გერმანია საქართველოდან თავშესაფრის მაძიებლებს არ მიიღებს

0
918
აქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი გერმანიის მიგრაციისა და ლტოლვილთა ფედერალური სამსახურის ვიცე-პრეზიდენტს, ანდრეა შუმახერს შეხვდა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრის ფარგლებში დადებითად შეფასდა გერმანიასა და საქართველოს შორის არსებული დინამიური ორმხრივი თანამშრომლობა.
ქართულმა მხარემ ხაზგასმით აღნიშნა გერმანიის განსაკუთრებული როლი საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში. მხარეებმა შეხვედრაზე ისაუბრეს უვიზო რეჟიმის არამიზნობრივი და არაკეთილსინდისიერი გამოყენებით წარმოქმნილ სირთულეებზე, განსაკუთრებით, საქართველოდან გერმანიაში თავშესაფრის მაძიებელთა გაზრდილი რაოდენობის კონტექსტში. ცალსახად აღინიშნა, რომ საქართველო მიჩნეულია უსაფრთხო წარმოშობის ქვეყნად და აქედან გამომდინარე, საქართველოს მოქალაქეების მიერ გაკეთებული განაცხადების დიდი უმრავლესობა არ კმაყოფილდება. შეხვედრაზე ქართული მხარის მიერ აღინიშნა, რომ თავშესაფრის სისტემის არაკეთილსინდისიერად გამოყენების წინააღმდეგ საბრძოლველად საქართველო აქტიურად თანამშრომლობს ევროკომისიასთან და ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან ერთობლივი ღონისძიებების დაგეგმვის მიზნით.
შეხვედრის დასასრულს, მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქართველოსა და გერმანიას შორის გაგრძელდება მჭიდრო და ინტენსიური თანამშრომლობა მიგრაციასთან დაკავშირებულ საკითხებზე.
ავტორი: ჟანა მეგრელიშვილი