იტალიის უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის გასაგრძელებლად სპეციალური პროგრამა იწყება

0
1305

20 იანვარს, განათლების საერთაშორისო ცენტრში იტალიის უნივერსიტეტების წარმომადგენლებთან შედგა შეხვედრა. ღონისძიება, იტალიის საელჩოსა და განათლების საერთაშორისო ცენტრის ორგანიზებით, საუნივერსიტეტო მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ჩატარდა.

შეხვედრას იტალიაში სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებით დაინტერესებული საზოგადოება დაესწრო. პრეზენტაციაზე იტალიის აქვილასა და მოდენას უნივერსიტეტების წარმომადგენლებმა სტუდენტებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების, უნივერსიტეტში მიღებისა თუ სწავლის პროცედურების შესახებ.

შეხვედრები იტალიის უნივერსიტეტების წარმომადგენლებთან 23 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება, მომდევნო დღეებში დაგეგმილია ბოლონიისა და პიემონტის უნივერსიტეტების, მილანის პოლიტექნიკური უნივერსიტეტის, მილანის ბიკოჩას უნივერსიტეტის, ასევე, სიენასა და სასარის უნივერსიტეტების წარმომადგენლებთან შეხვედრები. 22 იანვარს პროგრამით დაინტერესებულ საზოგადოებას იტალიის ელჩი საქართველოში – ენრიკო ვალვო და განათლების საერთაშორისო ცენტრის დირექტორი – ნინო ჭელიძე შეხვდებიან.
პროგრამა – „Doctorate Lab – მომავალი დოქტორანტებისათვის’’ ხორციელდება ცენტრის საერთაშორისო პარტნიორების – საქართველოში იტალიის, უნგრეთისა და საფრანგეთის საელჩოების მხარდაჭერით, რომლებიც უზრუნველყოფენ შესაბამისი ქვეყნებიდან უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენელების საქართველოში მოწვევას და ვიზიტის ორგანიზებას.

აღნიშნული პროგრამის მიზანია, საქართველოში უმაღლესი განათლების (დოქტორანტურის საგანმანათლებლო საფეხურის) წახალისება/მხარდაჭერა, ხელმისაწვდომობის გაზრდა საერთაშორისო დონეზე. ასევე, ახალგაზრდა მკვლევრების ხელშეწყობა, რათა გაიღრმავონ ცოდნა საერთაშორისო დონეზე დოქტორანტურის საგანმანათლებლო საფეხურზე. – ნათქვამია განათლების საერთაშორისო ცენტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.