Deutsche Welle ანგელა მერკელის საქართველოში მიგრაციის საკითხზე გაკეთებულ განცხადებებზე სტატიას აქვეყნებს

0
2018

გერმანული სამაუწყებლო კომპანია „დოიჩე ველე“ ანგელა მერკელის საქართველოში ვიზიტისას თავშესაფრის მაძიებლების საკითხზე ამახვილებს ყურადღებას. „საქართველოდან ჩასული მიგრანტების რიცხვის ზრდის შემდეგ, კანცლერმა ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ გერმანია მალე საქართველოს უსაფრთხო ქვეყნის სტატუსს მიანიჭებს. ეს კომენტარი გაკეთდა საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან დედაქალაქ თბილისში გამართული შეხვედრის შემდეგ, საიდანაც მერკელმა სამხრეთ კავკასიის რეგიონში თავისი სამდღიანი ტურნე დაიწყო. მერკელმა აღნიშნა, რომ მას შემდეგ, რაც ევროკავშირმა ქართველებისთვის სავიზო რეჟიმი შეამსუბუქა, გერმანიაში გაიზარდა ამ ქვეყნიდან თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვი. საქართველოს უსაფრთხო ქვეყნად აღიარების გადაწყვეტილების გამო, ქართველი თავშესაფრის მაძიებლების გერმანიაში ლტოლვილებად აღიარება უფრო გართულდება. ეს ასევე გაუმარტივებს ბერლინს იმ აპლიკანტების დაბრუნებას, რომლებსაც თავშესაფარზე უარი ეთქვათ“, – წერს „დოიჩე ველე“.

  მიგრაციისა და ლტოლვილთა საკითხებზე მომუშავე ფედერალური ოფისის მონაცემებით, მიმდინარე წლის იანვარ-ივლისის პერიოდში გერმანიაში თავშესაფარი საქართველოს 2625 ადამიანმა მოითხოვა, რაც მიმდინარე წელს საერთო აპლიკანტების რაოდენობის 2,7 პროცენტია.