2025 წლის 28 აპრილს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ვლადიმერ კონსტანტინიდიმ, თესალონიკში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრა გამართა მაკოდონია-თრაკიიის საკითხებში საბერძნეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილესთან, კონსანტინოს გიულეკასთან.შეხვედრის ფარგლებში ქვეყნებს შორის არსებული თანამშრომლობის საკითხებზე საუბრისას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საბერძნეთში მცხოვრებ თანამემამულეებთან დაკავშირებულ საკითხებს, ხაზი გაესვა ბერძენ და ქართველ ხალხს შორის მეგობრულ ურთიერთობებს. ორმხრივი ურთიერთობების სამომავლო პერსპექტივებზე საუბრისას მხარეები შეთანხმდნენ ერთობლივი ღონისძიებების, მათ შორის ბიზნეს ფორუმების გამართვაზე, რაც ხელს შეუწყობს ქვეყნებს შორის ურთიერთობების განმტკიცებას და სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაღრმავებას.ამასთან, კონსანტინოს გიულეკასმა სტუმრებს დაათვალიერებინა მაკედონია-თრაკიის სამინისტროს შენობაში არსებული სხვადასხვა სამუზეუმო ექსპონატები და ხელნაწერები.შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ თესალონიკში საქართველოს გენერალური კონსული გელა ჯაფარიძე და საბერძნეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს თესალონიკის საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის დირექტორი, ეკატერინი ცაპიკიდუ.
26-30 აპრილს ვლადიმერ კონსტანტინიდმა ასვე თანმხლებ დელეგაციასთან ერთად საბერძნეთში ვიზიტის ფარგლებში, თესალონიკის ქართული სამრევლოს წმინდა ნიკოლოზის ტაძარში შეხვედრები გამართა ქ. თესალონიკისა და ქ. დრამის ქართულ დიასპორასთან. შეხვედრაზე ვლადიმერ კონსტანტინიდიმ დიასპორის წარმომადგენლებს გააცნო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გაწეული საქმიანობა, რომელიც მიმართულია საზღვარგარეთ ქართული დიასპორის გაძლიერებისკენ, მათ შორის აღინიშნა დიასპორის მხარდამჭერი პროგრამებისა და პროექტების განხორციელების მნიშვნელობა, ასევე ყურადღება გამახვილდა მთავარ მიზნებსა და სამომავლო ამოცანებზე.ამასთან, საქართველოს პარლამენტის დიასპორის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ზარქუამ დიასპორის წარმომადგენლებს დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის მიერ განხორციელებული პროექტებისა და სამომავლო გეგმების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. მან ყურადღება გაამახვილა ქართულ სახელმწიფოსა და უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებს შორის კომუნიკაციის აუცილებლობაზე.
შეხვედრები ასევე გაიმართა ათონის წმინდა მთის ქსენოფონტეს მონასტრის, ივერონის მონასტრის, ვატოპედის წმინდა მონასტრის წინამძღვრებთან და ათონის მთაზე მოღვაწე ქართველ სასულიერო პირებთან. შეხვედრებზე ხაზი გაესვა საქართველოსა და საბერძნეთს შორის არსებულ მჭიდრო თანამშრომლობას, ასევე ორი ქვეყნის მართლმადიდებელ ეკლესიებს შორის მეგობრული ურთიერთობების მნიშვნელობას.აღსანიშნავია, რომ დელეგაციის წევრებს აგრეთვე საშუალება ჰქონდათ დაეთვალიერებინათ ივერონის მონასტრის მუზეუმი, სადაც დაცულია თორნიკე ერისთავის აბჯარი, ოპიზის ოთხთავი და სხვა უნიკალური ქართული ხელნაწერები.დელეგაციის შემადგენლობაში არიან: საქართველოს პარლამენტის დიასპორის კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ზარქუა, დიასპორის კომიტეტის წევრი, ნოდარ ტურძელაძე, თესალონიკში საქართველოს გენერალური კონსული გელა ჯაფარიძე, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები და საქართველოს საპატრიარქოს სასულიერო აკადემიის პროფესორი, გიორგი ანდრიაძე.