ქუთაისი -ვენა ახალი ქართულ -ევროპული საჰაერო გზა გაიხსნა

0
2532

ქუთაისსა და ვენას შორის ავიამიმოსვლა 11 ოქტომბრიდან დაიწყო.

ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის დაბალბიუჯეტიანი უნგრული ავიაკომპანია Wizz air ქუთაისიდან ვენის მიმართულებით პირველ რეგულარულ რეისს შეასრულებს.

პირველი რეისი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ვენის მიმართულებით 11 ოქტომბერს 07:25 წუთზე შესრულდა. რეგულარული ფრენები კი კვირაში ორჯერ: ხუთშაბათსა და კვირას განხორციელდება.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ ინფორმაციით, ავსტრია რიგით მე-15 ქვეყანა და 21-ე მიმართულებაა, სადაც ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან პირდაპირი ფრენები სრულდება.

„გრძელდება ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტის განვითარება. ქუთაისის აეროპორტმა ამიერკავკასიის საავიაციო ბაზარზე თავისი ნიშა დაიმკვიდრა. აეროპორტს დაემატა ახალი სერვისები, გაიზარდა დამატებით კომერციული ფართებისა და კვების ობიექტების რაოდენობა, საგრძნობლად გაიზარდა მგზავრთა ნაკადი. ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანება“ მუდმივად მუშაობს ახალ ავიამიმართულებებზე.

2012 წლიდან მოყოლებული დღემდე ავიაკომპანია ქუთაისის აეროპორტიდან ახალ მიმართულებებს ეტაპობრივად ამატებს. რამდენიმე ქვეყანასთან საქართველომ პირველად დაიწყო პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა სწორედ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის საშუალებით და, რაც მთავარია, ჩვენი მოქალაქეებისთვის ევროპაში მგზავრობა ხელმისაწვდომი გახდა“ – აცხადებენ ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანებაში“.