საგრეო უწყების მორიგი სკანდალი – ელჩმა სახელმწიფო საიდუმლო ინფორმაცია საჯარო გახადა

0
1445

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ევროსაბჭოში საქართველოს ყოფილი ელჩის მამუკა ჟღენტის მიერ დღეს სოციალური ქსელით გავრცელებულ განცხადებას უპასუხისმგებლოს და სახელმწიფოს ინტერესების დამაზიანებელს უწოდებს და განცხადებითვე ეხმაურება.


„საქართველოს პრეზიდენტის და მისი დელეგაციის ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ვიზიტის შესახებ ინფორმაცია კონფიდენციალურია და მისი წინასწარ გავრცელება მკაცრად იკრძალება.
განსაკუთრებით აღმაშფოთებელი და დამაფიქრებელია ის, რომ მსგავს ინფორმაციას ცინიკურ კონტექსტში ავრცელებს საქართველოს ყოფილი ელჩი ევროსაბჭოში, რომელმაც შესანიშნავად იცის კონფიდენციალური ინფორმაციის მნიშვნელობა და მასთან მოპყრობის წესები. ამგვარი განცხადების გამო, საქართველოს პრეზიდენტი და თავდაცვის სამინისტრო, სამშვიდობო მისიების უსაფრთხოების წესების თანახმად, იძულებული გახდნენ მარტში დაგეგმილი ვიზიტი გააუქმონ.
საქართველოს თავდაცვის ძალების უმაღლესი მთავარსარდალი წუხს იმის გამო, რომ ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში მარტის თვეში დაგეგმილი ვიზიტი და ქართველ ჯარისკაცებთან შეხვედრა ვერ განხორციელდება.​ შეგახსენებთ, რომ გასულ წელს პრეზიდენტი ამავე პერიოდში ესტუმრა ავღანეთში ქართულ სამხედრო მისიას“, – ნათქვამია ​საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში, რომელიც პრეზიდენტის ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.