გერმანიის მთავრობა უცხოელი კვალიფიციური კადრებისთვის საიმიგრაციო კანონმდებლობის გამარტივებას გეგმავს.

1
1252

გერმანიის მთავრობა უცხოელი კვალიფიციური კადრებისთვის საიმიგრაციო კანონმდებლობის გამარტივებას გეგმავს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

მედიასაშუალების ცნობით, შესაბამისი დოკუმენტი გერმანიის შინაგან საქმეთა, შრომისა და ეკონომიკის სამინისტროებმა ერთობლივად შეიმუშავეს.

Reuters-ის მონაცემებით, გერმანია კვალიფიციური კადრებისა და ახალგაზრდების ნაკლებობას განიცდის.

ინიციატივა ითვალისწინებს ქვეყნის საიმიგრაციო კანონმდებლობის გამარტივებას ევროკავშირის არაწევრი ქვეყნების მოქალაქე სპეციალისტებისთვის.

გერმანიაში უკვე მოქმედებს „ლურჯი ბარათის“ სისტემა, რომელიც კომპანიებს უცხოელი მეცნიერებისა და კვალიფიციური თანამშრომლების აყვანას უმარტივებს.

ახალი ინიციატივის თანახმად კი, კომპანიები არ იქნებიან ვალდებულნი, კადრების შერჩევისას, უპირატესობა გერმანიის მოქალაქეებს მიანიჭონ. უცხო ქვეყნის მოქალაქე სპეციალისტები, გერმანიაში ჩასვლას და გარკვეული პერიოდის განმავლობაში სამსახურის მოძიებას შეძლებენ, თუ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს აკმაყოფილებენ.

გერმანიის მთავრობა შერჩეულ ქვეყნებში სარეკლამო კამპანიის ჩატარებასაც გეგმავს.

შრომის ფედერალური ბიუროს მონაცემებით, გერმანიაში 1.2 მილიონი ვაკანტური სამუშაო ადგილია.