საქართველოს ფოსტა ევროპაში EMS-ს მომსახურების ხარისხით საუკეთესო ოპერატორად დასახელდა

0
1367

2018 წლის პირველი კვარტლის შეფასების მიხედვით, საქართველოს ფოსტა EMS-ს მომსახურების ხარისხის კუთხით მსოფლიო რეიტინგში მეორე, ხოლო ევროპის მასშტაბით პირველ ადგილს იკავებს. საფოსტო ოპერატორებს   აფასებს დამოუკიდებელი საერთაშორისო აუდიტორიული კომპანია PWC-ი, მსოფლიო საფოსტო კავშირის EMS გაერთიანების მიერ დადგენილი სპეციალური საოპერაციო და ხარისხის სტანდარტების შესაბამისად – „ჩვენთვის მეტად საამაყო შედეგია მსოფლიოს 180 საფოსტო ოპერატორს შორის დაიკავო მეორე ადგილი, ხოლო ევროპაში იყო პირველი. ამისათვის მადლობა მსურს გადავუხადო საქართველოს ფოსტის გუნდს, რომელმაც დიდი შრომა გაწია ასეთი შედეგების მისაღწევად. მართალია ეს მხოლოდ პირველი კვარტლის შედეგია, თუმცა დარწმუნებული ვარ ჩვენ სულ მცირე შევძლებთ ამ შედეგის შენარჩუნებას, თუ გაუმჯობესებას არა. მსოფლიო საფოსტო კავშირის და პოსტევროპის ექსპერტების რეკომენდაციების გათვალისწინებით საქართველოს ფოსტამ EMS მომსახურებისთვის განახორციელა სერვისის სრული მოდერნიზაცია და საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით შეიმუშავა ახალი საოპერაციო მოდელი, რომელიც ორიენტირებულია მომხმარებელზე და სრულად პასუხობს პრემიუმ კლასის მომსახურების ყველა სტანდარტს“ – აცხადებს საქართველოს ფოსტის გენერალური დირექტორი ლევან ჩიკვაიძე.

 მსოფლიო საფოსტო კავშირის EMS გაერთიანება 1999 წელს შეიქმნა. ორგანიზაცია მსოფლიოში ყველაზე დიდი საოპერაციო ქსელით არისწარმოდგენილი და მოიცავს 180 საფოსტო ოპერატორს პრემიუმ კატეგორიის საერთაშორისო საფოსტო მომსახურების მიმართულებით. საქართველოს ფოსტა EMS გაერთიანებაში 2001 წელს გაწევრიანდა.