როგორ შენდება ბარსელონაში პატარა საქართველო- წერილი ესპანეთიდან

0
1673

პატარა ზომის, რკინის კარს რომ შეაღებ და აღმართს აივლი აქ უკვე ქართული სული იგრძნობა, ის სული წლების წინ რომ კილომენტრებით დავშორდით. გულისცემა ყველა გადადგმულ ნაბიჯთან ერთად ხშირდება, ტაძრის კარს ვუახლოვდები და გულისცემას თან მუხლებისა და ხელების ,,ცახცახი”, ერთვის და აცახცახებული ხელით ვცდილობ პირჯვარი გადავისახო, სიამაყისა და მონატრების ცრემლები ერთმანეთს შერევია, ერთ დიდ ბურთად გადაქცეულა და ყელში ისე გამეჩხირა თითქოს ჩემი დახრჩობა გადაუწყვეტია, ტაზრის კარს ვუახლოვდები და.. და … კიდევ
და… აქ უკვე გრძნობებს სიტყვებით ვერ გადმოვცემ.
აცახცახებული სხეულითა და თვალში ჩამდგარი სამშობლოს მონატრებისგან
შეგროვილი ცრემლებით მზერას იატაკს ვაპყრობ და მხოლოდ ერთი თხოვნა მაქვს
უფალთან. ,, უფალო მომეცი ძალა ამას გავუძლო.”
ამბიონიდან მომღიმარი სახით გამოსული არქიმანდრიტი ლუკა (ფალავანდიშვილი).
-მობრძანდი შვილო! თავს ოდნავ დაბლა გიხრის. გულზე ხელს იდებს და ისე
გესალმება.
მე კი თითქოს ,,ლოდად”, გადავიქეცი ნაბიჯსაც ვერ ვდგავ რომ მას მივუახლოვდე,
თავად მიახლოვდება, თავზე ხელს მადებს და ჩემს თავს უფალს აბარებს, ჩურჩულით
იმეორებს. ,,ღმერთმა დაგლოცოს და გაგაძლიეროს”, შემდეგ ისევ ტაზრისკენ იშვერს
ხელს, მობრძანდი!
-იმისთვის რომ აქაურობას კარგად გავეცნო არაჩვეულებრივ ადამიანებს გადამაბარა
და მიუთითა საიდან დაგვეწყო, ისინი კი სიხარულითა და დიდი
პასუხისმგებლობით წინ მიმიძღვებოდნენ, სიხარულითა და ბედნიერებით სავსე
ხმით მიხსნიდნენ რა როდის დაარსდა და რამხელა შრომა ჩადო მამაომ და მრევლმა ამ
ყველაფერში.
კიბის რამდენიმე საფეხური ისე ჩავიარე ვერც მივხვდი და საოცარ გარემოში
აღმოვჩნდი. ქართული საკლასო ოთახები, ძველი პიანინოთი, უამრავი ქართული
წიგნითა და მათ შორის ,,დედა ენით”, კედელზე დიდი თანმიმდევრობით გაკრული
ამბანით სავსე ოთახში ადგილის სიმცირის გამო რამდენიმე მაგიდა და უამრავი
ნახატი კედელზე. დიახ ნახატი!
სამშობლოზე, დედანეასა და სხვა პატრიოტულ თემებზე, ფასდაუდებელი
პედაგოგები კი ყველა ნახატის შინაარს დაუღალავად მიხსნიდნენ. შემდეგ მეორე
საკლასო ოთახისკენ მიმითითეს. იქაც უამრავი ხელნაკეთი ნივთი. ქართული ენა,
ქართული ლიტერატურა, საქართველოს ისტორია, მუსიკა, ხელოვნება და
დაუსრულებლად აგრძელებენ თავმომწონედ იმ საგნების ჩამოთვლას რასაც
საკვირაო სკოლაში ჩვენი შვილები სწავლობენ. ემოციის გარეშე შეუძლებელია
უყურო, სამშობლოსაგან ღილებივით მოწყვეტილ ბავშვს ვინ ასწავლა, საიდან აქვს
ამხელა სიყვარული სამშობლოსადმი?!
ამის მნახველს იმედი მეძლევა რომ ჩვენი გენი, ჩვენი ჯიში, არ გადაშენდება. სადაც
არუნდა წაგვიყვანონ ჩვენი ფესვები არა, ვერ გახმება.

საკლასო ოთახის კარი ფრთხილად გამოვიხურეთ და ისევ იმ კიბის საფეხურებს
ავუყევით, რამდენიმე წუთის წინ რომ ისე ჩამოვიარე ვერც მივხვდი-მეთქი რომ
გითხარით. ახლა უფრო მძიმე და გრძელ გზად გადაიქცა.
ფიქრებიდან კი მედავითნეს ხმამ გამომაფხიზლა. ,,ახლა ყველაზე მთავარი უნდა
ვნახოთ”.
თავი დავუქნიე თითქოს დავეთანხმე და მივახვედრე რომ მზად ვიყავი, ისევ კიბის
რამდენიმე საფეხური ავიარეთ, კარი გაიღო და აქ უკვე ნამდვილი საქართველო
დამხვდა. კედელზე თანმიმდევრობით და ძალიან გემოვნებით, ერთმანეთის
მიყოლებით ყველა ქართული ხალხური მუსიკალური საკრავს გვერდს ჯაჭვის
პერანგი უმშვენებს. რომელიც თურმე საქართველოში მოიქსოვა. ახლა უკვე ამ
ისტორიის თხრობას მამაო აგრძელებს, მაგრამ არცერთი სიტყვა არ მესმის, ჩემს
ფიქრებში დავიკარგე, ჩემი თვალები კი ცნობისმოყვარეობამ შეიპყრო და
გულმოდგინედ აკვირდებოდა ყველა დეტალს, ყელში მომდგარ ცრემლის ბურთებს
ერთმანეთის მიყოლებით ვყლაპავდი.
გვერდით ქართული ბიბლიოთეკა, არცთუ ისე ბევრი მაგრამ კარგად მოვლილი
წიგნით, ზრუნივის ღრმა კვალი რომ დასტყობიათ.
არც ბებოს კუთხე დავიწყებიათ, ქართული ბუხრითა და პატარა სამფეხა სკამებით,
ნაქსოვი წინდებით, წინდების გვერდით კი საქსოვი ჩხირები. ქართული ღვინის
კოლექცია. ქართული ჩუქურთმებით თავს ,,საქანელა სკამები” იწონებენ.
მთავარ აივანზე კი თავს ქართული დროშა იწონებს. დროშა რომლისთვისაც მეტად
საპასუხისმგებლო და თვალსაჩინო ადგილი მიუჩენიათ.
მამა ლუკა კი მის სამომავლო გეგმებზე დიდი თავმდაბლობით გვიყვება და ხშირად
იმეორებს ,, თუ უფალი ინებებს”,
როგორ შეიძლება უფალმა არ ინებოს ამხელა მადლისა და ასეთი ქართული სულის არსებობა.
მთელი პატრიოტიზმი, სამშობლოს მონატრება და სიყვარული მთლიანად აქ
ჩაუდევთ და ეს საოცარი გარემო შეუქმნიათ. მამაოს კი ყველა ნივთისთვის საკუთარი ხელით მიუჩენია ადგილი. ეს საპასუხისმგებლო საქმე არავის ვანდეო. იმიტომ კი არ რომ არ ვენდობოდიო, არაო, ჩემს სამშობლოს მონატრებას მასში ვაქსოვდი და ისე
ვარჩევდი ამ ნივდებისთვის განკუთვნილ ადგილსო
.მის კეთილ და ნათელ სახეზე მოქცეულ ნაღვლიან თვალებს არც ეს დარჩენია
შეუმჩნეველი.
,,შეგცივდა შვილო ხო? ახლა კარგ ცხელ ქართულ ჩაის გაგიკეთებ და სიცივესაც
გავუმკლავდებითო”, ფეხზე წამოდგა იქვე პატარა ოთახში შევიდა, რომელიც
ტრაპეზესთვის არის განკუთვნილი. ჩვენც იქ შეგვიპატიჟა და ყველას დიდი
თავმდაბლობით ცხელი ჩაი მოგვიმზად.

ნუთუ ასეთი ადამიანები კიდევ ბევრი არსებობს, ნუთუ შესაძლებელია არსებოდეს კიდევ ბევრი ისეთი ადამიანი თუნდაც მამაო, რომელსაც მისი თანამემამულის არც შიმშილი, არც სიცივე, არც ტკივილი არ გამოეპარება. როგორ შეიძლება ერთმა იზრუნოს ათასობით თანამემამულეზე სრულიად უანგაროდ და ამხდლა პასუხისმგებლოვბას პირნათლად ასრულებდე და არასოდეს დაიწუწუნო. აცოცხლო ქართული სული უცხო მიწაზე ისე რომ მსოფლიომ მსოფლიოს გააცნო შენი ტაძარი და საკვირაო სკოლა.
ახლა უნდა დაგემშვიდობოთო გვითხრა, ონლაინ გაკვეთილი მაქვს ბავშვებთანო,
ფეხზე წამოდგა ყველა სათითაოდ დაგვლოცა, უფალს ჩვენი თავი მიაბარა და
ოთახიდან გასვლიასას გულმა არ გაუძლო ისევ შემობრუნდა და პირჯვარი
გადაგვსახა.
კიდევ უფრო დიდი სიამოვნებაა, ნახოთ მისი ურთიერთობა ბავშვებთან. ის
ცდილობდა ეკრანს მიღმა დარჩენილი, ყველა ბავშვს მოფერებოდა, ყველა ბავშვი
მოიკითხა დალოცა და გაკვეთილი დაიწყო. ერთის ნაცვლად ბავშვების თხოვნით სამი
გაკვეთილი ჩაატარა.
აი ეს არის უცხო მიწაზე შექმნილი პატარა საქართველო. ის საქართველო ჩვენგან
ძალიან შორს უამრავი ჭრილობით რომ იტანჯება და მაინც ამაყად დგას.
განახევრებული მისი დიდი ოჯახი და ევროპის ქვეყნებში მტვერივით მიმოფანტული
შვილები რომ ენატრება. შვილები, რომლებიც ლუკმაპურის საძებნელად წავიდნენ და
თაობებიც თან გაიყოლეს. ახლა კი უცხო მიწაზე ცდილობენ შექმნან მათი წილი
საქართველო. მიზანი ერთია არ დაუკარგონ თაობებს ქართული ენა, კულტურა და
ტრადიციები, ყველა ერთმუშყად შეკრულნი ცდილობენ ქაუთულად აამეტყველონ,
ააცეკვონ და აამღერონ პატარა ქართველები.
ეს ბარსელონაში არსებული წმინდა ნინოს სახელობის ქართული
მართმადიდებლური ეკლესიაა. რომელიც 13 წელია პატარა საქართველოს აშენებს უცხო ცის ქვეშ ჩვენთვის და ჩვენი შვილებისთვის.