ვლადიმერ კონსტანტინიდის განცხადება საკონსულო რეგისტრაციებთან დაკავშირებით

0
1065

საკონსულო აღრიცხვაზე მოკლე პერიოდში საქართველოს შვიდი ათასამდე მოქალაქე დადგა, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, ვლადიმერ კონსტანტინიდმა განაცხადა.

მისი თქმით, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით მზარდი ინტერესია.

„საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში მოქალაქეებს მოვუწოდებდით, საკონსულო აღრიცხვაზე დამდგარიყვნენ, რაც მათი საარჩევნო უფლების რეალიზების წინაპირობაა. საკმაოდ მოკლე პერიოდში,  საარჩევნო მიზნით, საკონსულო აღრიცხვაზე დაახლოებით საქართველოს შვიდი ათასამდე მოქალაქე დადგა. დღეისთვის, საზღვარგარეთ დაახლოებით 60 ათასამდე ამომრჩეველო გვყავს. მეორე ტურთან დაკავშირებით ინტერესი მზარდია, რაც ბუნებრივი და ობიექტურია“, – განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

მისი თქმით, ბოლო ერთ თვეში უფრო მეტი ადამიანი დარეგისტრირდა, ვიდრე წლების განმავლობაში.

კონსტანტინიდის განცხადებით, ყველა წინაპირობა არსებობს, რომ საზღვარგარეთ მცხოვრებმა საქართველოს მოქალაქეებმა ხმა მათთვის სასურველ კანდიდატს შეუფერხებლად მისცენ.

„საგარეო უწყებას არჩევნების დანიშვნასთან პირდაპირი კავშირი არ ჰქონია. თუმცა სამუშაო დღეს არჩევნების დანიშვნის შემდეგ ცესკო-მ მიიღო გადაწყვეტილება და არჩევნების დღეს კენჭისყრის პროცესი საზღვარგარეთის უბნებზე ოთხი საათით გაახანგრძლივა. ფაქტობრივად, ხმის მიცემა 16 საათის განმავლობაში გაგრძელდება. მესმის ადამიანების, ვინც ამბობს, რომ გადაადგილებისთვის გარკვეული დრო სჭირდებათ, მაგრამ საზღვარგარეთ საარჩევნო უბნების გახსნის სპეციფიკა სხვაგვარია. იქ გარკვეული ლიმიტები არსებობს და უბნები ძირითადად საელჩოებში იხსნება“, – განაცხადა კონსტანტინიდმა.

მან იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს მოქალაქეები მეტად იაქტიურებენ.