სალომე ზურაბიშვილმა ისრაელის დიასპორის მინისტრთან ერთად იერუსალიმში საპატიო საკონსულოს ახალი ოფისი გახსნა

0
779

სალომე ზურაბიშვილმა ისრაელის დიასპორის მინისრტთან ერთად იერუსალიმში საპატიო საკონსულოს ახალი ოფისი გახსნა . ახალი ოფისის გახსნის ცერემონიას ისრაელის დიასპორის მინისტრ ციპი ხოტოველთან ერთად, რომლის მშობლებიც საქართველოში დაბადებულები არიან იერუსალიმის მერი მოშე ლიონი და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

როგორც საქართველოს პრეზიდენტმა საკონსულოს ახალი ოფისის გახსნისას აღნიშნა, ნიშანდობლივია, რომ ოფისის გახსნა ხდება იმ დროს, როცა ისრაელის სახელმწიფო მასპინძლობს მნიშვნელოვან საერთაშორისო შეკრებას, ჰოლოკოსტის მეხუთე მსოფლიო ფორუმს და სხვადასხვა ქვეყნის ხელმძღვანელს, რომლებიც ერთად გაიხსენებენ 75 წლის წინანდელ მოვლენებს, როცა გათავისუფლდა აუშვიცი და როცა დამთავრდა ებრაელი ერის უდიდესი ტრაგედია.

„ჩვენ გუშინ სწორედ ეს თარიღი და ყველაფერი ის გავიხსენეთ, რაც ქართულ-ებრაულ ურთიერთობასა და საქართველო-ისრაელის ურთიერთობას ეხება. ეს ისეთი მჭიდრო კავშირებია, რომლის აღწერაც ძალიან რთულია“, – აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.

საქართველოს პრეზიდენტმა იერუსალიმში საქართველოს საპატიო კონსულს იგალ ამედის მადლობა გადაუხადა მასპინძლობისა და გაწეული მუშაობისთვის.