ისრაელში საქართველოს ელჩის პაატა კალანდაძის წარდგენის საფუძველზე ლია კრიხელს ,,ღირსების ორდენი” გადაეცა

0
1740

ისრაელში საქართველოს საელჩოს ცნობით ა.წ. 5 დეკემბერს, 13:00 საათზე საქართველოს საელჩოს წილად ხვდა ბედნიერება, შეესრულებინა მნიშვნელობით ერთი მეტად აღსანიშნავი და ალბათ ერთ-ერთი ყველაზე სასიამოვნო მისია – ღირსეული, ღვაწლმოსილი ადამიანისთვის საქართველოს პრეზიდენტის მიერ მინიჭებული „ღირსების ორდენის“ გადაცემის ექსკლუზიური მისია. განსაკუთრებით სასიამოვნოა ეს ფაქტი ისრაელში საქართველოს სრულუფლებიანი ელჩისთვის, ბატონი პაატა კალანდაძისთვის, ვინაიდან სწორედ მან წარუდგინა საქართველოს პრეზიდენტის პრემიების მიმნიჭებელ კომისიას, საქართველო-ისრაელის ურთიერთობებისა და თანმშრომლობის გაღრმავებისა და გაძლიერების საქმეში შეტანილი წვლილისთვის ღირსების ორდენზე, პედაგოგისა და ჭეშმარიტი საზოგადო მოღვაწის, ქალბატონი ლია კრიხელის კანდიდატურა. ქართველ ებრაელთა თემისთვის და ქალბატონი ლიას მოღვაწეობის სფეროს წარმომადგენელთა, ასევე, ისრაელის, განსაკუთრებით კი ქალაქი ბათ-იამის საგანმანათლებლო წრეებში ქალბატონ ლიას დიდი ხანია საზოგადო მოღვაწეს უწოდებენ და დამსახურებულად ამაყობენ მისი მიღწევები საქართველოში, ივრითის შემსწავლელი პირველი „ულპანის“ დამაარსებელი ლიანა კრიხელი, თავისი საქმითა და ცოდნით სახელმოხვეჭილ საქართველოს ქალთა საბჭოს ისრაელის წარმომადგენელია. აღსანიშნავია, რომ თვალსაჩინო საქველმოქმედო საქმიანობისათვის ქალთა საბჭომ იგი 2015 წელს პრემიით „ამაგდარი“, ხოლო 2016 წელს – პრემიით „ქომაგი“ დააჯილდოვა. ისრაელში განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს მისი, როგორც აღნიშნავენ, უნიკალური პროექტი „გაიცანით თქვენი შვილები“, რომელიც ემსახურება ისრაელში დაბადებულ და გაზრდილ ქართველ ებრაელთა ახალი თაობის მიღწევების წარმოჩენას და პოპულარიზაციას. არანაკლები პოპულარობით სარგებლობს ლია კრიხელის მიერ ქ. ბათ-იამში დაარსებული თანამოაზრე ქალთა გაერთიანება „ბათ-ამი“ და ბათ-იამის მერიასთან არსებული ივრითის შემსწავლელი კურსები „50+“.
საელჩოში ჩატარებულმა დაჯილდოების ცერემონიალმა, რომელსაც 30-მდე სტუმარი დაესწრო, კიდევ ერთხელ ცხადყო ქართველებსა და ებრაელებს შორის არსებული 26 საუკუნოვანი, შეურყეველი მეგობრობა.
საქართველოს საელჩო ულოცავს ქალბატონ ლია კრიხელს დამსახურებულ ჯილდოს და მას შემდგომ წარმატებებს უსურვებს! – ნათქვამია საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.