თბილისში უნგრეთის კულტურის დღეები გაიმართა

0
1438

5 დეკემბერს, უნგრეთის კულტურის დღეები კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში, უნგრული ეროვნული ცეკვების გალა-კონცერტით დაიხურა. ღონისძიებას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე და უნგრეთის კულტურის სახელმწიფო მინისტრი პიტერ ჰოპალი დაესწრნენ.
 
კონცერტში მონაწილეობდა ადგილობრივი ანსამბლი „კაშკაშა მზე“, რომელიც მაყურებლის წინაშე ეროვნული ცეკვებით წარდგა. წარმოდგენას მუსიკალურად აფორმებდა უნგრეთში ყველაზე პოპულარული ვოკალური ანსამბლი – წმინდა ეფრემის მომღერალ ვაჟთა გუნდი, ასევე, სხვა მოწვეული შემსრულებლები: ბორი ბუშაი, ზოლტან მაკულა, მარჩი და იულჩი ჰარასტი, შანდორ ურმუშ უმცროსი. (მუსიკალური პროდიუსერი: პალ იშტვან სალონნა; ქორეოგრაფი: გაბორ მიჰაი).

უნგრეთის კულტურის დღეები თბილისში 4-5 დეკემბერს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და საქართველოში უნგრეთის საელჩოს ორგანიზებით ტარდება.
 
2 დღის განმავლობაში, მსურველებს საშუალება ეძლევათ, გაეცნონ უნგრეთის ტრადიციულ ფოკლორს და სხვადასხვა, თანამედროვე თუ უნგრელი კლასიკოსი მხატვრების ნამუშევრებს. ხელოვნების სასახლეში, ცნობილი უნგრელი ფერმწერისა და გრაფიკოსის – მიხაი ზიჩის ნამუშევრები გამოიფინება – წარმოდგენილი ექსპოზიცია კიდევ ერთხელ მოწმობს, უძველესი დროიდან, კავკასიაში საქართველოსა და უნგრეთის მეგობრობას.
 
2017 წელს, თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის საპატიო სტატუსის მქონე მონაწილე ქვეყანა, სწორედ უნგრეთია. კინომოყვარულებს შესაძლებლობა ექნებათ, თბილისის კინოთეატრებში იხილონ ბოლო დროის საუკეთესო უნგრული ფილმები, მათ შორის, 2016 წლის ოსკარის გამარჯვებული “საულის ვაჟი” და ამავე წლის ბერლინის ფილმების ფესტივალის გამარჯვებული “სულისა და ხორცის შესახებ“.
 
უნგრეთის კულტურის დღეების ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებები, 2 ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლის იუბილეს ეძღვნება.