ევროკავშირის საბჭოს ანგარიშში – საქართველოს მიერ გატარებული რეფორმები დადებითად შეფასდა

0
925

ევროკავშირის საბჭომ 2018 წელს მსოფლიოში ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ ევროკავშირის ანგარიში დაამტკიცა, რომელშიც დადებითად არის შეფასებული საქართველოს მიერ გატარებული რეფორმები, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

საგარეო უწყების ცნობით, დოკუმენტში ხაზგასმულია საქართველოს მონაწილეობა ევროკავშირის ინიციატივაში Good Human Rights Stories, რომლის ოფიციალური წარდგენა 2018 წელს, გაერო-ს გენერალური ასამბლეის 73-ე სესიის გენერალური დებატების კვირეულის ფარგლებში მოხდა და, რომელიც მიზნად ისახავს ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში საუკეთესო გამოცდილების გაზიარებას, სადაც საქართველო წარმოდგენილი იყო მსოფლიოს 13 ქვეყანას შორის, როგორც ერთ-ერთი საუკეთესო.

„დოკუმენტში დადებითად არის შეფასებული საქართველოს მიერ ადამიანის უფლებების დაცვის განმტკიცების მხრივ გადადგმული კონკრეტული ღონისძიებები. მათ შორის, აღნიშნულია შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტი, რომელიც 2018 წელს დაარსდა და მიზნად ისახავს სხვადასხვა სახის დანაშაულის, მათ შორის არასრულწლოვანთა მიერ და მათ მიმართ ჩადენილი დანაშაულის ფაქტებზე მიმდინარე გამოძიებისა და ადმინისტრაციული საქმის წარმოების მონიტორინგის განხორციელებას. დოკუმენტი ასევე ხაზს უსვამს ტერორიზმთან ბრძოლაში ევროკავშირის წარმატებულ თანამშრომლობას სხვადასხვა ქვეყანასთან, მათ შორის საქართველოსთან“, – ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. ამასთან, უწყება აღნიშნავს, რომ ბავშვთა უფლებებთან დაკავშირებით, ანგარიშში ხაზგასმულია, ევროკავშირის მხარდაჭერით, საქართველოში არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების რეფორმები, მათ შორის არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის იმპლემენტაცია.

ევროკავშირის ანგარიში აღნიშნავს ბავშვთა ინდივიდუალური საჭიროებების შეფასების სისტემის დანერგვას, რაც პროკურორებსა და მოსამართლეებს ბავშვთა საუკეთესო ინტერესების დაცვით გადაწყვეტილების მიღებაში ეხმარება. ამასთან, აღნიშნულია, რომ არასრულწლოვანთა მიმართ გამოიყენება სასჯელის მოხდის ინდივიდუალური დაგეგმვა და პატიმრობის ისეთი ალტერნატიული ფორმა, როგორიც არის შინაპატიმრობა.

დემოკრატიული მმართველობის კონტექსტში, ანგარიშში აღნიშნულია „პოლიტიკური პარტიების გაძლიერებისათვის“ ევროკავშირის საპილოტე პროგრამის წარმატებული განხორციელება მსოფლიოს რიგ ქვეყნებში, მათ შორის საქართველოში. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დოკუმენტში ასევე აღნიშნულია ადამიანის უფლებათა საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის მიერ 2018 წლის მაისში განხორციელებული ვიზიტი, რომლის დროსაც გაიმართა შეხვედრები მთავრობისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან.

ავტორი:ჟანა მეგრელიშვილი