ვიცე-პრემიერი უცხოეთში მყოფი თანამემამულეებისადმი მიმართვას ავრცელებს და დამდეგ ახალ წელს ულოცავს.

0
1837

ძვირფასო თანამემამულეებო,

მსურს გულითადად მოგილოცოთ დამდეგი შობა-ახალი წელი და გისურვოთ მშვიდობა, ჯანმრთელობა, წარმატება და კეთილდღეობა!

მე წელს პირველად მომეცა შესაძლებლობა მინისტრის რანგში, შევხვედროდი ქართულ დიასპორას და დიასპორულ ორგანიზაციებს სხვადასხვა ქვეყანაში, რაც ძალიან ემოციური და ამასთან, ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რათა უკეთ გამეგო თქვენი საჭიროებები და ურთიერთსასარგებლო კავშირის შესაძლებლობები. მადლიერება მინდა გამოვხატო თითოეული იმ თანამემამულის და ორგანიზაციის მიმართ, რომელთა ძალისხმევა, მიუხედავად ბევრი სირთულისა და მწირი რესურსებისა, მიმართულია სამშობლოსთან მჭიდრო კავშირის, მოზარდ თაობაში მშობლიური ენის, ეროვნული და კულტურული იდენტობის შენარჩუნებისკენ. აგრეთვე, მინდა აღფრთოვანება და დიდი პატივისცემა გამოვხატო საზღვარგარეთ მოღვაწე ქართული დიასპორის იმ თვალსაჩინო წარმომადგენლების მიმართ, რომლებსაც განსაკუთრებული წვლილი შეაქვთ საზღვარგარეთ საქართველოს პოპულარიზაციაში და პოზიტიური იმიჯის წარმოჩენაში, სამშობლოსა და დიასპორის ადგილსამყოფელ ქვეყნებს შორის ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებასა და შესაბამისად, ჩვენი ქვეყნის განვითარებაში. მინდა იცოდეთ, რომ საქართველოს ხელისუფლების მიზანია მაქსიმალურად დაფასდეს და ხელი შეეწყოს თითოეულ თქვენს სასიკეთო ნაბიჯს, რომელიც კიდევ უფრო ხელშესახებს გახდის დიასპორისა და სამშობლოს კავშირის უწყვეტობას.

განვლილ 2017 წელს საქართველომ, მრავალი გამოწვევების მიუხედავად, ევროპული მისწრაფებებისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის, დემოკრატიული ინსტიტუტების განმტკიცებისა, თუ ეკონომიკური განვითარების გზაზე მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწია. ასევე, შევეცადეთ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაგვედგა დიასპორული პოლიტიკის მიმართულებით. კერძოდ, საქართველოს ახალ კონსტიტუციაში გაჩნდა ჩანაწერი, რომლის თანახმადაც სახელმწიფო იღებს ვალდებულებას იზრუნოს უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეების სამშობლოსთან კავშირის შენარჩუნებასა და განვითარებაზე. თქვენთან ერთად შემუშავდა და დამტკიცდა პროგრამა – „ერთიანი, ძლიერი, სამშობლოსთან მჭიდრო კავშირის მქონე დიასპორა“, რომელიც უზრუნველყოფს თანამემამულეებისათვის სახელმწიფოს ფართო შესაძლებლობებზე წვდომას, საქართველოსათვის კი სახელმწიფო ინტერესების ეფექტიან განხორციელებას. საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების უფლებებისა და ინტერესების დაცვა, დიასპორასთან კომუნიკაციის გაუმჯობესება და მათი პრობლემების უკეთ გაცნობიერებისათვის რეგულარული და ინტენსიური შეხვედრების უზრუნველყოფა, საზღვარგარეთ მოქმედი ქართული სათვისტომოების, საკვირაო სკოლებისა და ფოლკლორული ანსამბლების მხარდაჭერა, რაც ეროვნული და კულტურული თვითმყოფადობის შენარჩუნების ქვაკუთხედს წარმოადგენს, კვლავ რჩება სამინისტროს მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების ერთ-ერთ პრიორიტეტად.

მიღწეული წარმატებების მიუხედავად, კარგად გვესმის, რომ საქართველო კვლავ დიდი გამოწვევების წინაშე დგას. ჩვენ ვაშენებთ ქვეყანას, სადაც ჩვენს შვილებს უკეთესი მომავალი ექნებათ, ქვეყანას, სადაც საქართველოდან სხვადასხვა მიზეზების გამო წასულ ჩვენს მოქალაქეებს შეეძლებათ სამშობლოში ღირსეულად დაბრუნება და თავიანთი ნიჭისა და შესაძლებლობების რეალიზება. მინდა გრძნობდეთ, რომ სამშობლო თქვენ გელოდებათ. ჩვენი ქვეყნის აღმშენებლობის პროცესში თქვენი ცოდნა, გამოცდილება და ქართული დიასპორისა და სახელმწიფოს მჭიდრო თანამშრომლობა უმნიშვნელოვანესია. ჩვენი ერთობა ჩვენი სამშობლოს წარმატების საწინდარია.

კიდევ ერთხელ გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს და გისურვებთ წარმატებებს!

მიხეილ ჯანელიძე
საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი