გაიცანით ემიგრანტი ქართველი გოგონა რომელიც იტალიურ ფილმში მთავარ როლს ასრულებს

0
5428

  ქეთა რიჟამაძე ჯერ მხოლოდ 14 წლისაა, თუმცა უკვე მოასწრო თავის გამოჩენა. 2 წელია იტალიაში ცხოვრობს, ქალაქ სალერნოში, სკოლის მოსწავლეა. ცოტა ხნის წინ გადაიღეს იტალიურ მოკლემეტრაჟიან ფილმში, რომელიც საგანგებოდ შეიქმნა გიფონის ფილმის ფესტივალისათვის, იტალიელი რეჟისორის ლუკა მოლტისანტის მიერ. ფილმში “ფოლოუერი”, რომელიც სოციალური ქსელების მეშვეობით ანონიმური პირების მიერ მოზარდების კონტროლირებას და ძალადობას ეხება, მთავარ როლს სწორედ ქეთა ასრულებს.
– 2 წლის წინ გადმოვედი საცხოვრებლად და სასწავლებლად იტალიაში. ვცხოვრობ დედასთან, დეიდასთან და ბებოსთან ერთად.

– რა განსხვავებაა ქართულ და იტალიურ სწავლებებს შორის, რა მოგწონს იქ და რა მოგწონდა აქ? ან პირიქით…

– საქართველოს და იტალიის სკოლები რადიკალურად განსხვავდება ერთმანეთისგან, სწავლის სისტემიდან დაწყებული მასწავლებლებით დამთავრებული.
სწავლის შესახებ დიდ ვერაფერს გეტყვით, რადგან არ მქონია სირთულეები არც საქართველოში და არც იტალიაში. ვფიქრობ, რომ თუ მინდა, წარმატებული ადამიანი გამოვიდე, ყველგან და ყოველთვის უნდა ვისწავლო, რადგან სწავლა არის სინათლე, რომელიც მომავლისკენ მიმავალ კარს გიღებს.
მასწავლებლები იტალიაში უფრო თბილები და თავისუფლები არიან… იქნებიან, ბატონო, თბილები, ჩვენთან შედარებით, მაღალი ხელფასები აქვთ.

– როგორ აღმოჩნდი ამ ფილმში და საერთოდ თუ გაინტერესებდა ეს სფერო?

– რაც თავი მახსოვს, ვამბობ, მსახიობობა მინდა-მეთქი, მაგრამ ყოველთვის ვიცოდი, რომ ჩემი “მინდა”-თი ვერაფერს მივაღწევდი, უნდა გადავსულიყავი მოქმედებაზე. მანამდე კი უნდა მეპოვა ძალა ჩემს თავში, რომელიც წინსვლაში დამეხმარებოდა.  ამასობაში შემთხვევითობამ  ითამაშა დიდი როლი.
სკოლაში ჩატარდა ქასთინგი, მოვიდა რეჟისორი, მისი დამხმარეები და კინოფესტივალის დირექტორი. მოიტანეს კამერები, განათებები და მასალა. ამ ყველაფრის დანახვამ ორმაგად ამააღელვა, თავდაჯერებამ მიღალატა და მინდოდა, დამეტოვებინა ყველაფერი და სახლში წავსულიყავი… მაგრამ დავრჩი და დავიწყე ბრძოლა ჩემი მიზნისთვის… თუ მინდა რაღაცა, აუცილებლად მივაღწევ.

– რამდენად კმაყოფილი ხარ შედეგით? ისევ ოცნებობ მსახიობობაზე?

– ძალიან კმაყოფილი ვარ, რადგან მართლა მთელი ჩემი თავი, სული და გული ჩავდე, რომ ეს მოკლემეტრაჟიანი ფილმი ნამდვილად კარგი გამოსულიყო. არ მიყვარს რაღაცების “მიფუჩეჩება”, ან ძალიან კარგად გავაკეთებ ან საერთოდ არ გავაკეთებ.
მომავალზე ჯერ არ ვიცი, რა ვთქვა, არეული ვარ ძალიან ოცნებებსა და მიზნებში… ყოველი გამოცდილება, ცუდი თუ კარგი რაღაცას გვძენს და რაღაცას გვიტოვებს. ბევრი რამე გავიგე, რაც ფილმის იქით არ ჩანს ან არ გვინდა დავინახოთ, სცენის უკან, სადაც უბრალოდ მანქანა გადაადგილდება, არის რეჟისორი, რომელიც ყველანაირად ცდილობს კარგი კადრი დაიჭიროს, არის მისი დამხმარე, გამნათებელი, არის უამრავი გაფუჭებული კადრი, გაბრაზება, ყვირილი, დაღლილობა…  მაგრამ არის ასევე შრომისმოყვარეობა, ურთიერთგაგება და სითბო…

– მოდი, ცოტა გვიამბე ამ ფილმზე, რის შესახებ არის ის, რამდენად აქტუალურია ეს თემა მოზარდებში და შენთვის პირადად რა არის ცნობილი ამ თემაზე?

– ეს ფილმი არის სთოლქინგზე, არ ვიცი ქართულად ასე თუ ითქმება, ანუ მოზარდების და არა მარტო მოზარდების, ასევე დიდი ადამიანების “გაკონტროლებაზე” სოციალური ქსელების მეშვეობით. ეს არის სხვა ადამიანების მიერ მათი ყოველი ნაბიჯის გაგება და ასევე ფსიქიკაზე ზემოქმედება.
ეს თემა აქტუალურია მთელ მსოფლიოში და ამიტომ შეიქმნა ფილმი, რომ გაგვეგზავნა მესიჯი ყველა ახალგაზრდსთვის, თუ რისი გამოწვევა შეუძლია სთოლქინგს და ზოგადად სოციალურ ქსელს. ველაპარაკე ჩემს რეჟისორს და შევეცდებით ფილმს ქართული სუბტიტრები დავადოთ, რომ უკეთ ჩასწვდეთ მას და გაიგოთ ის, რისი გადმოცემაც ვცადეთ. ვფიქრობ გამოგვივიდა.
ზემოხსენებული ფესტივალი ზაფხულში ჩატარდება და თუ ბევრი ნახვა და მოწონება ექნება სურათს, უფრო მეტი შანსი გვაქვს, რომ გავიმარჯვოთ.

– შენს პერსონაჟზე რას იტყვი – ვინ არის, როგორი გოგოა, რა პრობლემები აქვს და როგორ მთავრდება ამბავი მისთვის?

– ჩემი პერსონაჟი, სახელად ანა, არის ძალიან რთული პიროვნება, თავის თავზე დიდი წარმოდგენის მქონე, გაფუჭებული გოგონა, ზუსტად ისეთი, როგორიც ფილმში მიხილეთ. მაგრამ ყოველთვის ვცდილობდი, რომ იმავდროულად მეორე სცენაც მეთამაშა, სადაც ვხედავთ, რომ ეს გოგონა სინამდვილეში შეშინებულია, მას რაღაცა აწუხებს და ეს იმიჯი მხოლოდ თავდაცვის გამო შეიქმნა.
თუ დაკვირვებით ვუყურებთ ფილმს, მივხვდებიათ, რომ მისი მზერა სულ მობილური ტელეფონისკენ არის მიმართული, მაგრამ თუ შევხედავთ ასევე შავ-თეთრ სცენებს, გავიგებთ მიზეზს – მესიჯებს მას სთოლქერი უგზავნის, ზემოქმდების და შეშინების მიზნით… თუმცა როგორც ფილმების უმეტესობა, ჩვენ Happy end-ით დავამთავრეთ.

– დიდი მადლობა და წარმატებებს გისურვებ. იმედია, მომავალში ცნობილი მსახიობი გახდები და აისრულებ ოცნებას…

– ძალიან დიდი მადლობა თქვენ.

ლელა ზურებიანი

(c) www.mshoblebi.ge