ვლადიმერ კონსტანტინიდის განცხადებით თანამემამულეები საჭიროების შემთხვევაში დახმარებისთვის კვლავ მიმართავენ საკონსულოებსა და საელჩოებს

0
949

 „თანამემამულეთა დიდი ნაწილი დარწმუნებულია, რომ განმეორებითი საჭიროების შემთხვევაში დახმარებისთვის კვლავ მიმართავენ საკონსულო დაწესებულებებსა და საელჩოებს. ეს ყველაფერი ცხადყოფს, რომ საგრძნობლად არის გაზრდილი ნდობის მაჩვენებელი. პანდემიამ კიდევ ერთხელ გაუმყარა ჩვენს მოქალაქეებს ნდობა სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ, ხოლო სხვადასხვა ქვეყნის მთავრობებს, გვაჩვენა რომ საჭიროა ერთიანი მუშაობა ახალ გამოწვევებთან გასამკლავებლად უმთავრესი პრინციპით – უზენაესი იყოს ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დაცვა“-განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ვლადიმერ კონსტანტინიდმა.

 მინისტრის მოადგილემ ისაუბრა ვირუსის გავრცელების საწყის ეტაპზე, სახელმწიფოს მიერ შემუშავებული ყველა იმ კრიტერიუმების შესახებ, რომლის მიხედვითაც ხდებოდა საზღვარგარეთ, საქართველოს მოქალაქეებისთვის დახმარების აღმოჩენა. „უცხოეთში მყოფი ჩვენი თანამემამულეებისთვის პანდემიის დროს წარმოქმნილი პრობლემები არაერთგვაროვანი იყო. იქნება ეს საცხოვრებლით და საკვებით, პირველადი მოხმარების ნივთებით, სამედიცინო დახმარებითა და მედიკამენტებით უზრუნველყოფა, გადაადგილებაში დახმარება, სამართლებრივი და ტექნიკური ხასიათის დახმარება, ხშირად, სამგზავრო ბილეთით უზრუნველყოფა; ასევე იყო შემთხვევები, როდესაც მოქალაქეებს დავეხმარეთ სამსახურის მოძიებაში. საქართველოს გამოცდილება ამ მხრივ მართლაც შთამბეჭდავია“. -ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.