საბერძნეთის დიასპორული ორგანიზაციების ხელმძღვანელებსა და ვლადიმერ კონსტანტინიდს შორის ონლაინ შეხვედრა შედგა

0
4151

2020 წლის 17 სექტემბერს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ვლადიმერ კონსტანტინიდმა ონლაინ ფორმატში შეხვედრა გამართა საბერძნეთის რესპუბლიკაში მოქმედი ქართული დიასპორული ორგანიზაციების ხელმძღვანელებთან და წარმომადგენლებთან.

შეხვედრაზე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ყურადღება გაამახვილა ქართული დიასპორის მნიშვნელოვან როლზე საზღვარგარეთ ეროვნული და კულტურული თვითმყოფადობის შენარჩუნების, საქართველოს  პოპულარიზაციისა და ქვეყნის პოზიტიური იმიჯის წარმოჩენის საქმეში. მან აღნიშნა, რომ დიასპორასთან ურთიერთობა საქართველოს მთავრობის და საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა. 

ვლადიმერ კონსტანტინიდმა მადლობა გადაუხადა დიასპორულ ორგანიზაციებს პანდემიის დროს რთულ მდგომარეობაში მყოფი ჩვენი ემიგრანტებისთვის გაწეული უდიდესი დახმარებისთვის. მან აღინიშნა, რომ ქართული დიასპორული ორგანიზაციები, ადგილსამყოფელ ქვეყნებში ერთიანი სულისკვეთებით გაერთიანებულნი, ცდილობდნენ  ადამიანური და მატერიალური რესურსების მაქსიმალურ მობილიზებას, თანამემამულეთა  სოციალური თუ ეკონომიკური სიძნელეების დასაძლევად. 

მინისტრის მოადგილემ დიასპორის წარმომადგენლებს, ასევე, გააცნო გლობალური პანდემიის დროს უცხოეთში მყოფი თანამემამულეების დახმარების კუთხით საქართველოს სახელმწიფოს მიერ გადადგმული ნაბიჯები. მან წარადგინა ამ მიმართულებით სამინისტროს საქმიანობის ანგარიში და ასევე საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანიის ‘JMP Strategic Solutions” მიერ ჩატარებული სოციოლოგიური კვლევის შედეგები. 

თავის მხრივ, შეხვედრაზე დიასპორული ორგანიზაციის წარმომადგენლებმა ისაუბრეს დიასპორის წინაშე არსებულ პრობლემებზე და ზოგადად, COVID-19-ით გამოწვეულ იმ სირთულეებზე,  რომლებთან გამკლავებაც უწევთ დღეს ორგანიზაციებს. დიასპორული ორგანიზაციის ხელმძღვანელებმა განსაკუთრებულად აღნიშნეს, რომ პანდემიის დროს, საბერძნეთში საქართველოს საელჩოსა და თესალონიკში გენერალური საკონსულოს მიერ და ზოგადად, საქართველოს ხელისუფლების მხრიდან საბერძნეთში მყოფი თანამემამულეებისთვის გაწეული დახმარება იყო ძალზედ მნიშვნელოვანი და ეფექტური.

შეხვედრის დასასრულს მინისტრის მოადგილემ, ვლადიმერ კონსტანტინდმა ხაზგასმით აღინიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლება  ხედავს და დიდად აფასებს უცხოეთში მოქმედი დიასპორული ორგანიზაციების  საქმიანობას. საგარეო საქმეთა სამინისტროს  პრიორიტეტია  საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების უფლებებისა და ინტერესების დაცვა; კვლავაც განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ეროვნული და კულტურული თვითმყოფადობის შენარჩუნებას და განათლების საკითხებს. გაგრძელდება საკვირაო სკოლების მხარდაჭერის პროგრამა; საკვირაო სკოლების პედაგოგების კვალიფიკაციის ამაღლებისა და მათი გადამზადების მიზნით შემუშავდება სპეციალური პროგრამა, რომლის ფარგლებში მასწავლებელთათვის გაიმართება ტრენინგები. ასევე, გაგრძელდება პოსტკრიზისულ პერიოდში ქართული დიასპორის მხარდამჭერი პროგრამების განხორციელება.  

შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დიასპორასთან ურთიერთობის დეპარტამენტის დირექტორი, მუხრან გულაღაშვილი და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საბერძნეთის რესპუბლიკაში, დავით დონდუა და ქ. თესლონიკში საკონსულო დაწესებულების ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი გოჩა გოჩაშვილი.

მსგავსი ონლაინ სამუშაო შეხვედრა, ა.წ. 14 აგვისტოს, გაიმართა იტალიაში მოქმედ ქართულ დიასპორული ორგანიზაციის ხელმძღვანელებთან და ასევე, გაგრძელდება მომავალში.  – იუწყება საგარეო საქმეთა უწყება.