საბერძნეთში იხსნება შესაძლებლობა მეტი ემიგრანტი დასაქმდეს უფრო მაღალ ანაზღაურებად ვაკანსიებზე – ავთანდილ გიუნაშვილის შეფასება მართვის მოწმობების აღიარებასთან დაკავშირებით.

0
2756

დოკუმენტების სერვისების სააგენტოს ხელმძღვანელის და საბერძნეთში ქართველი ემიგრანტების უფლებადამცველის ავთანდილ გიუნაშვილის შეფასებით საბერძნეთის პარლამენტის მიერ საქართველოს მართვის მოწმობების აღიარების რატიფიცირების გადაწყვეტილებით საბერძნეთში იხსნება შესაძლებლობა უფრო მეტი ემიგრანტი დასაქმდეს უფრო მაღალ ანაზღაურებად ვაკანსიებზე .

ავთანდილ გიუნაშვილის განცხადებით : ,,2025 წლის 8 აპრილიდან საბერძნეთში მცხოვრებ ქართველ ემიგრანტებს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი შესაძლებლობა გაუჩნდათ, რომელიც ათასობით ჩვენს თანამემამულეს მისცემს უმნიშვნელოვანეს სოციალურ ბენეფიტს , დღეიდან იხსნება შესაძლებლობა საბერძნეთში მეტი მათგანი დასაქმდეს უფრო მაღალ ანაზღაურებად ვაკანსიებზე, მეტმა მათგანმა შეძლოს იპოვოს ლეგალური და ღირსეული პირობებით გარანტირებული სამუშაო და მიიღოს ყველა ის პრივილეგია რაც თავად ევროკავშირის წევრი ქვეყნების მოქალაქეებს გააჩნიათ საბერძნეთში. მისი შეფასებით – საბერძნეთის პარლამენტში ხმათა უმრავლესობით მიღებულია გადაწყვეტილება „საქართველოსა და საბერძნეთის რესპუბლიკას შორის ეროვნული მართვის მოწმობების ურთიერთაღიარებისა და გადაცვლის შესახებ” .

რატიფიცირებული ხელშეკრულება საქართველოს მოქალქეებს უფლებას აძლევს თეორიული ან პრაქტიკული გამოცდის ჩაბარების გარეშე გადაცვალონ თანაბარი ძალის მქონე მართვის მოწმობა საბერძნეთში, დამატებით დოკუმენტაციასთან ერთად ( მაგალითად ბინადრობის ნებართვა, ცნობა ნასამართლეობის შესახებ და ა.შ. )

ავთანდილ გიუნაშვილის შეფასებით ,, საგულისხმოა რომ რატიფიცირებას წინ უსწრებდა არაერთი შეხვედრა და კონსულტაცია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მხრიდან და საქართველოს შსს-ს მინისტრის ვახტანგ გომელაურის ვიზიტი, რომლის ფარგლებშიც საბერძნეთის მთავრობასთან 2024 წლის 26 სექტემბერს გაფორმდა ხელშეკრულება. დღეს კი , საბერძნეთის პარლამენტის მხრიდან მიღებული გადაწყვეტილება გამორჩეული და მრავალმხრივ მნიშნელოვანი განაცხადია საქართველოსა და საბერძნეთის ურთიერთმეგობრობის და ჩვენს ორ ერს შორის პოლიტიკური თუ დიპლომატიური ურთიერთობების ისტორიაში , რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს საბერძნეთის მხრიდან საქართველოს და ქართველი ხალხისადმი განსაკუთრებულ მეგობრულ დამოკიდებულებას და ნამდვილად იმსახურებს გულწრფელ მადლიერებას საქართველოს ბერძენი მეგობრების მიმართ – განაცხადა ავთანდილ გიუნაშვილმა .