„რატომ არ მსურს სამედიცინო პრაქტიკა საქართველოში…“-ზურაბ გურული აშშ-ში მოღვაწე ქართველი ექიმი

0
17861

აშშ-ში მომუშავე ქართველი ექიმი, ზურაბ გურული წერს, რატომ არ სურს საქართველოში სამედიცინო პრაქტიკა. ზურაბ გურული პოლიტიკურ პარალელს ავლებს საკუთარ სტატუსში და აღნიშნავს: „ძალიან ხშირად მეკითხებიან საჯაროდ, თუ რატომ არ მსურს საქართველოში კლინიკურ საქმიანობაში მონაწილეობა, მიუხედავად იმისა, რომ 2011 წელს, საქართველოს მთავრობისა და ჯანდაცვის სამინისტროს მაშინდელი ხელმძღვანელობის ძალისხმევით, ამერიკასა და მსოფლიოს სხვა მოწინავე ქვეყნებში სპეციალობით მომუშავე ქართველ ექიმებს უპრობლემოდ გადაეცათ ქართული ლიცენზიები. ვცდილობ, პასუხს ზრდილობიანად ავარიდო თავი, რადგან უბრალოდ მეუხერხულება იმის თქმა, რომ მეშინია. დიახ! მეშინია!“, წერს ექიმი და დასძენს, რომ ეშინია იმის გამო, რომ საქართველო სამართლებრივი პარადოქსების ქვეყანაა და ეს ყველაფერი ექიმებსაც უკავშირდება:

„თავად ქართველი ექიმებისათვისაც არ არსებობს ნორმალური კანონმდებლობა და დამცავი მექანიზმები, რომლებიც მათ ერთი მხრივ, მათი ჩაქოლვის მოსურნე გავეშებული ბრბოსაგან დაიცავს და მეორე მხრივ, არასამართლებრივი და პრიმიტიული ინსტიქტებით მოქმედი სახელმწიფოსაგან.

წლებია უკვე ანესთეზიოლოგია-რეანიმაციისა და ქირურგიის დეპარტამენტებს ვხელმძღვანელობ ამერიკის შეერთებული შტატების ფედერალურ სამედიცინო სისტემაში და არაერთი კლინიკური შეცდომის გამოძიებაში მიმიღია მონაწილეობა. ამერიკაში ყოველწლიურად 44 ათასიდან 98 ათასამდე პაციენტი იღუპება სამედიცინო შეცდომების გამო. კიდევ უფრო მეტი სერიოზულ ზიანს იღებს. თვალსაჩინო მაგალითისათვის მსოფლიოს წამყვან კლინიკაში, ჯონს ჰოპკინსში მომხდარი უბედური შემთხვევის გახსენებაც კმარა ალბათ, სადაც პატარა გოგონა დეჰიდრატაციით დაიღუპა ექთნებსა და ექიმებს შორის არასრულყოფილი კომუნიკაციის გამო. ამ შემთხვევას ჩემი კოლეგა, ცნობილი ანესთეზიოლოგი პიტერ პრონოვოსტი იძიებდა. „პატარა ჯოზი დაიღუპა მსოფლიოს განუვითარებელ ქვეყნებში გავრცელებული პრობლემის, დეჰიდრატაციის გამო; დაიღუპა მსოფლიოს საუკეთესო კლინიკაში“ – განაცხადა პრონოვოსტმა ოფიციალურ ინტერვიუში.

დღეს, როდესაც მოვისმინე ისტორია პატარა პაციენტის სხეულში ჩარჩენილი ტამპონის შესახებ და შემდეგ გავიგე, რომ ამ ისტორიის გამო სისხლის სამართლის საქმე აღიძრა, უბრალოდ შევძრწუნდი. კიდევ ერთხელ გავაცნობიერე, რომ ქვეყანაში არც კანონმდებლობა არსებობს, და არც პროფესიული საქმიანობის დამცავი მექანიზმები, ისევე, როგორც პაციენტთა უფლებების დამცველი სისტემა.

ქირურგიულ ოპერაციაში მონაწილეობს საოპერაციოს გუნდი. ქირურგი კონცენტრირებულია თავად ოპერაციაზე. დამხმარე ექთნების გუნდი ვალდებულია, დაწვრილებით აღრიცხოს ყველა ინსტრუმენტი და ტამპონი როგორც ოპერაციის წინ, ასევე დამთავრების შემდეგ და მოახსენოს ქირურგს, რომ თვლა სწორია და ჭრილობის დახურვა შეიძლება დაიწყოს. მიუხედავად ამისა, მაინც შესაძლებელია შეცდომა, რადგან შეცდომა ადამიანის თვისებაა და საოპერაციოშიც ადამიანები მუშაობენ. ზემოაღნიშნული შემთხვევა მსოფლიოს ნებისმიერ წამყვან კლინიკაში შეიძლება მოხდეს და ხდება. როგორ ფიქრობთ, სახელმწიფო სისხლის სამართლის საქმეებს აღძრავს ასეთ შემთხვევებში? მაშინ ხომ ქირურგების ნახევარს ციხეებში მოუწევდა ყურყუტი წლებით და არც არავინ მოკიდებდა ხელს ამ უაღრესად სარისკო და ჯანმრთელობისათვის უაღრესად მავნე სპეციალობას ხელს. ასეთი შემთხვევები ეხმარება მსოფლიოს წამყვან კლინიკებს, რომ შეიმუშავაონ ახალი პროტოკოლები; გააუმჯობესონ კონტროლი საოპერაციო ინვენტარის აღრიცხვაზე და ა.შ. და ა.შ. პაციენტს კი პატიოსნად უმხელენ შეცდომას და მას აქვს უფლება, მოითხოვოს მორალური და მატერიალური ზარალის ანაზღაურება; რასაც ექიმის ან კლინიკის სადაზღვევო კომპანია იხდის.

ასე ხდება ცივილიზებულ ქვეყნებში.

მე არ ვიცი იმ ფრანგი ექიმის სახელი და გვარი, რომელმაც პაციენტს ასეთი დამცინავი ტონით აუწყა უნიკალურად ჩატარებული უაღრესად რთული ოპერაციის დროს მომხდარი სამედიცინო შეცდომის შესახებ. რომ ვიცოდე, სიამოვნებით გავესაუბრებოდი პირადად და ვაცნობებდი, რომ მისი დაუფიქრებელი სიტყვები სისხლის სამართლის საქმის აღძვრის მიზეზი გახდა კოლეგის წინაღმდეგ და იმასაც ვეტყოდი, რომ საოცრად არაპროფესიონალური ქცევაა კოლეგის დამსახურების არასათანადო აღიარება. რომ არა საქართველოში წარმატებულად ჩატარებული ოპერაცია, პაციენტი ცოცხალი არ იქნებოდა დღეს. დარწმუნებული ვარ, გაოცდება და ძალიანაც ინანებს თავის სიტყვებს, თუკი მართლაც ის თქვა, რაც გვაცნობეს.

და ბოლოს, პატივცემულო ჯანდაცვის სამინისტროვ და საქართველოს იურისტებო, ნუთუ არ გრცხვენიათ იმისი რაც ხდება?

ხომ ხედავთ, რომ საქართველოს ახალგაზრდა ექიმების კვინტესენცია ქვეყანაში დარჩენას არ აპირებს და სამუდამოდ მიემგზავრება საზღვარგარეთ. რატომ აკეთებთ ამას შეგნებულად?

მე ნამდვილად არ შემიძლია, დღეს თვალი გავუსწორო საქართველოში მყოფ ჩემს ახალგაზრდა კოლეგას და ვუთხრა, რომ მისი ჯანმრთელობისათვის და კარიერული წარმატებისათვის სამშობლოში არის საკმარისი პირობები. არ შემიძლია, იმიტომ რომ ეს იქნება წმინდა წყლის სიცრუე!“