ემიგრანტ ასმათ გოგოლაშვილის ინფორმაციით ისრაელში გარდაცვლილმა ემიგრანტმა უსაფრთხოების ნორმები ვერ დაიცვა.

0
3113

როგორც მითხრეს, ბიჭმა ხორცსაკეპთან ხელი ზედმეტად ახლოს მიიტანა, რაც დაუშვებელი იყო, – ამის შესახებ „კვირის პალიტრას“ ისრაელში მცხოვრებმა ქართველმა ემიგრანტმა ასმათ გოგოლაშვილმა განუცხადა.

“ხოლონში იმდენი ქართველია სამუშაოდ ჩამოსული, მგონი, საქართველოში აღარ ცხოვრობს ამდენი… ამ ხალხიდან ზოგი სახლებს ალაგებს, ზოგიც მოხუცებს უვლის, უმეტესობა კი ხორცის ქარხნებში მუშაობს. საქმე ის არის, რომ ქალაქში საკმაოდ ბევრი ხორცის ქარხანაა, შესაბამისად, იქ მოწყობაც შედარებით უფრო ადვილია. ასე რომ, ქარხანაში დასაქმებულ ერთ ქართველს, სხვა ახლობელი მიჰყავს სამუშაოდ“, – აღნიშნა ასმათ გოგოლაშვილმა.

რაც შეეხება გარდაცვლილის ისრაელში არალეგალურად ცხოვრებასთან დაკავშირებულ კითხვას, ასმათ გოგოლაშვილმა განაცხადა, რომ ქართველების უმეტესობა ასე ცხოვრობს.

“ისრაელის სახელმწიფო გამართულად მუშაობს. უბედურება თავად, ჩვენი – ქართველების ყოფაშია, მსგავს დანადგართან ადამიანი ისე უნდა დადგეს, რომ მასთან მუშაობისა და უსაფრთხოების წესები კარგად იცოდეს. ჩვენ კი ოღონდაც სამუშაო ვიშოვოთ და უსაფრთხოებას ვინღა დაეძებს! როგორც მითხრეს, ბიჭმა ხორცსაკეპთან ხელი ზედმეტად ახლოს მიიტანა, რაც დაუშვებელი იყო. იმ წერტილიდან, ხორცსაკეპი ხორცის შეწოვას იწყებს. ჩათრეულმა ხელმა მთელი სხეული მიიყოლა. ამ დროს ადამიანის გადარჩენა ყოვლად შეუძლებელია. მანქანა მაქსიმალურად მოკლე დროში გააჩერეს, ქარხანაც გაჩერდა, მაგრამ ყველაფერი უკვე გვიან იყო”, – განაცხადა ასმათ გოგოლაშვილმა.

უბედური შემთხვევა ისრაელის ქალაქ ხოლონში გუშინ მოხდა. ხორცის ქარხანაში საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა. მას ხორცსაკეპ მანქანაში ხელი ჩაჰყვა, რის შემდეგაც მთელი ტანით ჩაითრია. გარდაცვლილი ემიგრანტის გადმოსვენებაზე ისრაელში საქართველოს საელჩო უკვე მუშაობს.