ცესკოსთვის გადმოცემულ მონაცემებში 3 558 437 პოტენციური ამომრჩეველია

0
1275

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) დღეს, ამომრჩეველთა შესახებ განახლებული მონაცემები მიიღო. ცესკოში გამართულ შეხვედრაზე ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანიას და თავმჯდომარის მოადგილე გიორგი შარაბიძეს იუსტიციის სამინისტროს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე სოსო გიორგაძემ და პროექტის „საარჩევნო სიების სრულყოფა“ მენეჯერმა ხათუნა სვანიძემ მიმდინარე წლის 12 ოქტომბრის მდგომარეობით არსებული პოტენციური ამომრჩევლების მონაცემთა ბაზა გადასცეს.

როგორც თამარ ჟვანიამ შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ ცესკოსთვის გადმოცემულ მონაცემებში 3 558 437 პოტენციური ამომრჩეველია. „ეს მონაცემები საპრეზიდენტო არჩევნების მიზნებისთვის დამუშავდება ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ. საბოლოო რიცხვი მას შემდეგ გახდება ცნობილი რაც კანონმდებლობის ყველა მოთხოვნა იქნება გათვალისწინებული სიის ფორმირების მიზნებისთვის“, – განაცხადა თამარ ჟვანიამ.

“საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ თანახმად, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ამომრჩეველთა სიის ფორმირებისთვის საჭირო მონაცემებს წელიწადში ოთხჯერ აწვდის, ხოლო საარჩევნო პერიოდში გადასცემს მოთხოვნის შესაბამისად.

მონაცემების დამუშავების შემდეგ, ამომრჩეველთა განახლებული სიების საჯარო ინფორმაციისთვის მიკუთვნებული ვერსია ხელმისაწვდომია საარჩევნო რეგისტრაციის მქონე პარტიებისთვის, საინიციატივო ჯგუფებისთვის, საარჩევნო კანონმდებლობით განსაზღვრული დამკვირვებელი ორგანიზაციებისა და ამომრჩევლებისთვის.