რუსეთში თბილისი-კრასნოდარის რეისით მიმავალი საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა

0
1640

რუსეთში, სტავროპოლის ოლქში ავტოსაგზაო შემთხვევას საქართველოს ერთი მოქალაქე ემსხვერპლა, დაიღუპა ასევე რუსეთის ერთი მოქალაქე.

შემთხვევისას მძიმედ დაშავდა ცხრა ადამიანი. მათ შორის ოთხი ბავშვია. ისინი ამ დრომდე საავადმყოფოში რჩებიან.

სტავროპოლის ოლქის სამმართველოს ინფორმაციით, დაშავებულებიდან სამი საქართველოს მოქალაქეა. ანდროპოვის რაიონის ხელისფლებამ იმ დაზარალებულებისთვის, რომლებიც ავარიის დროს სერიოზულად არ დაშავდნენ, სპეციალური ტრანსპორტით კრასნოდარში ჩაიყვანენ.

საქართველოს მოქალაქეების დაშავების შესახებ ინფორმაციას ადასტურებენ საქართველოს საგარეოს საქმეთა სამინისტროში. უწყების ცნობით, მომხდარიდან მალევე დაუკავშირდნენ რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს.

„ორი გარდაცვლილიდან ერთი იყო საქართველოს, ხოლო მეორე რუსეთის ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირი. დაშავებულები ორ საავადმყოფოში არიან გადანაწილებული. ერთ-ერთ საავადმყოფოში ოთხი დაშავებულია გადაყვანილი და მათგან სამი საქართველოს მოქალაქეა. სამივეს ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. საკონსულო ცდილობს სამივესთან კონტაქტზე გასვლას. მეორე კლინიკაში, პიატიგორსკის საავადმყოფოში ცხრა დაზარალებულიდან არც ერთი არ არის საქართველოს მოქალაქე“, – აცხადებენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში.

უწყებაში აცხადებენ, რომ თუ საჭირო გახდა საქართველოს მოქალაქეების დახმარება, საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსულ მხარესთან კონტაქტზე იმყოფება. ფედერალურ ავტომაგისტრალ „კავკაზზე“ თბილისი-კრასნოდარის რეისით მიმავალი ავტობუსი სატვირთო ავტომობილს დაეჯახა. ამ დროს ავტობუსში 40 ადამიანი იმყოფებოდა. რუსული მედია იუწყება, რომ ავტობუსის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და „კამაზის“ მარკის სატვირთო ავტომობილს დაეჯახა. ინციდენტის გამო, მაგისტრალზე მოძრაობა რამდენიმე საათით აიკრძალა.