პრემიერი ბახტაძე კონკურენტუნარიანი სპეციალისტების და პროფესიონალების საჭიროებას ხედავს

0
1479

„ჩვენ ვართ მთლიანად ფოკუსირებული იმაზე, რომ საქართველოში შევქმნათ ისეთი ადამიანური კაპიტალი, რომელიც კონკურენტუნარიანი იქნება 21-ე საუკუნეში, ციფრულ ეპოქაში“ – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ „პროგრესული ალიანსის“ მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე – „შრომის პერსპექტივები ციფრულ ეკონომიკაში“ განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ განათლების სისტემის ფუნდამენტური რეფორმა საქართველოს მთავრობისთვის აბსოლუტურ პრიორიტეტს წარმოადგენს და მთავარი ამოცანაა, რომ განათლების სექტორს ჰქონდეს მინიმუმ ორნიშნა რიცხვი ქვეყნის მთლიან შიდა პროდუქტში.

„ეს არის ძალიან ამბიციური ამოცანა, თუმცა, დარწმუნებული ვართ, რომ რეფორმის შედეგად ამ მიზანს აუცილებლად მივაღწევთ. განათლება უნდა მოვარგოთ ახალ ეკონომიკურ გამოწვევებს. ჩვენ გვჭირდება კონკურენტუნარიანი სპეციალისტები და პროფესიონალები გლობალურ შრომით ბაზარზე“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ბევრი ექსპერტი საუბრობს, რომ ციფრული ეპოქა გარკვეულ პროფესიებში სამუშაო ადგილების შემცირებას გამოიწვევს, მაგრამ ამავე დროს, აუცილებლად იქნება მოთხოვნა ახალ პროფესიებზე. „მაგალითისთვის შემიძლია დაგისახელოთ, რომ მხოლოდ კიბერ უსაფრთხოების დარგში უკვე დღეს მსოფლიოში არის დაახლოებით სამი მილიონი სამუშაო ადგილი, რომელიც ვერ ივსება, იქედან გამომდინარე, რომ არ არსებობენ სპეციალისტები. სწორედ ასეთ პროფესიებზე და ასეთ შესაძლებლობებზე იქნება მორგებული ჩვენი განათლების რეფორმაც. ჩვენთვის მთავარია, ქვეყანაში მივაღწიოთ ინკლუზიურ ზრდას. ინკლუზიური ზრდა ნიშნავს თითოეული მოქალაქის ჩართულობას ქვეყნის აღმშენებლობით პროცესში. ვფიქრობ, რომ ციფრული ტექნოლოგიები იძლევა ამის უნიკალურ საშუალებას“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.