უძრავი ქონების შესყიდვით მიღებული ბინადრობის უფლება და მისი პერსპექტივები

0
3127

  ბინადრობის უფლებისთვის საინვესტიციო ვალდებულების ზრდა დეველოპერებს პრობლემას არ შეუქმნის, – მიიჩნევს დეველოპერული კომპანია არსის ხელმძღვანელი თორნიკე აბულაძე.

ამ ყველაფერს მოწმობს ისიც, რომ მაგალითად,  იმ კომპანიებში,  სადაც თორნიკე აბულაძეს ინფორმაციასთან წვდომა აქვს, გაყიდული 400 ბინიდან, უცხოელებზე მხოლოდ 4-5% მოდის, მაშინ როცა   უცხოელზე მიყიდული 20 ბინით  ბინადრობა 100-ს აქვს მიღებული.

თორნიკე აბულაძე მოქმედ სქემასაც შიფრავს –  უცხოელი ბინას ყიდულობს, ის შესაბამისი პროცედურის გავლის შემდეგ იღებს ბინადრობას, შემდგომ კი ამ ბინას კვლავ უცხოელზე ყიდის. ბინის საყიდლად ჩადებული ინვესტიცია კი ხშირად ე.წ უცხოური სამაკლერო ან საბროკერო კომპანიების თანხაა, რომელსაც  რეალურად ბინადრობის მიღების სანაცვლოდ იღებენ „შესაბამისად, თანხა არა შემოდის ქვეყანაში, არამედ პრაქტიკულად 1000$-ად იღებენ უცხოელები ბინადრობას”, – აცხადებს აბულაძე და აღნიშნავს, რომ ბინადრობის მიღების შემდგომ უცხოელს უძრავი ქონების გაყიდვის შეზღუდვაუნდა დაუწესდეს, ან მსგავსი ინფორმაცია მიგრაციის სამსახურს უნდა მიეწოდოს და მას ბინადრობა შეუწყდეს. “ამ გზით კი, მივიღებთ იმას, რომ 1 ბინის სანაცვლოდ 20 უცხოელი ვერ მიიღებს  ბინადრობას.  მიიღებს ერთი და შემოვა რეალური თანხა”, – აღნიშნავს აბულაძე.

მისივე ინფორმაციით, უცხოელები ხშირ შემთხვევაში ქირით ცხოვრობენ, მათი შიდა სტატისტიკით, გაქირავებული ბინების 45% ქართველზე მოდის, 35% ირანზე, ხოლო დარჩენილი ნაწილი სხვა ქვეყნებზე.

“ვიმედოვნებ, რომ გადაყიდული ბინების “ხვრელი” ამოიქოლება, ამ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი მხოლოდ პრობლემის მოგვარება. იმედი მაქვს კანონპროექტში იმაზე მეტი რამაა გათვალისწინებული, ვიდრე მე მგონია”, – აცხადებს აბულაძე.

თორნიკე აბულაძე GBC-სთან  უცხოელებზე ბინადრობის მიღებისთვის საჭირო საინვესტიციო ვალდებულების ზრდას სხვა კუთხიდანაც აფასებს.

კერძოდ,  ბუნდოვანია რას ემსახურება ქვეყანაში არსებული 35 ათასიანი ზღვარის 100 ათასამდე ზრდა. რადგან, ბინადრობის უფლებას არამხოლოდ საქართველოში არამედ სხვა ქვეყნებშიც ითხოვენ, საქართველოში კი ერთ-ერთი მიზეზი სწორედ შედარებით დაბალი ფინანსური ვალდებულება იყო. “თუ ჭერი 100 ათასამდე გაიზრდება, რატომ უნდა ჩამოვიდეს უცხოელი საქართველოში, როდესაც ასევე 100 ათასიანი ჭერი აქვს მაგალითად რუმინეთს, რომელიც ევროკავშირის წევრი ქვეყანაა… ამხელა თანხაზე საქართველო კონკურენციაში თუნდაც რუმინეთთან შედის და ამან შესაძლოა შემოსული თანხა შეამციროს. ჩემი აზრით, ყველაზე ოპტიმალური 50 ათასამდე გაზრდაა, წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა ისინიც დავკარგოთ ვინც შემოდის და ვკარგავთ ამ ტიპის შემოსავალს”, – აცხადებს აბულაძე.

აბულაძე კიდევ ერთ პრობლემაზე ამახვილებს ყურადღებას. კერძოდ, ზღვარის 100,000-მდე ზრდით ისევ თბილისი „იჭედება”,  რადგან რეგიონში უძრავი ქონება ამხელა თანხა არ ღირს. კარგი იქნებოდა თუ განსხვავებული პირობები იქნებოდა რეგიონებისთვის, სადაც ქონება უფრო იაფი ღირს და ამით ბალანსიც შეიქმნებოდა.

აბულაძის აზრით, აქცენტი უნდა გაკეთდეს მაღალი განათლების მქონე უცხოელებზე, თუნდაც IT, ფიზიკის, სამედიცინო  თუ სხვა მიმართულების სპეციალისტებისთვის უფრო უნდა გამარტივდეს ბინადრობის მიღება და მივიღოთ ქვეყანაში  მნიშვნელოვანი ინტელექტუალური რესურსი.

“გარკვეული კვოტების მიღება ქვეყანას მაინც მოუწევს და ბოლოს გამოვა ის, რომ ქვეყანაში შემოვა  ლტოლვილების “დაბალი ფენა”- მიიჩნევს აბულაძე.