საქართველოს მთავრობის მიერ ბიზნეს იდეების დაფინანსების პროგრამა იწყება

0
1624

სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის საგრანტო პროგრამაზე ბიზნესიდეების მიღება დაიწყო.

პროგრამის ფარგლებში, ნებისმიერ სრულწლოვან მოქალაქეს ეძლევა შესაძლებლობა საკუთარი ბიზნესიდეა აქციოს წარმატებულ საქმიანობად, ან განავითაროს არსებული ბიზნესი.

სააგენტოს ინფორმაციით, ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროგრამის ბიუჯეტი 40 მილიონ ლარამდე გაიზარდა და საგრანტო პროგრამის გრანტის მოცულობის ზედა ზღვარი 30 000 ლარი გახდა. პროგრამაში გამარჯვებული მეწარმეების თანამონაწილეობის თანხა კი 20%-ის ნაცვლად 10%-ია, მაღალმთიან რეგიონებში კი, 5%. მნიშვნელოვანია, რომ პროგრამის სამიზნე ტერიტორიულ ერთეულებს ემატება თბილისი.

განსხვავებულად განისაზღვრება თანამონაწილეობის წილიც – პროგრამის არსებული ბენეფიციარის მიერ პროგრამაში თანამონაწილეობის წილი განისაზღვრება დაფინანსების თანხის არანაკლებ 25 პროცენტით, 15%-ით კი მაღალმთიან რეგიონებში.

„აღსანიშნავია ისიც, რომ პროგრამის ფარგლებში განიხილება ნებისმიერი ეკონომიკური საქმიანობა, გარდა სოფლის მეურნეობის პირველადი პროდუქციის წარმოებისა და სოფლის მეურნეობის პირველად წარმოებასთან დაკავშირებული მომსახურებებისა.

პროგრამა მიზნად ისახავს მიკრო და მცირე ბიზნესის განვითარებას, თანამედროვე სამეწარმეო კულტურის დამკვიდრებისა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას. ასევე, პროგრამა ხელს შეუწყობს ახალი კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული უარყოფითი ეკონომიკური გავლენის შემცირებასაც“, – აცხადებენ სააგენტო „აწარმოე საქართველოში“.

პროგრამის ფარგლებში უკვე მხარდაჭერილია 6 212 პროექტი, რომელთა ჯამური ინვესტიცია 61 მლნ ლარზე მეტია. ბიზნესიდეების მიღება გაგრძელდება 18 ოქტომბრის ჩათვლით.