ ლომინაძემ ხაზი გაუსვა საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების 100 წლის იუბიულეს მნიშვნელობას და მოკლედ მიმოიხილა საუკუნის წინ განვითარებული მოვლენები. ელჩმა ასევე ისაუბრა თანამედროვე საქართველოს მიღწევებზე და მისწრაფებებზე, ასევე, ქვეყნის წინაშე მდგარ გამოწვევებზე. მან ხაზი გაუსვა ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მძიმე ვითარებას, სირიის არაბული რესპუბლიკის მიერ ცოტაოდენი ხნის წინ აფხაზეთის, საქართველო და ცხინვალის რეგიონი/სამხრეთ ოსეთი, საქართველო ე.წ. დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარების მიუღებლობას და ისაუბრა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საქმეში საერთაშორისო საზოგადოების კიდევ უფრო გააქტიურების მნიშვნელობაზე.

ელჩმა მადლიერება გამოხატა კვიპროსის რესპუბლიკის მიერ საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ევროპული მისწრაფებების მხარდაჭერის გამო. რევაზ ლომინაძემ ასევე დააფიქსირა საქართველოს სრული მხარდაჭერა კვიპროსის პრობლემის დროული პოლიტიკური და მშვიდობიანი მოგვარების მიმართ. ელჩმა მადლობა გადაუხადა კვიპროსის მართლმადიდებლურ ეკლესიას, რომელმაც წლის დასაწყისში ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიას უსასყიდლოდ გადასცა მიწა სამონასტროდ.

დემეტრის სილურისმა, რომელიც მცირე ხნის წინ ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა საქართველოში, ისაუბრა ორ ქვეყანას შორის ჩამოყალიბებულ მეგობრულ ურთიერთობებზე და აღნიშნა საპარლამენტო თანამშრომლობის მნიშვნელობა. სავას ანგელიდისმა გამოხატა კვიპროსის რესპუბლიკის მხარდაჭერა საქართველოს ევროპული მისწრაფებების, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. მან ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების იმედი გამოთქვა. ღონისძიების ფარგლებში ასევე გაიმართა საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაფუძნებასთან დაკავშირებული ფოტო და ვიდეო ჩვენებები. მიღება გააშუქა კვიპროსულმა ტელეკომპანიამ “ANT1”. საელჩო მოწვეულ სტუმრებს ქართული ღვინით გაუმასპინძლდა.