მე ემიგრანტების იმედი ყოველთვის მქონდა-თაკო მელიქიშვილი

0
1345

თაკო მელიქიშვილის 4 წლის შვილს მოტორული უნარების განვითარების შეფერხება აქვს. რატი არ მეტყველებს. როგორც მომღერალი და რადიოწამყვანი ამბობს, შვილი ერთი წლის წინ თურქეთში ჰყავდა კონსულტაციაზე, სადაც მედიკამენტოზური მკურნალობა და სხვადასხვა თერაპიული აქტივობა დაუნიშნეს.
მარტოხელა დედა აქამდე შვილის ჯანმრთელობაზე ზრუნვას დამოუკიდებლად ართმევდა თავს, ახლა უკვე ეს აღარ შეუძლია. როგორც “პრაიმტაიმთან” ამბობს, პანდემიის შემდეგ ფინანსურად ძალზედ გაუჭირდა.

17 წელია რადიო “არ დაიდარდოს” წამყვანია. მღერის თინეიჯერობის ასაკიდან. რეგულაციებიდან გამომდინარე რესტორნებთან ძველებურად ვეღარ თანამშრომლობს. უცხოეთშიც ვეღარ დადის კონცერტების ჩასატარებლად.

თაკო მელიქიშვილი: – რატის ქცევის, მოტორიკის ვარჯიშები ესაჭიროვება, ასევე წყლის თერაპიაც. თერაპიის კურსის გავლის ხანგრძლივობა ინდივიდულურია. ეს იმაზეა დამოკიდებული, ბავშვი როგორ დაძლევს და რამდენად გამოგვყვება. დიაგნოზი სხვადასხვაა. დაიბადა დღენაკლული, 32 კვირის. რეანიმაციაში იწვა, ძალიან ცუდად იყო. უკეთდებოდა ანტიბიოტიკები. ექიმებმა მაშინვე მითხრეს, რომ ასაკის მატებასთან ერთად შეიძლებოდა პრობლემებს ეჩინა თავი. კონკრეტულად რა პრობლემა იქნებოდა, ეს არ იცოდნენ. დამატებითი გამოკვლევებისთვის თურქეთში წავედით. ოპერაციას არ საჭიროებს, თუმცა მედიკამენტებთან ერთად თერაპიებია საჭირო. კოვიდპანდემიამდე ამ ყველაფერს საკუთარი სახსრებით ვახერხებდი. ჩემი პრობლემა მხოლოდ ახლო წრეებმა იცოდნენ. სამსახურის იქით თუ რა სანერვიულო მაქვს, ეს მხოლოდ მეგობრებმა იცოდნენ. ბევრს უკვირდა ისიც, როგორ შემეძლო ეს ყველაფერი დამემალა და მარტო გავმკლავებოდი. მინდოდა ჩემი პრობლემა თვითონ მომეგვარებინა და არავისთვის არ მეთხოვა დახმარება. ჩემი შვილის პრობლემაზე ასე საჯაროდ არც ვისაუბრებდი, ჩემს ცხოვრებაში რომ ეს მომენტი არ დამდგარიყო. მივხვდი, რომ უკვე ვეღარ შევძლებ რატის თერაპიების საფასურის გადახდას. არ მინდოდა ჩემი უსახსრობის გამო რატის ჯანმრთელობაზე ზრუნვა დამეპაუზებინა. თითოეული თერაპია მნიშვნელოვანია და ყოველდღიურად უტარდება. მთელ თვეზე თუ გადავითვლით, იაფი არ ჯდება. წელი და ორი წელი რომ დავაგვიანო, შეიძლება მერე უფრო გაჭირდეს პრობლემის მოგვარება. რატის მხოლოდ საუბრის პრობლემა არ აქვს, ზოგადი ჩამორჩენა აქვს. ადეკვატური რეაგირებები – კომუნიკაცია, თვალის კონტაქტი, ემოცია – ზოგჯერ აქვს, ზოგჯერ – არა.

თაკო, ამდენი პრობლემა გამოწვეულია იმ ძლიერი ანტიბიოტიკებისგან, რაც ახალშობილ რატის გაუკეთდა?

– პასუხი ექიმებსაც არ აქვთ. მე პირველ რიგში საკუთარ თავს ვიდანაშაულებ. ორსულობის დროს ძალიან გადატვირთული ვიყავი. თუმცა მეუბნებიან, რომ ამის ბრალი არ შეიძლება იყოს. ბევრი ქალი ორსულობის ბოლო მომენტამდე მუშაობს. ყველაფერი მაინც ინდივიდუალურია. დაბადებამდე ერთი კვირით ადრე იერუსალიმში ვიყავი, წმინდა მიწაზე მოვილოცე. მანამდე კვიპროსზე, გემზე, სამი კონცერტი წავიყვანე და თან ვმღეროდი. ჩამოვედი და ერთ კვირაში ნაადრევი მშობიარობით გავაჩინე. რეანიმაციაში რომ იწვა, მე მჯეროდა, რომ გამოკეთდებოდა. ისეთ ადგილას მოვილოცე, შეუძლებელი იყო არ გადარჩენილიყო. ყველაფერი უფლის ნებაა. ზოგადად განსაცდელი იმის მიხედვით მოგვეცემა, რამდენად შევძლებთ მის ატანას.

მე მჯერა და მწამს, რომ რატიც შეძლებს დაძლიოს ეს სირთულეები. პირველ რიგში დედამ უნდა იწამოს, რომ შვილი გამოჯანმრთელდება. მე მაქვს იმედი, რომ დავძლევთ.

ბევრი მწერს, რა ჰქვია ნათლობის სახელი, რომ ლოცვებში მოვიხსენიოთო. ნათლობის სახელიც რატია. ბევრი ადამიანის გვერდში დგომა ვიგრძენი.მადლობა ყველას, ვინც გვერდით დამიდგა. მადლობა ყველა კოლეგას, ჟურნალისტს, ნებისმიერ ადამიანს… თაკო მელიქიშვილის ანგარიშის ნომერიაGE53BG0000000336214175GEL