ვლადიმერ კონსტანტინიდმა პარლამენტში პანდემიის დროს ქართული დიასპორის დახმარების შესახებ ისაუბრა

0
688

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ პარლამენტის წევრებს გლობალური პანდემიის დროს უცხოეთში მყოფი თანამემამულეების დახმარების კუთხით სახელმწიფოს მიერ გადადგმული ნაბიჯები და აღნიშნულ საკითხზე ჩატარებული სოციოლოგიური კვლევის შედეგები გააცნო.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ვლადიმერ კონსტანტინიდმა საქართველოს პარლამენტში დიასპორის და კავკასიის საკითხთა კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას გლობალური პანდემიის დროს უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეების დახმარების მიზნით სახელმწიფოს მიერ განხორციელებულ საქმიანობაზე ისაუბრა. მან კომისიის წევრებს წარუდგინა ამ მიმართულებით სამინისტროს საქმიანობის ანგარიში და ასევე საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანიის ‘JMP Strategic Solutions” მიერ ჩატარებული სოციოლოგიური კვლევის შედეგები, რომელიც პოზიტიურად აფასებს სახელმწიფოს მხრიდან უცხოეთში მყოფ თანამემამულეებზე ზრუნვას.

კვლევის შედეგების თანახმად საქართველოს მთავრობამ და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ მიიღო ძალიან მაღალი შეფასება კოვიდ-19-ის პანდემიის დროს გაწეული საქმიანობისთვის, მათ შორის, უცხოეთში მყოფი თანამემამულეების რეპატრიაციის და ადგილზე დახმარების კუთხით. ვლადიმერ კონსტანტინიდის განცხადებით, კვლევის შედეგები ცხადყოფს, რომ პანდემიამ ხელი შეუწყო უცხოეთში საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებში მოქალაქეთა მიმართვიანობის გაზრდას.

მინისტრის მოადგილემ ისაუბრა ვირუსის გავრცელების საწყის ეტაპზე, სახელმწიფოს მიერ შემუშავებული ყველა იმ კრიტერიუმების შესახებ, რომლის მიხედვითაც ხდებოდა საზღვარგარეთ, საქართველოს მოქალაქეებისთვის დახმარების აღმოჩენა. „უცხოეთში მყოფი ჩვენი თანამემამულეებისთვის პანდემიის დროს წარმოქმნილი პრობლემები არაერთგვაროვანი იყო. იქნება ეს საცხოვრებლით და საკვებით, პირველადი მოხმარების ნივთებით, სამედიცინო დახმარებითა და მედიკამენტებით უზრუნველყოფა, გადაადგილებაში დახმარება, სამართლებრივი და ტექნიკური ხასიათის დახმარება, ხშირად, სამგზავრო ბილეთით უზრუნველყოფა; ასევე იყო შემთხვევები, როდესაც მოქალაქეებს დავეხმარეთ სამსახურის მოძიებაში. საქართველოს გამოცდილება ამ მხრივ მართლაც შთამბეჭდავია“. -განაცხადა კონსტანტინიდმა.

 საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის განცხადებით, საქართველოს, მიღებული გამოცდილების გათვალისწინებით, თამამად შეუძლია საერთაშორისო თანამეგობრობას გაუზიაროს „კარგი პრაქტიკა“ პანდემიის დროს საზღვარგარეთ მყოფი მოქალაქეების საჭიროებებზე რეაგირებისა და ამ გზით, მათი უფლებების დაცვის საკითხში.

„მოხარული ვარ, რომ საქართველო იქნება პირველი ქვეყანა, რომელიც საერთაშორისო თანამეგობრობას შესთავაზებს ერთიანი რეგულაციების შემუშავებას, რაც შემდგომში წარედგინება გაერთიანებული ერების ორგანიზაციას. თბილისი მზადყოფნას გამოთქვამს ამ მიზნით 2021 წელს უმასპინძლოს საერთაშორისო კონფერენციას, რომლის თემატიკაც იქნება საზღვარგარეთ მყოფი მოქალაქეების უფლებების დაცვა გლობალური კრიზისების დროს. „-განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ვლადიმერ კონსტანტინიდმა საკანონმდებლო ორგანოში, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.

 შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის ივლისის მონაცემებით, სამშობლოში სახელმწიფოს დახმარებით დაბრუნდა 22,862 მოქალაქე, ხოლო ადგილზე დახმარება გაეწია 23, 296 თანამემამულეს.