უნდა იყო მზად იმისთვის,რომ გადალახო მრავალი ბარიერი- ინტერვიუ ირინა გუჯაბიძე-მოლოჩენკოსთან

0
2286

ირინა გუჯაბიძე ის ადამიანია, რომელსაც დაბადებიდან, სილამაზესთან ერთად, ნიჭი, მიზანდასახულობა და შრომისმოყვარეობა დაჰყვა. სწორედ ამის წყალობით, ფოთში გაზრდილმა გოგონამ, ლონდონში ისწავლა, საკუთარი საქმე იპოვა და ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიის – Appy Food & Drinks-ის, მარკეტინგისა და კომუნიკაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელი და ათპროცენტიანი მეწილე გახდა. ირინა დიდი ბრიტანეთის ბიზნესასოციაციის წევრიცაა. ჩვენ მას ლონდონში დავუკავშირდით და გამოვკითხეთ, როგორ მოხვდა სამშობლოდან უცხოეთში და რა გზა გაიარა 30 წლის გოგონამ ამხელა წარმატებამდე. – წერდა ქართული პრესა მის შესახებ დღეს კი ის DIASPORA.GE -ს კითხვებს უპასუხებს

ირინა საკმაოდ ახალგაზრდა ხართ და ალბათ ლოგიკურად მიჩნდება კითხვა, როგორ მოახერხეთ, რომ კარიერაში ასეთი წარმატებისთვის ასეთ ადრეულ ასაკში მიგეღწიათ?

ვფიქრობ რეალურად ვაფასებდი საკუთარ შესაძლებლობს კარიერის დასაწყისშივე და დღემდე ასეა. არასდროს შევჭიდებივარ იმას, რაც ვიცოდი რომ არ გამომივიდოდა და ფოკუსირებას ვახდენდი ჩემ ძლიერ მხარეებზე. პრიორიტეტებსაც ვცდილობდი სწორად დამესვა და ნაბიჯ-ნაბიჯ მივყოლოდი. თუ რამე არ გამოდის, ვცდილობ სხვა შესაძლებლობა ვცადო ამა თუ იმ დასახული მიზნის მისაღწევად. არ მაქვს იმის ამბიცია რომ ყველაფერი რაღაც პერიოდის მოკლე მონაკვეთში უნდა გაკეთდეს. საკმაოდ რეალისტურად ვუყურებ და ვაფასებ მოვლენებს, რაც მეხმარება იმაში, რომ უკეთ განვსაზღვრო ჩემს მიერ გადადგმული ნაბიჯების შედეგები პროფესიაში.

მანამდე, ვიდრე კონკრეტულად ემიგრაციის საკითხზე გკითხავთ,გვითხარით, რატომ დიდი ბრიტანეთი ? რამ მოგხიბლათ ყველაზე მეტად ამ ქვეყანაში?

დიდი ბრიტანეთის განათლება მოგეხსენებათ მრავალი ათეული წლებია უმაღლესი განათლების ბენჩმარკია მსოფლიოში და ყველაზე პრესტიჟულად ითვლება, რაც კარებს უღებს კურსადმთავრებულებს დიდ და ძლევამოსილ კომპანიებში მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში. ალბათ ეს მხიბლავდა ამ ქვეყანაში ყველაზე მეტად ბავშვობიდან, თან ისე დაემთხვა, რომ ჩემი მეუღლეც სტუდენტი იყო ბრიტანეთში. ასე რომ ჩემთვის პირადად ყველა გზა რომის მაგიერ ლონდონში წავიდა .

ირინა , როგორც ავღნიშნეთ საკმაოდ ახალგაზრდა ხარ და თან სამშობლოდან შორს , მოდი გვითხარი შენი მოსაზრება როგორ უნდა შექმნას ქართველმა ახალგაზრდა ისეთი წარმატებული კარიერა როგორიც შენ ?

-უნდა იცოდეს მისი ძლიერი მხარე, თვისებები და ხასიათი რომელ კარიერაში გამოადგება სწორად და მოუტანს წარმატებას. ჩემი პირადი მოსაზრებაა, რომ ჯობს დიდხანს ეძებო საოცნებო სამსახური და დაიწყო ყველაზე დაბალი საფეხურიდან, ვიდრე ჩაება ისეთ საქმიანობაში რომლებიც შემდეგ წლები ჩაგითრევს და საბოლოოდ ყველანაირ მოტივაციას დაგაკარგვინებს. უფასო პრაქტიკების გავლა კომპანებში ძალიან კარგი სტარტია დამწყებებისთვის.

დღეს საქართველოში აქტიურად საუბრობენ უცხოეთში ლეგალურად დასაქმების შესახებ , შენი გამოცდილებით რამდენად რეალური პერსპექტივა აქვს ამ იდეას და რამდენად მზად არის თავად მოსახლეობა კონკურენტული იყოს ევროპის ლეგალურ შრომით ბაზრებზე?

ძალიან დიდი შანსი აქვს ჩვენს ბევრ მოქალაქეს გაუწიოს კონკურენცია ნებისმიერს ევროპის სამუშაო ბაზარზე. ძალიან ბევრი კარგი კადრი შემხვედრია მე პირადად და მინახავს ევროპაში, რომელთაც უბრალოდ თავიანთი პროფესიული შრომისუნარიანობის გამოყენების შესაძლებლობა არ აქვთ უსაბუთობისა და სამუშაო ვიზის არ ქონის გამო. ასეთ კადრებს სამწუხაროდ უწევთ თავიანთი პროფესიისთვის არაშესაფერისი სამუშაოების აღება.

შენ ერთერთ ინტერვიუში ამბობდი რომ ბრიტანეთში ისეთი ტემპია ფეხი თუ არ აუწყე ნამდვილად ჩამორჩები, როგორ ფიქრობ ქართული ემიგრაცია ძირითადად რატომ ჩამორჩა ტემპს და რატომ არ გვყავს გაცილებით მეტი ,,ირინა გუჯაბიძეთუნდაც ევროპაში ?

-ვფიქრობ თუნდაც ელემენტარული ლეგალური დასაქმების პრობლემაა მოსაგვარებელი ჯერ სახელმწიფოს მიერ. ბევრი ქართველი სტუდენტი უნივერსიტეტის ბრიტანეთში დასრულების შემდეგ ვერ ახერხებს დროულად სამსახურის პოვნას, სხვა და სხვა მიზეზების გამო, რაც შემდეგ აიძულებთ მათ დაბრუნდნენ სამშობლოში სტუდენტური ვიზის ვადის ამოწურვის შემდეგ. კონკურენციაც ძალიან მაღალია, განსაკუთრებით ლონდონში და ჩვენ ქართველებს გვახასიათებს რომ გვინდა ყველაფერი საუკეთესო ახლა და ამ წუთას. თუ სასურველ მიზანს ვერ მიაღწიეს, შემდეგ ფარხმალს ყრიან ხოლმე. მე პირადად ვიცნობ ძალიან ბევრ ნიჭიერ ქართველ ახალგაზრდებს, რომლებმაც საქართველოში დაბრუნება არჩიეს იმის გამო, რომ ორმა ან სამმა მათთვის სასურველმა კომპანიამ დასაქმებაზე უარი განუცხადა. შეიძლება 100-მა გამოგისტუმროს უარით, მაგრამ ას მეერთეში გაგიმართლოს.ლონდონში ყველაფერი რთულად მისაღწევია და უნდა იყო მზად იმისთვის, რომ გადალახო მრავალი ბარიერი და კონკურენცია,რომელიც შენი და შენთვის ძვირფასი ადამიანებისთვის არის საჭირო.

ირინა, მოდი შევეხოთ ახლა ქართულ ბიზნეს და ,,made in georgia” – წარწერიან კომპანიების პოზიციენირების საკითხს, შენი აზრით რატომ არის ასე თვალშისაცემად ნაკლები ,,made in georgia” ევროპის ბაზრებზე?

-თუ იმას გულისხმობთ, რომ სინაკლებეა დასავლური კომპანიების მიერ თავიანთი პროდუქციის საქართველოში წარმოება, მაშინ მიზეზი მარტივია. ინდოეთს, ბანგლადეშს და ჩინეთს უფრო დაბალ ანაზღაურებადი მუშა ხელი ყავს, რაც დიდი კომპანიებისთვის ხელსაყრელი და მომგებიანია. ეს პრინციპში კარგიც კი არის, რადგან არ არის სასურველი საქართველოს პოზიციონირება როგორც განვითარებად ქვეყნად, რომელიც ცნობილი გახდება იაფი მუშა ხელის სახელმწიფოდ. მაგრამ თუ თვითონ ქართული კომპანიების მიერ წარმოებული ქართული პროდუქციების ევროპის ბაზარზე გატანის სინაკლებეს გულისხმობთ, მაშინ არის ძალიან ბევრი ფაქტორი. ყველაფრის ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს და შეევეხები ძირითადს, როგორებიცაა: საჭირო სერტიფიკატებისა და საბუთების არ არსებობა, არადამაკმაყოფილები სტანდარტებით პროდუქციის შექმნა, არაევროპული ბრენდინგი და შეფუთვა, საჭირო სადისტრიბუციო კონტაქტების არ ქონდა, ევროპული ბაზრის არ ცოდნა და რა ტიპის მარკეტინგია საჭირო იმისთვის, რომ კონკურენტუნარიანი გახადონ ბრენდი და პროდუქტი უცხო ბაზარზე. მოკლედ ძალიან ბევრი ფაქტორია გასათვალისწინებელი და დასამუშავებელი. მხოლოდ პროდუქტის შექმნა არ არის მთავარი. ძალიან ბევრი ქართული კომპანია მომმართავს კონსულტაციისა და დახმარებისთვის და ამიტომ ჩავთვალე საჭირო ჩემს პარტიორებთან ერთად ჩამოგვეყალიბებინა კომპანია საქართველოში, რომელიც დაეხმარება და გზას გაუკვლევს ქართულ კომპანიებს დასავლურ ბაზარზე. ვფიქრობ ჩემი 11 წლიანი გამოცდილება და კონტაქტები გამოადგება ქართულ კომპანიებს.

ახლა ძალიან მაინტერესებს შენი მოსაზრება საქართველოს როგორც ქვეყნის შესახებ და მისი ევროპაში დადებითი იმიჯის შექმნაზე რა მოსაზრებები გაქვს,ზოგადად ფიქრობ თუ არა რომ საქართველოს შეუძლია გაცილებით მიმზიდველი გახდეს ვიდრე ეს დღეს არის და რა უშლის ხელს დღეს ამ მიზნის მიღწევაში?

-რა თქმა უნდა შესაძლებელია. ოღონდ უნდა ავირჩიოთ სწორად რა მხრივ გვინდა გავხდეთ მიმზიდველები და ფოკუსი მოვახდინოთ მასზე. ვფიქრობ სოფლის მეურნეობა და ტურიზმი ჩვენი სტრატეგიული მხარეები და ამოსავალი წერტილები უნდა იყოს.

ალბათ იცი რომ , 2012 წლის არჩევნების, შემდგომ მმართველმა სახელისუფლო ძალის მხარდაჭერილმა საპრეზიდენტო კანდიდატმა საზღვარგარეთის ოლქის თითქმის ყველა უბანი ორივე ტურში წააგო ოპოზიციონერ კანდიდატთან , ამასთან , საქართველოს პოლიტიკური პარტიების აბსოლიტურ უმრავლესობას საკუთარ პროგრამებში საქართველოს საზღვრებს გარეთ მყოფ თანამემამულეების და ქართული დიასპორის შესახებ არავითარი პროგრამული ჩანაწერი არ აქვთ, რას უკავშირებთ ამას და ფიქრობ თუ არა რომ თავად ქართველი ემიგრანტების ინდეფერენტულობის გამო ხდება ასე ?

-არა, პირიქით. ეს თვითონ პოლიტიკური პარტიების ინტერესებში, შედის რომ იცოდნენ საქართველოს საზღვრებს გარეთ მყოფი ამომრჩეველის მოსაზრება და იქონიონ პროგრამული ჩანაწერები მათ შესახებ. ქართველი ემიგრანტები ჩემთვის რამდენადაც ცნობილია ცდილობენ იყონ აქტიური ამომრჩევლები და სამწუხაროა თუ მათი ინტერესების და მოსაზრებების რაიმე კუთხით იგნორირება ხდება.

და ბოლოს, მინდა დიდი მადლობა გითხრა ასეთი საინტერესო ინტერვიუსა და ვრცელი პასუხებისთვის, მინდა გვითხრა შენი მოსაზრება ჩვენი დიასპორული მაუწყებლის Diaspora.ge – როგორც იდეის შესახებ, რას გვირჩევდი როგორც ემიგრანტი და როგორც წარმატებული პროფესიონალი ?

ძალიან დიდი მადლობა თქვენ და ვიტყოდი, რომ ძალიან კარგ საქმეს აკეთებთ. არ ვიცი რა გირჩიოთ, რადგან ყველაფერს ზედმიწევნით კარგად აკეთებთ.

ესაუბრა ავთანდილ გიუნაშვილი